ჩხოროწყუში ყველაზე დიდი ელარჯი მომზადდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა მეორე რეკორდი დაამყარა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა მხატვარმა ვახტანგ აბაშიძემ მორიგი რეკორდი ზეპირ მათემატიკურ გამოთვლაში დაამყარა იოსებ ხუციშვილმა მორიგი რეკორდი დაამყარა

30 November 2013

რაბათის ციხეზე მსოფლიო რეკორდი დამყარდება

კვირას, 1 დეკემბერს, 15:00 საათზე ახალციხის მკვიდრი არტაშეს ელბაქიანი რაბათის ციხეზე მსოფლიო რეკორდის დამყარებას შეეცდება. მისი მიზანია ტურნიკზე წინ მიმართულებით ტრიალში ყველაზე მეტი მოძრაობის შესრულება. ღონისძიების მხარდამჭერია ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო და გამგეობა.

აღნიშნულ კატეგორიაში მიმდინარე რეკორდი სომხეთის მოქალაქე რომან შარადიანს ეკუთვნის 152 ერთეულით. აქედან გამომდინარე, მსოფლიო რეკორდსმენის ტიტულის მოსაპოვებლად არტაშეს ელბაქიანს მინიმუმ 153 ბრუნის შესრულება მოუწევს.

ღონისძიება საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯების მეთვალყურეობის ქვეშ, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდება და წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში ახალციხელ სპორტსმენს მისი მიღწევის დამადასტურებელი სერტიფიკატი და მედალი გადაეცემა.

ელბაქიანის ასპარეზობა პირდაპირ ეთერში გადაიცემა საქართველოს რეკორდების ფედერაციის ინტერნეტ–მაუწყებლობის – GRF TV–ის მეშვეობით და ნებისმიერ ინტერნეტ–მომხმარებელს საშუალება ექნება, ფედერაციის ვებ–გვერდიდან, ონლაინ რეჟიმში დააკვირდეს რეკორდის დამყარების პროცესს.

25 წლის არტაშეს ელბაქიანი ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით რეკორდსმენობის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი პრეტენდენტია.

18 November 2013

ანა ლომინაძის რეკორდი „რიფლეის წიგნში“ შეიტანეს

ქართველი მოცურავის, ანა ლომინაძის რეკორდი ამერიკული გამოცემის – „რიფლეის დაუჯერებელი ფაქტების წიგნში“ შეიტანეს. დავით ბეგიაშვილის შემდეგ ანა მეორე ქართველი რეკორდსმენია, რომელიც „რიფლეის“ პუბლიკაციებში მოხვდა.

აღნიშნული რეკორდი ანა ლომინაძემ 17 წლის ასაკში,2012 წლის 30 აგვისტოს, თურქეთში დაამყარა. მან ხელფეხშეკრულ მდგომარეობაში, შეუსვენებლად გადაცურა დარდანელის სრუტის 5,500 მეტრიანი მონაკვეთი.

გთავაზობთ „რიფლეის წიგნში“ ანას რეკორდის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას:


„შებოჭვა წარმატების მისაღწევად“

„ანა ლომინაძემ, 17 წლის ქართველმა მოსწავლემ, 50 წუთში ხელფეხშეკრულმა გადაცურა დარდანელის სრუტის 6,000 იარდის (5,500მ) სიგრძის მონაკვეთი თურქეთში, 2012 წლის 30 აგვისტოს. ხელფეხშეკრული ცურვის სტილს „კოლხური“ ეწოდება და ტრადიციულად ქართული სამხედრო მომზადების დროს გამოიყენებოდა. დარდანელის გადაცურვით ანამ არა მხოლოდ მსოფლიო რეკორდი დაამყარა, არამედ მსოფლიოში პირველი ქალი გახდა, რომელმაც აღნიშნული სრუტის გადაცურვა ხელფეხშეკრულ მდგომარეობაში მოახერხა“.

ანა ლომინაძის რეკორდი თავდაპირველად საქართველოს რეკორდების ფედერაციამ დაარეგისტრირა და შესაბამისი დოკუმენტაცია საერთაშორისო ორგანიზაციებსაც გადაუგზავნა. ქართველმა მოცურავემ პირველი საერთაშორისო აღიარება „რეკორდსეთერის მსოფლიო რეკორდებისგან“ (აშშ) მოიპოვა.

„რიფლეის“ 2014 წლის გამოცემა, რომელშიც ანა ლომინაძის რეკორდია გამოქვეყნებული, მიმდინარე წლის სექტემბერში დაიბეჭდა.  წიგნს აგრეთვე ერთვის სპეციალური აპლიკაცია, რომელშიც სხვა საინტერესო ფაქტებთან ერთად ქართველი გოგონას რეკორდის ამსახველი ვიდეომასალაა ჩაწერილი. ანა უახლოეს მომავალში „რიფლეის“ გამომცემლობისგან წიგნს და მისი მიღწევის დამადასტურებელ სერტიფიკატს მიიღებს.

იხილეთ ანა ლომინაძის რეკორდის ფოტოგალერეა და ვიდეომასალა:


15 November 2013

საუკეთესო რეკორდები „გინესის დღე – 2013–ზე“

14 ნოემბერს გინესის „მსოფლიო რეკორდების დღე – 2013“ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გრანდიოზულად აღინიშნა. ღონისძიებაში სხვადასხვა ქვეყნიდან რამდენიმე ათასი მონაწილე ჩაერთო, რომლებმაც რეკორდების საერთაშორისო დღე საკმაოდ უცნაური და საინტერესო რეკორდების დამყარებით იზეიმეს.

გთავაზობთ „გინესის დღე – 2013–ის“ საუკეთესო რეკორდებს:

პინგვინის ფორმაში ჩაცმული ადამიანების უდიდესი შეკრება


ბავშვთა თავშესაფარ „რიჩარდ ჰაუზის“ ორგანიზებით, ლონდონის კანარის პორტში პინგვინის ფორმაში გამოწყობილი 325 ადამიანი შეიკრიბა.


„წარმოუდგენელია! ჩვენ მოვხვდებით რეკორდების წიგნში, რომელიც უზრუნველყოფს ცნობიერების ამაღლებას იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმის მიმართ, რომელსაც ჩვენ ვეწევით და ვეხმარებით შეზღუდული ჯანდაცვის სერვისების მქონე ოჯახებს“ – განაცხადა ღონისძიების ორგანიზატორმა ჰანა ბოსლიმ.

ერთდროულად დატრიალებული ყველაზე ბევრი ჰულა–ჰუპი


ლონდონის შეფტესბარის თეატრში 10 გოგონასგან შემდგარმა ჯგუფმა ერთდროულად ყველაზე დიდი რაოდენობის – 264 ჰულა–ჰუპის დატრიალება მოახერხა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. რეკორდსმენთა გუნდს ცნობილი ცირკის მსახიობი, ზედმეტსახელად „საოცარი მარავას“ ხელმძღვანელობდა.

„ეს ტრიუკი ინდივიდუალურადაც კი რთული შესასრულებელია, ასე რომ ათი ერთნაირი შესაძლებლობის მქონე ადამიანი უდიდესი მიღწევაა“ – განაცხადა მარავამ.
ღონისძიებას გინესის მსოფლიო რეკორდების მთავარი რედაქტორი კრეიგ გლენდეი დაესწრო და გოგონებს რეკორდის დამადასტურებელი სერტიფიკატი პირადად გადასცა.

ყველაზე მეტი გასროლილი დარტსის ისრის დაჭერა და ყველაზე ბევრ ვერტიკალურად მდგარ ბოთლებზე გავლა


გინესის დღის აღსანიშნავად საბრძოლო ხელოვნებების მიმდევარმა ჯო ალექსანდერმა გერმანიაში ზედიზედ ორი რეკორდი დაამყარა.

ჰამბურგში გამართულ სარეკორდო ღონისძიებაზე ალექსანდერმა ერთმანეთის მიყოლებით ჰორიზონტალურად მდგარ 60 ბოთლზე მოახერხა გავლა და გასული წლის სექტემბერში ცირკის მსახიობ ჩელსი მაკ’გაფინის მიღწევა 9 ერთეულით გააუმჯობესა.
ამის შემდეგ ჯო შეეცადა, დაემყარებინა ახალი რეკორდი გასროლილი დარტსის ისრების ხელით დაჭერაში.


პირველ ცდაზე მან 14 ისრის დაჭერა მოახერხა, რაც სავსებით საკმარისი აღმოჩნდა მსოფლიო რეკორდის მისაღწევად, თუმცა გერმანელი რეკორდსმენი ამ შედეგმა არ დააკმაყოფილა – ვარჯიშის დროს მისი საუკეთესო შედეგი 15 დაჭერილი ისარი იყო. საბოლოოდ, მესამე ცდაზე ჯო ალექსანდერმა მოახერხა, ეჩვენებინა ყველა დროის საუკეთესო შედეგი – ხელით დაჭერილი 16 ისარი წუთში.

100 მეტრის ყველაზე სწრაფად გარბენა ოთხივე კიდურით


ადამიან–მაიმუნად წოდებულმა იაპონელმა კეინიჩი იტომ საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა და კიდევ ერთხელ მოახერხა მაყურებლის გაოცება.

ტოკიოს ათლეტიზმის ოლიმპიურ პარკში (იაპონია) სპეციალურად გინესის დღისთვის ორგანიზებულ ღონისძიებაზე იტომ ოთხივე კიდურის გამოყენებით 100–მეტრიანი დისტანცია ყველაზე სწრაფად – 16.87 წამში დაფარა და ზუსტად ერთი წლის წინ, „გინესის დღე 2012–ზე“ დამყარებული საკუთარი რეკორდი – 17.47 წამი გააუმჯობესა.

ყველაზე დიდი ნაქსოვი შარფი


ნორვეგიელი ჰელგე იოჰანსენის ქსოვის ნიჭმა კიდევ ერთხელ მიიქცია გინესის მსოფლიო რეკორდების ყურადღება და „გინესის დღე – 2013–ზე“ იოჰანსენის მიერ დამზადებული ყველაზე დიდი ზომის შარფი წარმოადგინეს.

4.565.46 მეტრი სიგრძის ნაქსოვმა შესამჩნევი სხვაობით გადააჭარბა იოჰანსენის წინა სარეკორდო ქმნილებას –2006 წელს დამზადებულ 3,463.73 სიგრძის შარფს.

ყველაზე დიდი მანძილიდან ნასროლი კალათბურთის ბურთი


აშშ–ს ავიახაზების ცენტრში, NBA–ს „Phoenix Suns–ის“ დარბაზში ამერიკელმა კორეი ლოუმ კალათბურთის ბურთი 33.45 მეტრის მანძილიდან მოათავსა კალათში და გინესის ახალი რეკორდი დაამყარა.

წინა რეკორდი – 31.9 მეტრი პეპერდაინის უნივერსიტეტის (აშშ) ყოფილ სტუდენტ ელან ბულერს ეკუთვნოდა.

„ეს დიდი პატივია ჩემთვის! ჯერ კიდევ არ მჯერა რომ რეკორდის დამყარება მოვახერხე. 31.9 მეტრი, გასაოცარია!“ – განაცხადა ლოუმ.

მამაკაცის მიერ შესრულებული ყველაზე ბევრი სალტო


„გინესის დღე 2013–ზე“ 17 წლის ტიმ ვაიდმა გასულ წელს დამყარებული თავისივე რეკორდი მოხსნა.

დალასის AT&T სტადიონზე, კოვბოების მიმდევართა 2013 წლის ჩემპიონატზე თინეიჯერმა რეკორდსმენმა უკუმიმართულებით ზედიზედ 46 სალტო შეასრულა და წინა რეკორდი 7 ერთეულით გააუმჯობესა.

იხილეთ „გინესის დღე – 2013–ზე“ დამყარებული რეკორდების ვიდეო:




მასალა მომზადებულია „გინესის მსოფლიო რეკორდების“ მიხედვით

14 November 2013

დღეს „გინესის მსოფლიო რეკორდების დღე – 2013“ აღინიშნება

დღეს, 14 ნოემბერს, გინესის მსოფლიო რეკორდების საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღსანიშნავად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ათასობით ადამიანი სხვადასხვა მსოფლიო რეკორდის დამყარებას შეეცდება.

დაგეგმილი სარეკორდო ღონისძიებებიდან აღსანიშნავია: იაპონიაში – ნინძას ფორმაში გამოწყობილი ყველაზე მეტი ადამიანის შეკრება (მიმდინარე რეკორდი – 250 მონაწილე), გერმანიაში – ჯო ალექსანდერი შეეცდება დაამყაროს რეკორდი ერთი წუთის განმავლობაში გასროლილი ისრების ხელით დაჭერაში (მიმდინარე რეკორდი – 12 ისარი). ამერიკელი ტიმ ვაიდის  მიზანი კი ყველაზე მეტი სალტოს შესრულებაა (მიმდინარე რეკორდი – 44).

დიდ ბრიტანეთში – შეფტესბარის თეატრში იგეგმება ათი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფის მიერ ყველაზე მეტი ჰულა–ჰუპის დატრიალება (მიმდინარე რეკორდი – 200 ჰულა–ჰუპი). კანარის პორტში კი ბავშვთა თავშესაფარ „რიჩარდ ჰაუზის“ მხარდასაჭერად დაგეგმილია რეკორდის დამყარება პინგვინის ფორმაში გამოწყობილი ადამიანების ყველაზე დიდი რაოდენობის შეკრებით (მიმდინარე რეკორდი – 250 მონაწილე).

გარდა ამისა, ჰონკონგში აპირებენ ყველაზე მეტი ადამიანის მიერ ჟესტების ენით საუბრის რეკორდის დამყარებას (მიმდინარე რეკორდი – 4.796 ადამიანი), ტაილანდში – ერთ წუთში თავდაყირა აზიდვების (მიმდინარე რეკორდი – 20 აზიდვა), ავსტრალიაში – წყალქვეშ ხმლის ჩაყლაპვის რეკორდის (მიმდინარე რეკორდი – 8 მეტრის სიღრმეზე), ნორვეგიაში წარმოადგენენ ყველაზე გრძელ ნაქსოვ შარფს (მიმდინარე რეკორდი – 3.463.73 მეტრი), საფრანგეთში – ფეხის თითებით ერთ წუთში ყველაზე მეტი კვერცხის დამტვრევის რეკორდი დამყარდება (მიმდინარე რეკორდი – 55 კვერცხი), იაპონელი კენიჩი იტო კი შეეცდება მოხსნას რეკორდი 100 მეტრზე ოთხივე კიდურით უსწრაფეს სირბილში (მიმდინარე რეკორდი – 17.29 წამი).

„თუ ოდესმე გიოცნებიათ, მოხვედრილიყავით მსოფლიოში ყველაზე სახელგანთქმულ რეკორდების წიგნში, ეს თქვენი შანსია. გინესის მსოფლიო რეკორდების დღე აერთიანებს თანამოაზრე ადამიანებს, იქნებიან ისინი ნინძას, ჰულა–ჰუპერის, ხმლების მყლაპავის თუ პინგვინის ამპლუაში, ეს ყველაფერი უფასო და ღიაა აბსოლუტურად ყველასათვის. ერთია, როცა გაქვთ საოცარი უნარი, მაგრამ სულ სხვაა, როდესაც გენიჭებათ ოფიციალური საოცრების ტიტული“ – განაცხადა გინესის მსოფლიო რეკორდების მთავარმა რედაქტორმა კრეიგ გლენდეიმ.

გინესის მსოფლიო რეკორდების დღე 2004 წლიდან, მას შემდეგ აღინიშნება, რაც გინესის წიგნი მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი საავტორო უფლების მქონე წიგნი გახდა.

მასალა მომზადებულია „გინესის მსოფლიო რეკორდების“ მიხედვით

06 November 2013

ტაიგერ ვუდსმა გოლფის ბურთი ევროპიდან აზიის ტერიტორიაზე გადაისროლა

ბრიტანული გამოცემის, „დეილი ნიუსის“ ინფორმაციით გუშინ, ბოსფორის ხიდზე შესრულებული ტრიუკით ტაიგერ ვუდსი ისტორიაში პირველი გოლფის მოთამაშე გახდა, რომელმაც ერთი კონტინენტიდან მეორეზე მოახერხა ბურთის გადაგდება. სანახაობამ საერთაშორისო მედიის განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, დაინტერესდება თუ არა ვუდსის მიღწევით გინესის მსოფლიო რეკორდების გამომცემლობა.

კილომეტრნახევარი სიგრძის ხიდი, რომელზეც საჩვენებელი გამოსვლა ჩატარდა, ერთ–ერთია სტამბულში ბოსფორის სრუტეზე არსებულ ორ დაკიდებულ ხიდს შორის. იგი 1973 წელს გაიხსნა და დღესდღეობით მასზე ყოველდღიურად, ორივე მიმართულებით 180 000 ავტომობილი მოძრაობს.


ვუდსის ტრიუკის განსახორციელებლად, თურქეთის ხელისუფლება იძულებული გახდა, 20 წუთის განმავლობაში შეეჩერებინა სატრანსპორტო მოძრაობის ერთი ნაკადი ხიდზე, დღის ერთ–ერთ ყველაზე დატვირთულ მონაკვეთში, რამაც მოძრაობის მნიშვნელოვანი შეფერხება გამოიწვია.


38 წლის ტაიგერ ვუდსი დღემდე ინარჩუნებს მსოფლიოს №1 გოლფის მოთამაშის წოდებას მსოფლიო რეიტინგში, მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის ამერიკის ღია ჩემპიონატის შემდეგ  არ მოუპოვებია  არცერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება.

მიმდინარე წელს, 79 მილიონი დოლარის გამომუშავებით მან დაიბრუნა ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტის ვარსკვლავის ტიტული. გასულ თვეში, მხოლოდ აბუ–დაბიში მიმდინარე ჩემპიონატსა და ჩინეთში, რორი მაკლროისთან ერთად საჩვენებელ მატჩში მონაწილეობისთვის დაახლოებით 8 მილიონი დოლარი მიიღო. ვუდისის სპონსორ კომპანიებს შორის აღსანიშნავია ნაიკი, რომელიც გოლფის ვარსკვლავს ყოველწლიურად 17 მილიონ დოლარს უხდის.



მასალა მომზადებულია "დეილი მეილის" მიხედვით