13 June 2013

სარეკორდო გადაცურვა მედუზას ნაკბენმა ჩაშალა


მედუზას ნაკბენმა აიძულა ავსტრალიელი მოცურავე ქლოუ მაკ’კარდელი, შეეწყვიტა 11–საათიანი ცურვის მარათონი კუბიდან ფლორიდამდე. მოცურავის წარმომადგენლის განცხადებით, სპორტსმენი იძულებული გახდა, ნაადრევად დაესრულებინა მოგზაურობა „მედუზას მწვავე ნაკბენისგან დასუსტების გამო“.

„მომდევნო 24 საათის განმავლობაში იგი ენერგიას აღიდგენს და შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას ცურვის გაგრძელების შესახებ“ – განაცხადა მოცურავის წარმომადგენელმა ტიმ სტეკპულმა.

ცურვის მარათონი 12 ივნისს ჰავანას სანაპიროზე დაიწყო და 100 მილით (160.93 კილომეტრი) დაშორებულ ფლორიდის სრუტეში უნდა დასრულებულიყო. მაკ’კარდელის მიზანი დამოუკიდებლად ყველაზე ხანგრძლივ ცურვაში მსოფლიო რეკორდის დამყარება იყო.

გადაცურვის ღირებულება 150 000 დოლარს შეადგენდა. მაკ’კარდელი იმედოვნებდა, რომ გამოიმუშავებდა საქველმოქმედო თანხას კიბოს კვლევისთვის, აგრეთვე ხელს შეუწყობდა აშშ–კუბის ურთიერთობის გაუმჯობესებას.

ავსტრალიელ მოცურავეს დამკვირვებელთა ორი კატარღა მიაცილებდა, რომლებშიც თანაგუნდელები და ამერიკის შეერთებული შტატების სამი უნივერსიტეტიდან წარდგენილი მეცნიერები ისხდნენ.

ავსტრალიელი სპორტსმენის განცხადებით, იგი არ იღებდა არანაირ დახმარებას და არ იყენებდა დამხმარე საცურაო აღჭურვილობას გარდა იმისა, რომ ყოველ ნახევარ საათში ბოთლით თხევადი საკვები მიეწოდებოდა.

მაკ’კარდელი აპირებდა ე.წ. „ზვიგენის ფარის“ გამოყენებას, რომელიც ელექტრომაგნიტურ იმპულსებს გამოყოფს მშიერი მტაცებლების დასაფრთხობად. თუმცა, ამ აღჭურვილობით იგი სრულიად დაუცველი აღმოჩნდა მედუზას ნაკბენისაგან.

1997 წელს ქლოუ მაკ'კარდელის თანამემამულე სუსი მარონეიმ სრუტე ზვიგენებისგან დამცავ გალიაში მოთავსებულმა გადაცურა. მას შემდეგ ჩატარდა რამდენიმე გახმაურებული მცდელობა ფლორიდის სრუტის გადასაცურად ზვიგენის გალიის გარეშე, თუმცა ყველა მათგანი წარუმატებლად დასრულდა.

 
  მომზადებულია CNN–ის მიხედვით
loading...