28 October 2013

მსოფლიოს ყველაზე მაღალი მამაკაცი დაქორწინდა

მსოფლიოში ყველაზე მაღალი მამაკაცი – 30 წლის თურქი სულთან კოსენი დაქორწინდა. მისი რჩეული 21 წლის მერვე დიბოა. საქორწინო ცერემონია თურქეთის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ მარდინში გაიმართა. 1500 სტუმარს შორის გინესის მსოფლიო რეკორდების წარმომადგენლებიც იყვნენ.

2.51 მეტრი სიმაღლის სულთანი მეუღლეზე  76 სმ–ით მაღალია – მერვეს სიმაღლე 1.75 მეტრს შეადგენს.

სულთან კოსენმა პოპულარობა 2009 წელს მოიპოვა, როდესაც გინესის მსოფლიო რეკორდებისგან ყველაზე მაღალი მამაკაცის ტიტული ოფიციალურად მიიღო. ლონდონში პირველი ვიზიტის დროს, 2009 წლის სექტემბერში სულთანმა განაცხადა, რომ იმედი ქონდა, ახალი მოპოვებული პოპულარობა მის ცხოვრებას შეცვლიდა და მეორე ნახევრის პოვნაში დაეხმარებოდა.


„მეგობარი გოგონას პოვნა საკმაოდ მიძნელდება, ყველას ეშინია ჩემი. ვიმედოვნებ, რომ პოპულარობა საშუალებას მომცემს ბევრი გოგონა გავიცნო. დაქორწინება ჩემი ოცნებაა“ – ამბობდა თურქი რეკორდსმენი.

სულთანის მოლოდინი გამართლდა: რეკორდსმენად გახდომის შემდეგ უფასოდ ჩაუტარდა ზრდის შესაჩერებელი ოპერაცია, მიიღო შესაბამისი ზომის ტანსაცმელი და მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობის შესაძლებლობა. რაც მთავარია, გუშინდელი ქორწინებით მთავარი ოცნებაც აისრულა.


წყვილმა ერთმანეთი საერთო მეგობრის დახმარებით 2 თვის უკან გაიცნო. სულთანის სანახავად გოგონა მშობლიური სირიიდან თურქეთში, კოსენის სოფელ დედე კოიში ჩავიდა.

„თავიდან ყველა მირჩევდა, ცოლად არ გავყოლოდი სულთანს მისი სიმაღლის გამო, მაგრამ მე ის გულით მიყვარს და სიმაღლე არ მაინტერესებს“ – აცხადებს მერვე დიბო.

საქორწინო ცერემონიის დასრულების შემდეგ ახალდაქორწინებული წყვილი სულთანის სოფელში დაბრუნდა. ისინი იმედოვნებენ, რომ „ღვთის წყალობით“ ორი შვილი ეყოლებათ.

მასალა მომზადებულია „გინესის მსოფლიო რეკორდების“ მიხედვით
loading...