27 July 2013

პლანეტის უხუცესი ადამიანი აფრიკაში ცხოვრობს


119 წლის იოანა მაზიბუკო, რომელიც იოჰანესბურგის სამხრეთ–დასავლეთით მდებარე პატარა ქალაქში ცხოვრობს, შესაძლოა მსოფლიოს უხუცესი პიროვნება აღმოჩნდეს. ამ ინფორმაციას სააგენტო BBC სამხრეთ აფრიკული გაზეთის, Sowetan–ის სტატიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

Sowetan–ის მიხედვით, პირადობის დამადასტურებელ წიგნაკში, რომელიც 1986 წელს არის გაცემული, იოანას დაბადების თარიღად 1894 წლის 11 მაისია მითითებული.

გინესის მსოფლიო რეკორდების ვერსიით, ამჟამად მცხოვრები უხუცესი ადამიანი 115 წლის იაპონელი ქალი მისაო ოკავაა.

მაზიბუკოს პირადობის დამადასტურებელი საბუთების ნამდვილობა ჯერ არ დაუდასტურებია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა საინფორმაციო სააგენტო AFP აცხადებს, რომ საბუთების ასლები ნანახი აქვს.

იოანა მაზიბუკო იოჰანესბურგის სამხრეთ–დასავლეთით, 160 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ კლერკსდორპში 77 წლის შვილთან – ცეკო მაზიბუკოსთან ერთად ცხოვრობს.  მსოფლიოს უხუცეს ადამიანს დამოუკიდებლად შეუძლია სადილის მომზადება, ჩაცმა, რეცხვა და ტელევიზორის ყურება.

„იგი დამუკიდებლად გადაადგილდება, თუმცა დიდხანს დგომა უჭირს და თავბრუსხვევა აწუხებს“ – განაცხადა იოანას ვაჟიშვილმა Sowetan–თან ინტერვიუში.
119–წლიანი ცხოვრების განმავლობაში მაზიბუკო მოესწრო ბრიტანეთის კოლონიალიზმს, აპართეიდსა და დემოკრატიის ერას, პრეზიდენტ ნელსონ მანდელას მმართველობის დროს.

აღსანიშნავია, რომ გუშინწინ, 25 ივლისს გინესის მსოფლიო რეკორდების გამომცემლობამ მსოფლიოს უხუცესი მამაკაციდაასახელა. რეკორდსმენის წოდება 112 წლის სალუსტიანო სანჩეს ბლასკესს მიენიჭა. მანამდე ეს ტიტული 116 წლის იაპონელ ხიროემონ კიმურას ეკუთვნოდა, რომელიც ასევე ყველა დროის ყველაზე ასაკოვან მამაკაცად იყო აღიარებული. იგი 12 ივნისს გარდაიცვალა. ყველა დროის ყველაზე ასაკოვანი ადამიანი კი ფრანგი ქალი, ჟანი კალმენტი იყო, რომელიც 1997 წლის 4 აგვისტოს, 122 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მომზადებულია "BBC"–ის მიხედვით
loading...