25 July 2013

გინესმა პლანეტის მცხოვრები უხუცესი მამაკაცი დაასახელა

112 წლის ამერიკელი სალუსტიანო სანჩეს ბლასკესი გინესის მსოფლიო რეკორდებმა მსოფლიოს უხუცეს მცხოვრებ მამაკაცად დაასახელა. მანამდე ეს რეკორდი 116 წლის იაპონელ ხიროემონ კიმურას ეკუთვნოდა, რომელიც ამავე დროს მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე ასაკოვან მამაკაცად იყო აღიარებული. ხიროემონ კიმურა 12 ივნისს გარდაიცვალა.

ამჟამად, გინესის მსოფლიო რეკორდების თანახმად, პლანეტის ყველაზე ხნიერი მცხოვრების  სტატუსს ასევე იაპონელი ქალბატონი, 115 წლის მისაო ოკავა ატარებს.

გინესის მსოფლიო რეკორდების კონსულტანტი გერონტოლოგიის საკითხებში – რობერტ იანგი აცხადებს, რომ 100 წელს გადაცილებული ადამიანების 90%–ს ქალბატონები შეადგენენ. სალუსტიანო ერთადერთი მამაკაცია, რომელსაც გააჩნია მტკიცებულებები მისი დაბადების თარიღის შესახებ; მოსახლეობის აღწერის ჩანაწერები, საიმიგრაციო დოკუმენტები, ქორწინების მოწმობა და ახალი ამბების შეტყობინებები გამოყენებულ იქნა ახალი რეკორდის დამადასტურებელ მტკიცებულებებად.

სალუსტიანო სანჩეს ბლასკესი 1901 წლის 8 ივნისს ესპანეთში, სალამანკას პროვინციაში დაიბადა. გამოირჩეოდა „დულზანიას“ დაკვრის ნიჭით. („დულზანია“ესპანური სალამურია ჰობოის კატეგორიიდან). უკრავდა სოფლის დღესასწაულებზე და ქორწილებში და ჯიბის ფულს შოულობდა. სალუსტიანო სკოლაში 10 წლის ასაკამდე დადიოდა, იგი თავს თვითნასწავლს უწოდებს.

17 წლის სალუსტიანო ძმასთან – პედროსთან და რამდენიმე მეგობართან ერთად კუბაში სამუშაოს საძიებლად წავიდა და შაქრის ლერწმის პლანტაციებში დაიწყო მუშაობა. 1920 წლის აგვისტოში კი კუბიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაინაცვლა და კენტუკის შტატში, ქვანახშირის მაღაროში განაგრძო მუშაობა.

საბოლოოდ სანჩესი ნიუ–იორკში, ნიაგარას მახლობლად დასახლდა და 1934 წელს დაქორწინდა. ჰყავს 76 წლის ვაჟი – ჯონი და 69 წლის ქალიშვილი – ირენი. მისი დიდი ოჯახი ასევე შეადგენენ: შვიდი შვილიშვილი, თხუთმეტი შვილთაშვილი და ხუთი შვილთაშვილის შვილი.

რეკორდსმენის ტიტულით გამოწვეულ ყურადღებას სალუსტიანო ჩვეული თავმდაბლობით ხვდება:

„რაიმე განსაკუთრებული შეგრძნება არ მაქვს, უბრალოდ, მე შედარებით დიდი ხანი ვიცხოვრე, ვიდრე სხვა მამაკაცებმა“ – განაცხადა ახალმა რეკორდსმენმა.

წლების განმავლობაში მისი ჰობი მებაღეობა, ჯვარედინი სიტყვების პაზლი, და საღამოობით მეგობრებთან ერთად დროის გატარებაა. დღეგრძელ ცხოვრებას სალუსტიანო ყოველდღიურად ერთი ბანანის ჭამას და მედიკამენტ ანაცინის მიღებას უმადლის.

 დოკუმენტურად დადასტურებული ყველაზე დიდი ასაკი, რომლისთვისაც ადამიანს ოდესმე მიუღწევია, არის 122 წელიწადი და 164 დღე და ფრანგ ჟანი ლუის კალმენტს ეკუთვნის.

მომზადებულია გინესის მსოფლიო რეკორდების მიხედვით
loading...