08 October 2013

ძალოსანმა გურამ უსტიაშვილმა კბილებით 3 ავტომობილი გაწია

შაბათს, 5 ოქტომბერს ქართველმა ძალოსანმა გურამ უსტიაშვილმა კბილებით სამი მსუბუქი ავტომობილი გაწია და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მიღწევა საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯებმა დააფიქსირეს.

სარეკორდო ღონისძიება თბილისის მერიის მხარდაჭერით, "თბილისობა 2013–ის" ფარგლებში ჩატარდა. ჟურნალ "აუტო ბილდის" მიერ ორგანიზებულ ავტოშოუზე უსტიაშვილმა ბაგირებით ერთმანეთზე გადაბმული სამი რეტრო ავტომობილის გადაადგილება 4.30 მეტრ მანძილზე მოახერხა.

საქართველოს რეკორდების ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ბეგიაშვილის განცხადებით უსტიაშვილის მიღწევა მსოფლიო მასშტაბით უპრეცედენტოა – ამ რაოდენობის ავტომობილები კბილებით ჯერ არავის გაუწევია. მონაცემები უახლოეს მომავალში რეკორდების მარეგისტრირებელ საერთაშორისო ორგანიზაციებს დასამტკიცებლად გადაეგზავნება.

აღნიშნული სარეკორდო ასპარეზობა გურამ უსტიაშვილისთვის პირველია. 23 წლის ძალოსანი აქტიურად აგრძელებს ვარჯიშს და წლის ბოლომდე კიდევ ერთი მსოფლიო რეკორდის დამყარებას აპირებს.
loading...