13 October 2013

კოლუმბიაში 156 ტონა საცობის გადამუშავების რეკორდი დამყარდა

კოლუმბიაში საქველმოქმედო ფონდ "სანარის" ორგანიზებით პლასმასის საცობების გადამუშავების რეკორდი დამყარდა. კამპანიიდან მიღებული თანხა კიბოთი დაავადებულ 500 ბავშვს მოხმარდება.

რეკორდი 8 საათის განმავლობაში საცობების მაქსიმალური რაოდენობის გადამუშავებას ითვალისწინებდა. გინესის მსოფლიო რეკორდების წესების თანახმად, საცობების შეგროვება განუსაზღვრელი ვადით შეიძლება, გადამუშავება კი დროის კონკრეტულ მონაკვეთში (ამ შემთხვევაში – 8 საათში) უნდა მოხდეს.


თავდაპირველად, "სანარის" მიზანი 100–ტონიანი ნიშნულის მიღწევა იყო, თუმცა ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ მალევე გააცნობიერა, რომ კოლუმბიის 45–მილიონიანი მოსახლეობის დახმარებით გაცილებით დიდი რაოდენობის სახურავების შეგროვება შეიძლებოდა.

კამპანიის განხორციელებაში "სანარის ფონდს" აქტიურად ეხმარებოდა სახელმწიფო ფოსტის სერვისი, რომელმაც მთელი ქვეყნის მასშტაბით შეგროვებული საცობების დანიშნულების ადგილამდე მიტანა უზრუნველყო, და პოლიციის 300 თანამშრომელი, რომლებმაც ტომრების დატვირთვაში მიიღეს მონაწილეობა.


კამპანიის დასკვნითი ღონისძიება კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტას გარეუბანში გაიმართა; გინესის მსოფლიო რეკორდების არბიტრის – რალფ ჰანას თანდასწრებით აწონეს ბოთლის სახურავებით დატვირთული ტრაილერები როგორც გადამამუშავებელ კონვეიერში შესვლამდე, ისე გამოსვლის შემდეგ (ტვირთის გარეშე). მთლიანი პროცედურა წინასწარ გათვალისწინებული 8 საათის ნაცვლად 4 საათში დასრულდა. მიღებულმა შედეგმა 156.460 კილოგრამს მიაღწია, რაც დაახლოებით 70 მილიონი საცობის საერთო წონაა. ამ შედეგით მნიშვნელოვანი სხვაობით გაუმჯობესდა წინა რეკორდი – 91.017.8 კგ, რომელიც 2011 წელს არგენტინაში, ასევე ბავშვთა საქველმოქმედო ფონდის – "გარაჰანის" მიერ ჩატარდა.

გინესის მსოფლიო რეკორდების ოფიციალური სერტიფიკატი "სანარის" დირექტორს – ელიზაბეტ კამპოსს გადაეცა, რომელმაც მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც არა მხოლოდ რეკორდის დამყარების დღეს, არამედ მთლიანი კამპანიის პროცესში იღებდა მონაწილეობას. კამპოსმა განაცხადა, რომ ბოთლების გადამუშავების აქცია ამ რეკორდით არ დასრულებულა და ფონდის მომავალ წელსაც გააგრძელებს მსგავს კამპანიას.


მომზადებულია "გინესის მსოფლიო რეკორდების" მიხედვით
loading...