13 June 2013

ირაკლი ვეკუას მიღწევა ევერესტის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიტანეს



ქართველი სპორტსმენის – ირაკლი ვეკუას რეკორდი ევერესტის მსოფლიო რეკორდების 2013 წლის გამოცემაში შეიტანეს. ამ ორგანიზაციის მიერ აღიარებულ რეკორდსმენებს შორის ვეკუა ჯერჯერობით ერთადერთი ქართველია.

"ევერესტის მსოფლიო რეკორდების წიგნში მოხვედრა ძალიან სასიხარულოა. მიხარია, რომ ჩემმა მიღწევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ამ აღიარებამ დიდი სტიმული მომცა და სამომავლოდ ახალი რეკორდების დამყარებას ვაპირებ!" – განაცხადა სპორტსმენმა.

რეკორდი, რომელიც საერთაშორისო გამოცემაში მოხვდა, ვეკუამ 2012 წლის 4 აპრილს, საქართველის ტექნიკური უნივერსიტეტის მე–9 კორპუსის სპორტულ დარბაზში დაამყარა; მან წოლბჯენში, ცერა თითებზე ზედიზედ 30 აზიდვა შეასრულა და კანადელი დერილ ლეარიეს მიღწევა გააუმჯობესა.

ირაკლი ვეკუას საქართველოს რეკორდების ფედერაციის მხარდაჭერით წოლბჯენში აზიდვების სამი მსოფლიო რეკორდი აქვს დამყარებული, რომლებიც რეკორდსეთერის მსოფლიო რეკორდებში (ა.შ.შ.), მსოფლიო რეკორდების ხელშეწყობის ფონდში (ინდოეთი) და ევერესტის მსოფლიო რეკორდებშია (ნეპალი) შეტანილი.
loading...