ჩხოროწყუში ყველაზე დიდი ელარჯი მომზადდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა მეორე რეკორდი დაამყარა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა მხატვარმა ვახტანგ აბაშიძემ მორიგი რეკორდი ზეპირ მათემატიკურ გამოთვლაში დაამყარა იოსებ ხუციშვილმა მორიგი რეკორდი დაამყარა

31 October 2013

პელეს გინესის რეკორდსმენის სერტიფიკატები გადაეცა

29 ოქტომბერს, ლონდონში გამართულ HMV Football Extravaganza–ს ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაზე ბრაზილიელ ფეხბურთის ლეგენდას – პელეს გინესის მსოფლიო რეკორდების ორი სერტიფიკატი გადაეცა.

73 წლის პელეს კარიერის მანძილზე გატანილი ყველაზე მეტი გოლისა და მსოფლიო თასის ყველაზე მეტჯერ მოგებისთვის მსოფლიო რეკორდსმენის სერტიფიკატები გინესის მსოფლიო რეკორდების მთავარმა რედაქტორმა კრეიგ გლენდეიმ გადასცა.

გინესის მსოფლიო რეკორდების მიერ გამოთვლილი მონაცემებით, 21–წლიანი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში (1956 წლის 7 სექტემბრიდან 1977 წლის 1 ოქტომბრამდე) ედსონ არანტეს დო ნასიმენტომ 1 283 გოლის გატანა მოახერხა.
გარდა ამისა, ფეხბურთის ისტორიაში პელე ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო თასის მფლობელის სამი მედალი დაიმსახურა.

„გინესის რეკორდების წიგნში პელე პირველად 1970 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მტკიცედ დაიმკვიდრა ადგილი ყოველი წლის ახალ გამოცემაში, 2014 წლის გამოცემის ჩათვლით. მისი პიროვნება სცდება ფეხბურთისა და მთლიანად სპორტის სფეროს, იგი ქველმოქმედების დამსახურებული ელჩია. დიდი სიხარულით ვულოცავთ ასეთი შთამბეჭდავი კარიერისთვის უკვე ოფიციალურად მინიჭებულ სტატუსს“  – განაცხადა დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ კრეიგ გლენდეიმ.

გინესის მსოფლიო რეკორდების სერტიფიკატების გარდა, ფეხბურთის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის Football Extravaganza –მ პელეს „ფეხბურთის ლეგენდის“ წოდება მიანიჭა.

„პელე ყველა დროის უდიდესი ფეხბურთელი და ადამიანია, რომელიც ყოველთვის ლამაზ თამაშთან ასოცირდება. იგი უყვართ და აფასებენ მსოფლიოს ყველა კუთხეში. ჩვენთვის დიდი პატივია პელესთვის „ფეხბურთის ლეგენდის“ წოდების მინიჭება.“ – განაცხადა Football Extravaganza–ს თავმჯდომარე ბრაიან მაკლაფლინმა.

სხვადასხვა დროს „ფეხბურთის ლეგენდის“ ლაურეატები იყვნენ: ბობი რობსონი (2001), ალექს ფერგიუსონი (2005), ერიკ კანტონა (2010) და ჟოზე მაურინიო (2011).


მასალა მომზადებულია "გინესის მსოფლიო რეკორდების" მიხედვით

28 October 2013

მსოფლიოს ყველაზე მაღალი მამაკაცი დაქორწინდა

მსოფლიოში ყველაზე მაღალი მამაკაცი – 30 წლის თურქი სულთან კოსენი დაქორწინდა. მისი რჩეული 21 წლის მერვე დიბოა. საქორწინო ცერემონია თურქეთის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ მარდინში გაიმართა. 1500 სტუმარს შორის გინესის მსოფლიო რეკორდების წარმომადგენლებიც იყვნენ.

2.51 მეტრი სიმაღლის სულთანი მეუღლეზე  76 სმ–ით მაღალია – მერვეს სიმაღლე 1.75 მეტრს შეადგენს.

სულთან კოსენმა პოპულარობა 2009 წელს მოიპოვა, როდესაც გინესის მსოფლიო რეკორდებისგან ყველაზე მაღალი მამაკაცის ტიტული ოფიციალურად მიიღო. ლონდონში პირველი ვიზიტის დროს, 2009 წლის სექტემბერში სულთანმა განაცხადა, რომ იმედი ქონდა, ახალი მოპოვებული პოპულარობა მის ცხოვრებას შეცვლიდა და მეორე ნახევრის პოვნაში დაეხმარებოდა.


„მეგობარი გოგონას პოვნა საკმაოდ მიძნელდება, ყველას ეშინია ჩემი. ვიმედოვნებ, რომ პოპულარობა საშუალებას მომცემს ბევრი გოგონა გავიცნო. დაქორწინება ჩემი ოცნებაა“ – ამბობდა თურქი რეკორდსმენი.

სულთანის მოლოდინი გამართლდა: რეკორდსმენად გახდომის შემდეგ უფასოდ ჩაუტარდა ზრდის შესაჩერებელი ოპერაცია, მიიღო შესაბამისი ზომის ტანსაცმელი და მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობის შესაძლებლობა. რაც მთავარია, გუშინდელი ქორწინებით მთავარი ოცნებაც აისრულა.


წყვილმა ერთმანეთი საერთო მეგობრის დახმარებით 2 თვის უკან გაიცნო. სულთანის სანახავად გოგონა მშობლიური სირიიდან თურქეთში, კოსენის სოფელ დედე კოიში ჩავიდა.

„თავიდან ყველა მირჩევდა, ცოლად არ გავყოლოდი სულთანს მისი სიმაღლის გამო, მაგრამ მე ის გულით მიყვარს და სიმაღლე არ მაინტერესებს“ – აცხადებს მერვე დიბო.

საქორწინო ცერემონიის დასრულების შემდეგ ახალდაქორწინებული წყვილი სულთანის სოფელში დაბრუნდა. ისინი იმედოვნებენ, რომ „ღვთის წყალობით“ ორი შვილი ეყოლებათ.

მასალა მომზადებულია „გინესის მსოფლიო რეკორდების“ მიხედვით

21 October 2013

მარნეულელმა დავით ჟორჟოლიანმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა

19 ოქტომბერს, მარნეულის სპორტულ კომპლექს "ატაჰოლდინგ ცენტრში" ადგილობრივმა მკვიდრმა, 22 წლის დავით ჟორჟოლიანმა 30 კგ ტვირთით წოლბჯენში ცერა თითებზე შეუსვენებლად 20 აზიდვა შეასრულა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ჟორჟოლიანის ასპარეზობა საქართველოს რეკორდების ფედერაციის ორგანიზებითა და მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით გაიმართა.

ღონისძიება მარნეულელი სპორტსმენის – თენგიზ ნავერიანის სახელობის ძიუდოს საერთაშორისო ტურნირის მიმდინარეობისას ჩატარდა. რეკორდის დამყარების პროცესი საქართველოს რეკორდების ფედერაციის ინტერნეტ მაუწყებლობის საშუალებით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. დავით ჟორჟოლიანს აქტიურად გულშემატკივრობდნენ ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლები, ტურნირის მონაწილე ქართველი და უცხოელი სპორტსმენები, მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტის სამსახურის თანამშრომლები და თანაქალაქელები.

საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, რეკორდსმენის ტიტულის მოსაპოვებლად სპორტსმენს მინიმუმ ათი აზიდვა უნდა შეესრულებინა, თუმცა ჟორჟოლიანმა სარეკორდო ნორმას ორჯერ გადააჭარბა. მსგავსი კატეგორიის რეკორდი (ცერა თითებზე აზიდვა დამატებითი სიმძიმით) მსოფლიო მასშტაბით უპრეცედენტოა.

"ამ რეკორდისთვის სამი თვის განმავლობაში ვემზადებოდი. სამომავლოდ 40–კილოგრამიანი ტვირთით ვაპირებ ახალი რეკორდის დამყარებას. ასევე შევეცდები გავაუმჯობესო გინესის რეკორდი – 35 აზიდვა ერთ წუთში (სიმძიმის გარეშე)" – განაცხადა დავით ჟორჟოლიანმა.

მარნეულელი სპორტსმენის მიღწევა საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯებმა ადგილზე დააფიქსირეს და ჟორჟოლიანს სერტიფიკატი და მედალი გადასცეს. რეკორდის ფოტო–ვიდეომასალა და სპეციალური სარეგისტრაციო ოქმები უახლოეს მომავალში საერთაშორისო ორგანიზაციებსაც გადაეგზავნება დასამტკიცებლად.
იხილეთ რეკორდის ვიდეო და ფოტოგალერეა


16 October 2013

აშშ–ში ტაეკვანდოს ყველაზე მასშტაბური ჩვენება გაიმართა

ქოვენთრიში (აშშ), Taekwondo United Kingdom (UK)–ის ორგანიზებით ტაეკვანდოს ყველაზე მასშტაბური ჩვენება ჩატარდა, რომელშიც 428 ადამიანი მონაწილეობდა. რეკორდის დამყარებას ტაეკვანდოში ოლიმპიური ჩემპიონი ჯეიდ ჯონსი ესწრებოდა. ღონისძიებიდან შემოსული თანხა კიბოს კვლევას მოხმარდება.

გინესის მსოფლიო რეკორდების მიხედვით, წინა რეკორდი 338 მონაწილისგან შედგებოდა და SAHK–ის და Eastern Dragon Taekwondo Federation Hong Kong–ის მიერ იყო ორგანიზებული.


აღსანიშნავია, რომ Taekwondo United Kingdom (UK)–ის ორგანიზებული რეკორდი განხილულ იქნა, როგორც ტაეკვანდოს ყველაზე მასშტაბური ჩვენება ერთ კონკრეტულ ადგილზე. გარდა ამისა, გინესის მსოფლიო რეკორდებს დამტკიცებული აქვს ანალოგიური რეკორდი, რომელიც 2012 წლის 18 მაისს დიდი ბრიტანეთის მასშტაბით, ერთდროულად 11 ადგილზე გაიმართა და მონაწილეთა საერთო რაოდენობამ 805 შეადგინა.


მომზადებულია WRA-ს მიხედვით

"ქოვენთრი ტელეგრაფის" ფოტო

13 October 2013

კოლუმბიაში 156 ტონა საცობის გადამუშავების რეკორდი დამყარდა

კოლუმბიაში საქველმოქმედო ფონდ "სანარის" ორგანიზებით პლასმასის საცობების გადამუშავების რეკორდი დამყარდა. კამპანიიდან მიღებული თანხა კიბოთი დაავადებულ 500 ბავშვს მოხმარდება.

რეკორდი 8 საათის განმავლობაში საცობების მაქსიმალური რაოდენობის გადამუშავებას ითვალისწინებდა. გინესის მსოფლიო რეკორდების წესების თანახმად, საცობების შეგროვება განუსაზღვრელი ვადით შეიძლება, გადამუშავება კი დროის კონკრეტულ მონაკვეთში (ამ შემთხვევაში – 8 საათში) უნდა მოხდეს.


თავდაპირველად, "სანარის" მიზანი 100–ტონიანი ნიშნულის მიღწევა იყო, თუმცა ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ მალევე გააცნობიერა, რომ კოლუმბიის 45–მილიონიანი მოსახლეობის დახმარებით გაცილებით დიდი რაოდენობის სახურავების შეგროვება შეიძლებოდა.

კამპანიის განხორციელებაში "სანარის ფონდს" აქტიურად ეხმარებოდა სახელმწიფო ფოსტის სერვისი, რომელმაც მთელი ქვეყნის მასშტაბით შეგროვებული საცობების დანიშნულების ადგილამდე მიტანა უზრუნველყო, და პოლიციის 300 თანამშრომელი, რომლებმაც ტომრების დატვირთვაში მიიღეს მონაწილეობა.


კამპანიის დასკვნითი ღონისძიება კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტას გარეუბანში გაიმართა; გინესის მსოფლიო რეკორდების არბიტრის – რალფ ჰანას თანდასწრებით აწონეს ბოთლის სახურავებით დატვირთული ტრაილერები როგორც გადამამუშავებელ კონვეიერში შესვლამდე, ისე გამოსვლის შემდეგ (ტვირთის გარეშე). მთლიანი პროცედურა წინასწარ გათვალისწინებული 8 საათის ნაცვლად 4 საათში დასრულდა. მიღებულმა შედეგმა 156.460 კილოგრამს მიაღწია, რაც დაახლოებით 70 მილიონი საცობის საერთო წონაა. ამ შედეგით მნიშვნელოვანი სხვაობით გაუმჯობესდა წინა რეკორდი – 91.017.8 კგ, რომელიც 2011 წელს არგენტინაში, ასევე ბავშვთა საქველმოქმედო ფონდის – "გარაჰანის" მიერ ჩატარდა.

გინესის მსოფლიო რეკორდების ოფიციალური სერტიფიკატი "სანარის" დირექტორს – ელიზაბეტ კამპოსს გადაეცა, რომელმაც მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც არა მხოლოდ რეკორდის დამყარების დღეს, არამედ მთლიანი კამპანიის პროცესში იღებდა მონაწილეობას. კამპოსმა განაცხადა, რომ ბოთლების გადამუშავების აქცია ამ რეკორდით არ დასრულებულა და ფონდის მომავალ წელსაც გააგრძელებს მსგავს კამპანიას.


მომზადებულია "გინესის მსოფლიო რეკორდების" მიხედვით

09 October 2013

Grand Theft Auto 5 გინესის რეკორდსმენია


"გინესის მსოფლიო რეკორდების" წარმომადგენლების განცხადებით, კომპიუტერული თამაშის – Grand Theft Auto–ს მე–5 ნაწილმა გაყიდვების მიხედვით ერთდროულად 6 მსოფლიო რეკორდი მოხსნა, მათ შორის გასართობ პროდუქციებს შორის 24 საათის განმავლობაში მიღებული ყველაზე დიდი შემოსავლისა და გასართობი პროდუქციის მიერ უმოკლეს დროში მილიარდი დოლარის გამომუშავების გამო.

GTA–ს მე–5 ნაწილი Rockstar-ის მიერ მიმდინარე წლის 17 სექტემბერს გამოიცა და 24 საათის განმავლობაში 11.21 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა, რამაც მწარმოებლებს 815.7 მილიონი დოლარის შემოსავალი მოუტანა, მომდევნო სამი დღის განმავლობაში კი გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა მილიარდ დოლარს მიაღწია.

"GTA სრულიად იმსახურებს თანამედროვე ბრიტანული კულტურის სიმბოლოს წოდებას და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საშუალება მოგვეცა, ეს თამაში რეკორდების წიგნში შეგვეტანა" – განაცხადა გინესის მსოფლიო რეკორდების მთავარმა რედაქტორმა ქრეიგ გლენდეიმ.

Grand Theft Auto 5–ის სარეკორდო მიღწევების სრული სია შემდეგნაირად გამოიყურება:

1. 24 საათის განმავლობაში ყველაზე გაყიდვადი სათავგადასავლო ვიდეოთამაში

2. 24 საათის განმავლობაში ყველაზე გაყიდვადი ვიდეოთამაში

3. გასართობი პროდუქციის მიერ ყველაზე სწრაფად მიღებული 1 მილიარდი შემოსავალი

4. ვიდეოთამაშის მიერ  ყველაზე სწრაფად მიღებული 1 მილიარდი შემოსავალი

5. 24 საათის განმავლობაში ყველაზე სწრაფად გავრცელებული ვიდეოთამაში

6. გასართობი პროდუქციის მიერ 24 საათის განმავლობაში მიღებული უდიდესი შემოსავალი

7. ყველაზე ბევრჯერ ნანახი ტრეილერი სათავგადასავლო ვიდეოთამაშებს შორის

მასალა მომზადებულია "გინესის მსოფლიო რეკორდების" მიხედვით

ჯონ ევანსმა ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა

მრავალგზის მსოფლიო რეკორდსმენმა, 66 წლის ჯონ ევანსმა გასულ კვირას კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა – თავზე დადგმული 100 ლუდის კათხით 1 წუთის განმავლობაში მის წინ მწოლიარე ხუთ ადამიანს გადააბიჯა და ლუდით სავსე ასივე კათხა (საერთო მოცულობით – 28.5 ლიტრი) უდანაკარგოდ დაუბრუნა საწყის პოზიციას. 

სარეკორდო–საქველმოქმედო ღონისძიება სახელად "ჯადოსნური შვიდიანი" 5 ოქტომბერს ჯონ ევანსის მშობლიურ ქალაქ ილკესტონში (დიდი ბრიტანეთი), "Derby Royal–ის ინტენსიური მზრუნველობის გაერთიანების" მხარდასაჭერად ჩატარდა. ღონისძიებაში ევანსის გარდა კიდევ ორმა ასაკოვანმა რეკორდსმენმა – 68 წლის ფრედ ბარტონმა და 73 წლის პიტერ დოუდესველმა მიიღო მონაწილეობა. "ჩვენ მოხუცი პენსიონერები ვართ, თუმცა კვლავ ვრჩებით საუკეთესოებად საუკეთესოთა შორის" – ასე ჟღერდა ღონისძიების დევიზი.

ჯონ ევანსი 1947 წლის 31 მარტს დიდ ბრიტანეთში, ქალაქ ილკესტონში დაიბადა. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში დამყარებული აქვს რამდენიმე ათეული რეკორდი საყოფაცხოვრებო ნივთების თავით ბალანსირებაში (წონასწორობის შენარჩუნებაში), სხვადასხვა დროს ჯონის თავზე იდგა წიგნის თაროები, ლუდის კასრები, სარეცხი მანქანები და მსუბუქი ავტომობილებიც კი.

08 October 2013

ძალოსანმა გურამ უსტიაშვილმა კბილებით 3 ავტომობილი გაწია

შაბათს, 5 ოქტომბერს ქართველმა ძალოსანმა გურამ უსტიაშვილმა კბილებით სამი მსუბუქი ავტომობილი გაწია და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მიღწევა საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯებმა დააფიქსირეს.

სარეკორდო ღონისძიება თბილისის მერიის მხარდაჭერით, "თბილისობა 2013–ის" ფარგლებში ჩატარდა. ჟურნალ "აუტო ბილდის" მიერ ორგანიზებულ ავტოშოუზე უსტიაშვილმა ბაგირებით ერთმანეთზე გადაბმული სამი რეტრო ავტომობილის გადაადგილება 4.30 მეტრ მანძილზე მოახერხა.

საქართველოს რეკორდების ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ბეგიაშვილის განცხადებით უსტიაშვილის მიღწევა მსოფლიო მასშტაბით უპრეცედენტოა – ამ რაოდენობის ავტომობილები კბილებით ჯერ არავის გაუწევია. მონაცემები უახლოეს მომავალში რეკორდების მარეგისტრირებელ საერთაშორისო ორგანიზაციებს დასამტკიცებლად გადაეგზავნება.

აღნიშნული სარეკორდო ასპარეზობა გურამ უსტიაშვილისთვის პირველია. 23 წლის ძალოსანი აქტიურად აგრძელებს ვარჯიშს და წლის ბოლომდე კიდევ ერთი მსოფლიო რეკორდის დამყარებას აპირებს.