18 November 2013

ანა ლომინაძის რეკორდი „რიფლეის წიგნში“ შეიტანეს

ქართველი მოცურავის, ანა ლომინაძის რეკორდი ამერიკული გამოცემის – „რიფლეის დაუჯერებელი ფაქტების წიგნში“ შეიტანეს. დავით ბეგიაშვილის შემდეგ ანა მეორე ქართველი რეკორდსმენია, რომელიც „რიფლეის“ პუბლიკაციებში მოხვდა.

აღნიშნული რეკორდი ანა ლომინაძემ 17 წლის ასაკში,2012 წლის 30 აგვისტოს, თურქეთში დაამყარა. მან ხელფეხშეკრულ მდგომარეობაში, შეუსვენებლად გადაცურა დარდანელის სრუტის 5,500 მეტრიანი მონაკვეთი.

გთავაზობთ „რიფლეის წიგნში“ ანას რეკორდის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას:


„შებოჭვა წარმატების მისაღწევად“

„ანა ლომინაძემ, 17 წლის ქართველმა მოსწავლემ, 50 წუთში ხელფეხშეკრულმა გადაცურა დარდანელის სრუტის 6,000 იარდის (5,500მ) სიგრძის მონაკვეთი თურქეთში, 2012 წლის 30 აგვისტოს. ხელფეხშეკრული ცურვის სტილს „კოლხური“ ეწოდება და ტრადიციულად ქართული სამხედრო მომზადების დროს გამოიყენებოდა. დარდანელის გადაცურვით ანამ არა მხოლოდ მსოფლიო რეკორდი დაამყარა, არამედ მსოფლიოში პირველი ქალი გახდა, რომელმაც აღნიშნული სრუტის გადაცურვა ხელფეხშეკრულ მდგომარეობაში მოახერხა“.

ანა ლომინაძის რეკორდი თავდაპირველად საქართველოს რეკორდების ფედერაციამ დაარეგისტრირა და შესაბამისი დოკუმენტაცია საერთაშორისო ორგანიზაციებსაც გადაუგზავნა. ქართველმა მოცურავემ პირველი საერთაშორისო აღიარება „რეკორდსეთერის მსოფლიო რეკორდებისგან“ (აშშ) მოიპოვა.

„რიფლეის“ 2014 წლის გამოცემა, რომელშიც ანა ლომინაძის რეკორდია გამოქვეყნებული, მიმდინარე წლის სექტემბერში დაიბეჭდა.  წიგნს აგრეთვე ერთვის სპეციალური აპლიკაცია, რომელშიც სხვა საინტერესო ფაქტებთან ერთად ქართველი გოგონას რეკორდის ამსახველი ვიდეომასალაა ჩაწერილი. ანა უახლოეს მომავალში „რიფლეის“ გამომცემლობისგან წიგნს და მისი მიღწევის დამადასტურებელ სერტიფიკატს მიიღებს.

იხილეთ ანა ლომინაძის რეკორდის ფოტოგალერეა და ვიდეომასალა:


loading...