21 October 2013

მარნეულელმა დავით ჟორჟოლიანმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა

19 ოქტომბერს, მარნეულის სპორტულ კომპლექს "ატაჰოლდინგ ცენტრში" ადგილობრივმა მკვიდრმა, 22 წლის დავით ჟორჟოლიანმა 30 კგ ტვირთით წოლბჯენში ცერა თითებზე შეუსვენებლად 20 აზიდვა შეასრულა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ჟორჟოლიანის ასპარეზობა საქართველოს რეკორდების ფედერაციის ორგანიზებითა და მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით გაიმართა.

ღონისძიება მარნეულელი სპორტსმენის – თენგიზ ნავერიანის სახელობის ძიუდოს საერთაშორისო ტურნირის მიმდინარეობისას ჩატარდა. რეკორდის დამყარების პროცესი საქართველოს რეკორდების ფედერაციის ინტერნეტ მაუწყებლობის საშუალებით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. დავით ჟორჟოლიანს აქტიურად გულშემატკივრობდნენ ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლები, ტურნირის მონაწილე ქართველი და უცხოელი სპორტსმენები, მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტის სამსახურის თანამშრომლები და თანაქალაქელები.

საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, რეკორდსმენის ტიტულის მოსაპოვებლად სპორტსმენს მინიმუმ ათი აზიდვა უნდა შეესრულებინა, თუმცა ჟორჟოლიანმა სარეკორდო ნორმას ორჯერ გადააჭარბა. მსგავსი კატეგორიის რეკორდი (ცერა თითებზე აზიდვა დამატებითი სიმძიმით) მსოფლიო მასშტაბით უპრეცედენტოა.

"ამ რეკორდისთვის სამი თვის განმავლობაში ვემზადებოდი. სამომავლოდ 40–კილოგრამიანი ტვირთით ვაპირებ ახალი რეკორდის დამყარებას. ასევე შევეცდები გავაუმჯობესო გინესის რეკორდი – 35 აზიდვა ერთ წუთში (სიმძიმის გარეშე)" – განაცხადა დავით ჟორჟოლიანმა.

მარნეულელი სპორტსმენის მიღწევა საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯებმა ადგილზე დააფიქსირეს და ჟორჟოლიანს სერტიფიკატი და მედალი გადასცეს. რეკორდის ფოტო–ვიდეომასალა და სპეციალური სარეგისტრაციო ოქმები უახლოეს მომავალში საერთაშორისო ორგანიზაციებსაც გადაეგზავნება დასამტკიცებლად.
იხილეთ რეკორდის ვიდეო და ფოტოგალერეა


loading...