09 October 2013

Grand Theft Auto 5 გინესის რეკორდსმენია


"გინესის მსოფლიო რეკორდების" წარმომადგენლების განცხადებით, კომპიუტერული თამაშის – Grand Theft Auto–ს მე–5 ნაწილმა გაყიდვების მიხედვით ერთდროულად 6 მსოფლიო რეკორდი მოხსნა, მათ შორის გასართობ პროდუქციებს შორის 24 საათის განმავლობაში მიღებული ყველაზე დიდი შემოსავლისა და გასართობი პროდუქციის მიერ უმოკლეს დროში მილიარდი დოლარის გამომუშავების გამო.

GTA–ს მე–5 ნაწილი Rockstar-ის მიერ მიმდინარე წლის 17 სექტემბერს გამოიცა და 24 საათის განმავლობაში 11.21 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა, რამაც მწარმოებლებს 815.7 მილიონი დოლარის შემოსავალი მოუტანა, მომდევნო სამი დღის განმავლობაში კი გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა მილიარდ დოლარს მიაღწია.

"GTA სრულიად იმსახურებს თანამედროვე ბრიტანული კულტურის სიმბოლოს წოდებას და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საშუალება მოგვეცა, ეს თამაში რეკორდების წიგნში შეგვეტანა" – განაცხადა გინესის მსოფლიო რეკორდების მთავარმა რედაქტორმა ქრეიგ გლენდეიმ.

Grand Theft Auto 5–ის სარეკორდო მიღწევების სრული სია შემდეგნაირად გამოიყურება:

1. 24 საათის განმავლობაში ყველაზე გაყიდვადი სათავგადასავლო ვიდეოთამაში

2. 24 საათის განმავლობაში ყველაზე გაყიდვადი ვიდეოთამაში

3. გასართობი პროდუქციის მიერ ყველაზე სწრაფად მიღებული 1 მილიარდი შემოსავალი

4. ვიდეოთამაშის მიერ  ყველაზე სწრაფად მიღებული 1 მილიარდი შემოსავალი

5. 24 საათის განმავლობაში ყველაზე სწრაფად გავრცელებული ვიდეოთამაში

6. გასართობი პროდუქციის მიერ 24 საათის განმავლობაში მიღებული უდიდესი შემოსავალი

7. ყველაზე ბევრჯერ ნანახი ტრეილერი სათავგადასავლო ვიდეოთამაშებს შორის

მასალა მომზადებულია "გინესის მსოფლიო რეკორდების" მიხედვით
loading...