18 July 2013

„ატვირთე ფოტო და დაამყარე რეკორდი“ – სახალისო კონკურსი გინესის მსოფლიო რეკორდებისგან

გინესის მსოფლიო რეკორდები ახალ კონკურსში იწვევს ყველას, ვისაც სურვილი აქვს, მონაწილეობა მიიღოს ოფიციალური მსოფლიო რეკორდის დამყარებაში. მონაწილეებს სპეციალური სერტიფიკატი (ციფრულ ფორმატში) გადაეცემათ და გინესის წიგნში მოხვედრის შანსიც ეძლევათ.

პროექტს “Amazing Feet” ეწოდება და მისი მიზანია, შეიქმნას ყველაზე დიდი ონლაინ ფოტოალბომი, რომელიც მხოლოდ ფეხის ტერფების ფოტოებით იქნება შედგენილი. ფოტოების ატვირთვა ნებსმიერ მოხალისეს სპეციალური ვებ–გვერდის, www.officiallyamazing.tv–ის საშუალებით შეუძლია. ამავე ვებ–გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ უკვე არსებული ფოტოალბომი.

კონკურსის წესების მიხედვით, მონაწილეს უფლება აქვს, ატვირთოს როგორც საკუთარი, ისე  ოჯახის წევრის ან სხვა პიროვნების ტერფის (ტერფების) ფოტოები. ერთ–ერთი მთავარი და საკმაოდ უცნაური მოთხოვნაა, რომ ფოტოზე აღბეჭდილი ტერფი შიშველი უნდა იყოს.

აღნიშნულ პროექტს ტელეკომპანია CBBC–ის შოუ “Officially Amazing”–ი გინესის მსოფლიო რეკორდებთან ერთად ახორციელებს. მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამ დროისათვის ფოტოალბომში 787 მომხმარებლის ფოტოა, რეკორდისთვის საჭირო რაოდენობა კი 50 000–ს შეადგენს.

loading...