31 October 2013

პელეს გინესის რეკორდსმენის სერტიფიკატები გადაეცა

29 ოქტომბერს, ლონდონში გამართულ HMV Football Extravaganza–ს ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაზე ბრაზილიელ ფეხბურთის ლეგენდას – პელეს გინესის მსოფლიო რეკორდების ორი სერტიფიკატი გადაეცა.

73 წლის პელეს კარიერის მანძილზე გატანილი ყველაზე მეტი გოლისა და მსოფლიო თასის ყველაზე მეტჯერ მოგებისთვის მსოფლიო რეკორდსმენის სერტიფიკატები გინესის მსოფლიო რეკორდების მთავარმა რედაქტორმა კრეიგ გლენდეიმ გადასცა.

გინესის მსოფლიო რეკორდების მიერ გამოთვლილი მონაცემებით, 21–წლიანი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში (1956 წლის 7 სექტემბრიდან 1977 წლის 1 ოქტომბრამდე) ედსონ არანტეს დო ნასიმენტომ 1 283 გოლის გატანა მოახერხა.
გარდა ამისა, ფეხბურთის ისტორიაში პელე ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო თასის მფლობელის სამი მედალი დაიმსახურა.

„გინესის რეკორდების წიგნში პელე პირველად 1970 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მტკიცედ დაიმკვიდრა ადგილი ყოველი წლის ახალ გამოცემაში, 2014 წლის გამოცემის ჩათვლით. მისი პიროვნება სცდება ფეხბურთისა და მთლიანად სპორტის სფეროს, იგი ქველმოქმედების დამსახურებული ელჩია. დიდი სიხარულით ვულოცავთ ასეთი შთამბეჭდავი კარიერისთვის უკვე ოფიციალურად მინიჭებულ სტატუსს“  – განაცხადა დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ კრეიგ გლენდეიმ.

გინესის მსოფლიო რეკორდების სერტიფიკატების გარდა, ფეხბურთის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის Football Extravaganza –მ პელეს „ფეხბურთის ლეგენდის“ წოდება მიანიჭა.

„პელე ყველა დროის უდიდესი ფეხბურთელი და ადამიანია, რომელიც ყოველთვის ლამაზ თამაშთან ასოცირდება. იგი უყვართ და აფასებენ მსოფლიოს ყველა კუთხეში. ჩვენთვის დიდი პატივია პელესთვის „ფეხბურთის ლეგენდის“ წოდების მინიჭება.“ – განაცხადა Football Extravaganza–ს თავმჯდომარე ბრაიან მაკლაფლინმა.

სხვადასხვა დროს „ფეხბურთის ლეგენდის“ ლაურეატები იყვნენ: ბობი რობსონი (2001), ალექს ფერგიუსონი (2005), ერიკ კანტონა (2010) და ჟოზე მაურინიო (2011).


მასალა მომზადებულია "გინესის მსოფლიო რეკორდების" მიხედვით
loading...