26 June 2013

ამერიკელმა ექსტრემალმა დიდ კანიონზე დაზღვევის გარეშე გაიარა

23 ივნისის საღამოს ამერიკელმა ნიკ ვალენდამ დიდ კანიონზე, მდინარე კოლორადოს ხეობიდან 1 500 მეტრის სიმაღლეზე გაბმულ ტროსზე დაზღვევის გარეშე გაიარა და გინესის რეკორდი დაამყარა. 5 სანტიმეტრი სისქისა და 426.72 მეტრი სიგრძის ბაგირზე დამცავი აღჭურვილობის გარეშე გავლას 34 წლის მამაკაცმა ზუსტად 22 წუთი და 54 წამი მოანდომა. იგი მოძრაობდა ნელა და სტაბილურად და თითქმის მთელი გზის განმავლობაში ლოცვებს იმეორებდა. უკანასკნელი ნაბიჯები კი სირბილითა და ხტუნვით გაიარა.

ნიკ ვალენდამ 426.72–მეტრიანი ბაგირი დაზღვევის გარეშე, 22.54 წუთში დაფარა
22 წუთიანი მოძრაობის განმავლობაში ვალენდამ მხოლოდ ორჯერ შეისვენა და ჩაიმუხლა, რადგან ხეობაში ამოვარდნილი ძლიერი ქარი ფოლადის ტროსს არხევდა. „დისქავერთან“ საუბარში მან აღნიშნა, რომ „არაპროგნოზირებადმა“ ქარმა კონტაქტური ლინზები მტვრით დაუფარა.
„ქარი ძლიერად ქროდა და მე ვცდილობდი, არ დამეკარგა კონცენტრაცია მთლიანი დროის განმავლობაში“. – განაცხადა ვალენდამ.

22–წუთიანი მოძრაობის განმავლობაში მან მხოლოდ ორჯერ შეისვენა და ჩაიმუხლა
სარეკორდო ღონისძიება პირდაპირი ეთერით მსოფლიოს 217 ქვეყანაში გადაიცემოდა. გარდა ამისა, 600–მდე გულშემატკივარი რეკორდის დამყარების პროცესს კანიონზე, სპეციალურად მოწყობილ დიდი ეკრანზე აკვირდებოდა.

ღონისძიება პირდაპირი ეთერით მსოფლიოს 217 ქვეყანაში გადაიცემოდა
ეს რეკორდი ვალენდასთვის პირველი არ არის. მანამდე მან სამჯერ მოახერხა გინესის წიგნში შესვლა: ბაგირზე ველოსიპედით დაფარა ყველაზე დიდი მანძილი – 71.63 მეტრი, ველოსიპედით გაიარა ყველაზე მაღალ ბაგირზე – 72.5 მეტრი და გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც გაიარა ნიაგარას ჩანჩქერზე გაჭიმულ ტროსზე. მისი შემდეგი მიზანი Empire State building–სა და კრაისლერის ცათამბჯენს შორის ბაგირზე გავლაა.



მომზადებულია Daily Mail–ის მიხედვით
loading...