17 June 2013

ხუთგზის გინესის რეკორდსმენმა მორიგი რეკორდი დაამყარა

15 ივნისს ბარბეკში (ლოს–ანჯელესი, აშშ), საბრძოლო ხელოვნებათა ისტორიის მუზეუმში გინესის ახალი რეკორდი დამყარდა. ამერიკელმა მსახიობმა და კასკადიორმა რონ სერჩიანმა 1 საათის განმავლობაში სპეციალურ სავარჯიშო ბალიშზე ფეხით 6 012 დარტყმა შეასრულა და ამ კატეგორიაში მსოფლიო რეკორდსმენის ტიტული დაიბრუნა.

რეკორდის დამყარების პროცესი ფილმ „როკი ბალბოას“ მუსიკის ფონზე მიმდინარეობდა. დასარტყამი ბალიშით ერთმანეთს ეცვლებოდნენ სერჩიანის ასისტენტები – კაი გრეი და რაულ გარსია. დარტყმების რაოდენობამ წუთში 101–ს მიაღწია და 30 წუთის შემდეგ 3 ათასს გადასცდა, თუმცა რაოდენობა თანდათან კლებულობდა.

13:00 საათზე დროის დამთავრების შესახებ გამოაცხადეს და სერჩიანი იატაკზე დაეცა, საბოლოო შედეგის შეტყობის შემდეგ კი გულშემატკივრების წინაშე მუხლებზე დადგა და თქვა, რომ ამ რეკორდს მაისში გარდაცვლილ ოჯახის მეგობარს – ლოლა შიმშოკს უძღვნიდა.

„ყველაზე რთული მონაკვეთი 40 წუთის შემდეგ დაიწყო, როდესაც თავბრუსხვევა ვიგრძენი“ – აღნიშნა რონმა.

„იგი რეკორდებს მხოლოდ საკუთარი თავის გამოსაცდელად ამყარებს და არა დიდების მოსაპოვებლად, ჩემი აზრით ეს დასაფასებელია“ – განაცხადა რონის მეგობარმა, პროფესიით მწვრთნელმა ლიზა უოტსონმა.

გასული ათწლეულის განმავლობაში სერჩიანმა გინესის ხუთი რეკორდი დაამყარა, რომლებიც ძირითადად საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა. 2006 წელს ერთი საათის განმავლობაში 5 545 დარტყმა შეასრულა, თუმცა ეს მაჩვენებელი ერთი წლის შემდეგ ბრიტანელმა მრავალგზის რეკორდსმენმა ფადი დოილმა 5 750–მდე აიყვანა. ამ ღონისძიებაზე კი 49 წლის სერჩიანმა დოილის შედეგი 262 ერთეულით გააუმჯობესა და 4 წლის წინ ჩამორთმეული გინესის რეკორდსმენის ტიტული დაიბრუნა.

მომზადებულია Daily News–ის მიხედვით
loading...