ჩხოროწყუში ყველაზე დიდი ელარჯი მომზადდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა მეორე რეკორდი დაამყარა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა მხატვარმა ვახტანგ აბაშიძემ მორიგი რეკორდი ზეპირ მათემატიკურ გამოთვლაში დაამყარა იოსებ ხუციშვილმა მორიგი რეკორდი დაამყარა

30 July 2013

ცურვის მსოფლიო ჩემპიონატზე რეკორდი დამყარდა


ბარსელონაში გამართულ ცურვის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ლიტველმა რუტა მეილუტიტემ ბრასით 100 მეტრ მანძილზე ცურვაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

16 წლის სპორტსმენმა დისტანცია წუთსა და 4.30 წამში დაფარა და 2009 წელს ჯესიკა ჰარდის მიერ ნაჩვენები საუკეთესო შედეგი 0.15 წამით გააუმჯობესა.

მანამდე, მეილუტიტეს 1:04.52 წუთიანი შედეგი ქონდა დაფიქსირებული, რაც მსოფლიოში მეორე, ევროპის მასშტაბით კი საუკეთესო მიღწევა იყო.

ხვალ, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში რუტა შეეცდება ლიტვის ისტორიაში პირველი ოქროს მედლის მოპოვებას.

ლიტველი სპორტსმენი უკვე ფლობს ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულს. 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე, 15 წლის რუტამ ბრასით 100 მეტრზე ცურვაში ოქროს მედალი მოიპოვა.

მომზადებულია BBC–ის მიხედვით

27 July 2013

პლანეტის უხუცესი ადამიანი აფრიკაში ცხოვრობს


119 წლის იოანა მაზიბუკო, რომელიც იოჰანესბურგის სამხრეთ–დასავლეთით მდებარე პატარა ქალაქში ცხოვრობს, შესაძლოა მსოფლიოს უხუცესი პიროვნება აღმოჩნდეს. ამ ინფორმაციას სააგენტო BBC სამხრეთ აფრიკული გაზეთის, Sowetan–ის სტატიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

Sowetan–ის მიხედვით, პირადობის დამადასტურებელ წიგნაკში, რომელიც 1986 წელს არის გაცემული, იოანას დაბადების თარიღად 1894 წლის 11 მაისია მითითებული.

გინესის მსოფლიო რეკორდების ვერსიით, ამჟამად მცხოვრები უხუცესი ადამიანი 115 წლის იაპონელი ქალი მისაო ოკავაა.

მაზიბუკოს პირადობის დამადასტურებელი საბუთების ნამდვილობა ჯერ არ დაუდასტურებია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა საინფორმაციო სააგენტო AFP აცხადებს, რომ საბუთების ასლები ნანახი აქვს.

იოანა მაზიბუკო იოჰანესბურგის სამხრეთ–დასავლეთით, 160 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ კლერკსდორპში 77 წლის შვილთან – ცეკო მაზიბუკოსთან ერთად ცხოვრობს.  მსოფლიოს უხუცეს ადამიანს დამოუკიდებლად შეუძლია სადილის მომზადება, ჩაცმა, რეცხვა და ტელევიზორის ყურება.

„იგი დამუკიდებლად გადაადგილდება, თუმცა დიდხანს დგომა უჭირს და თავბრუსხვევა აწუხებს“ – განაცხადა იოანას ვაჟიშვილმა Sowetan–თან ინტერვიუში.
119–წლიანი ცხოვრების განმავლობაში მაზიბუკო მოესწრო ბრიტანეთის კოლონიალიზმს, აპართეიდსა და დემოკრატიის ერას, პრეზიდენტ ნელსონ მანდელას მმართველობის დროს.

აღსანიშნავია, რომ გუშინწინ, 25 ივლისს გინესის მსოფლიო რეკორდების გამომცემლობამ მსოფლიოს უხუცესი მამაკაციდაასახელა. რეკორდსმენის წოდება 112 წლის სალუსტიანო სანჩეს ბლასკესს მიენიჭა. მანამდე ეს ტიტული 116 წლის იაპონელ ხიროემონ კიმურას ეკუთვნოდა, რომელიც ასევე ყველა დროის ყველაზე ასაკოვან მამაკაცად იყო აღიარებული. იგი 12 ივნისს გარდაიცვალა. ყველა დროის ყველაზე ასაკოვანი ადამიანი კი ფრანგი ქალი, ჟანი კალმენტი იყო, რომელიც 1997 წლის 4 აგვისტოს, 122 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მომზადებულია "BBC"–ის მიხედვით

25 July 2013

გინესმა პლანეტის მცხოვრები უხუცესი მამაკაცი დაასახელა

112 წლის ამერიკელი სალუსტიანო სანჩეს ბლასკესი გინესის მსოფლიო რეკორდებმა მსოფლიოს უხუცეს მცხოვრებ მამაკაცად დაასახელა. მანამდე ეს რეკორდი 116 წლის იაპონელ ხიროემონ კიმურას ეკუთვნოდა, რომელიც ამავე დროს მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე ასაკოვან მამაკაცად იყო აღიარებული. ხიროემონ კიმურა 12 ივნისს გარდაიცვალა.

ამჟამად, გინესის მსოფლიო რეკორდების თანახმად, პლანეტის ყველაზე ხნიერი მცხოვრების  სტატუსს ასევე იაპონელი ქალბატონი, 115 წლის მისაო ოკავა ატარებს.

გინესის მსოფლიო რეკორდების კონსულტანტი გერონტოლოგიის საკითხებში – რობერტ იანგი აცხადებს, რომ 100 წელს გადაცილებული ადამიანების 90%–ს ქალბატონები შეადგენენ. სალუსტიანო ერთადერთი მამაკაცია, რომელსაც გააჩნია მტკიცებულებები მისი დაბადების თარიღის შესახებ; მოსახლეობის აღწერის ჩანაწერები, საიმიგრაციო დოკუმენტები, ქორწინების მოწმობა და ახალი ამბების შეტყობინებები გამოყენებულ იქნა ახალი რეკორდის დამადასტურებელ მტკიცებულებებად.

სალუსტიანო სანჩეს ბლასკესი 1901 წლის 8 ივნისს ესპანეთში, სალამანკას პროვინციაში დაიბადა. გამოირჩეოდა „დულზანიას“ დაკვრის ნიჭით. („დულზანია“ესპანური სალამურია ჰობოის კატეგორიიდან). უკრავდა სოფლის დღესასწაულებზე და ქორწილებში და ჯიბის ფულს შოულობდა. სალუსტიანო სკოლაში 10 წლის ასაკამდე დადიოდა, იგი თავს თვითნასწავლს უწოდებს.

17 წლის სალუსტიანო ძმასთან – პედროსთან და რამდენიმე მეგობართან ერთად კუბაში სამუშაოს საძიებლად წავიდა და შაქრის ლერწმის პლანტაციებში დაიწყო მუშაობა. 1920 წლის აგვისტოში კი კუბიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაინაცვლა და კენტუკის შტატში, ქვანახშირის მაღაროში განაგრძო მუშაობა.

საბოლოოდ სანჩესი ნიუ–იორკში, ნიაგარას მახლობლად დასახლდა და 1934 წელს დაქორწინდა. ჰყავს 76 წლის ვაჟი – ჯონი და 69 წლის ქალიშვილი – ირენი. მისი დიდი ოჯახი ასევე შეადგენენ: შვიდი შვილიშვილი, თხუთმეტი შვილთაშვილი და ხუთი შვილთაშვილის შვილი.

რეკორდსმენის ტიტულით გამოწვეულ ყურადღებას სალუსტიანო ჩვეული თავმდაბლობით ხვდება:

„რაიმე განსაკუთრებული შეგრძნება არ მაქვს, უბრალოდ, მე შედარებით დიდი ხანი ვიცხოვრე, ვიდრე სხვა მამაკაცებმა“ – განაცხადა ახალმა რეკორდსმენმა.

წლების განმავლობაში მისი ჰობი მებაღეობა, ჯვარედინი სიტყვების პაზლი, და საღამოობით მეგობრებთან ერთად დროის გატარებაა. დღეგრძელ ცხოვრებას სალუსტიანო ყოველდღიურად ერთი ბანანის ჭამას და მედიკამენტ ანაცინის მიღებას უმადლის.

 დოკუმენტურად დადასტურებული ყველაზე დიდი ასაკი, რომლისთვისაც ადამიანს ოდესმე მიუღწევია, არის 122 წელიწადი და 164 დღე და ფრანგ ჟანი ლუის კალმენტს ეკუთვნის.

მომზადებულია გინესის მსოფლიო რეკორდების მიხედვით

18 July 2013

„ატვირთე ფოტო და დაამყარე რეკორდი“ – სახალისო კონკურსი გინესის მსოფლიო რეკორდებისგან

გინესის მსოფლიო რეკორდები ახალ კონკურსში იწვევს ყველას, ვისაც სურვილი აქვს, მონაწილეობა მიიღოს ოფიციალური მსოფლიო რეკორდის დამყარებაში. მონაწილეებს სპეციალური სერტიფიკატი (ციფრულ ფორმატში) გადაეცემათ და გინესის წიგნში მოხვედრის შანსიც ეძლევათ.

პროექტს “Amazing Feet” ეწოდება და მისი მიზანია, შეიქმნას ყველაზე დიდი ონლაინ ფოტოალბომი, რომელიც მხოლოდ ფეხის ტერფების ფოტოებით იქნება შედგენილი. ფოტოების ატვირთვა ნებსმიერ მოხალისეს სპეციალური ვებ–გვერდის, www.officiallyamazing.tv–ის საშუალებით შეუძლია. ამავე ვებ–გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ უკვე არსებული ფოტოალბომი.

კონკურსის წესების მიხედვით, მონაწილეს უფლება აქვს, ატვირთოს როგორც საკუთარი, ისე  ოჯახის წევრის ან სხვა პიროვნების ტერფის (ტერფების) ფოტოები. ერთ–ერთი მთავარი და საკმაოდ უცნაური მოთხოვნაა, რომ ფოტოზე აღბეჭდილი ტერფი შიშველი უნდა იყოს.

აღნიშნულ პროექტს ტელეკომპანია CBBC–ის შოუ “Officially Amazing”–ი გინესის მსოფლიო რეკორდებთან ერთად ახორციელებს. მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამ დროისათვის ფოტოალბომში 787 მომხმარებლის ფოტოა, რეკორდისთვის საჭირო რაოდენობა კი 50 000–ს შეადგენს.

16 July 2013

ძაღლმა სკუტერის მართვაში გინესის რეკორდი დაამყარა

12 ივლისს ჯორჯიის შტატში (აშშ) ძაღლმა სკუტერის მართვაში გინესის რეკორდი დაამყარა. სარეკორდო ასპარეზობა ქალაქ მარიეტას სპორტდარბაზში ჩატარდა და მას 100–მდე მაყურებელი ესწრებოდა.

რეკორდსმენის ტიტული 3 წლის ფრანგული მეცხვარის ჯიშის ძაღლს, სახელად ნორმანს მიენიჭა. წესების მიხედვით, მოცემულ კატეგორიაში ძაღლს 30 წამის განმავლობაში სკუტერით, სხვისი დახმარების გარეშე 30 მეტრი უნდა გაევლო, თუმცა ნორმანმა ამ მანძილის დაფარვა 21 წამში მოახერხა და დაამტკიცა, რომ ძაღლებს შორის მსოფლიოში ყველაზე სწრაფად ატარებს სკუტერს.

როგორც ძაღლის მფლობელმა, კარენ კობმა CBS 6–თან საუბარში განაცხადა, ნორმანი სკუტერის გარდა ველოსიპედსაც ატარებს, ასევე ალაგებს ჭურჭელს სარეცხ მანქანაში და როდესაც შია მაცივრის კარების გაღებასაც ახერხებს.


მომზადებულია CBS 6–ის მიხედვით