14 November 2013

დღეს „გინესის მსოფლიო რეკორდების დღე – 2013“ აღინიშნება

დღეს, 14 ნოემბერს, გინესის მსოფლიო რეკორდების საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღსანიშნავად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ათასობით ადამიანი სხვადასხვა მსოფლიო რეკორდის დამყარებას შეეცდება.

დაგეგმილი სარეკორდო ღონისძიებებიდან აღსანიშნავია: იაპონიაში – ნინძას ფორმაში გამოწყობილი ყველაზე მეტი ადამიანის შეკრება (მიმდინარე რეკორდი – 250 მონაწილე), გერმანიაში – ჯო ალექსანდერი შეეცდება დაამყაროს რეკორდი ერთი წუთის განმავლობაში გასროლილი ისრების ხელით დაჭერაში (მიმდინარე რეკორდი – 12 ისარი). ამერიკელი ტიმ ვაიდის  მიზანი კი ყველაზე მეტი სალტოს შესრულებაა (მიმდინარე რეკორდი – 44).

დიდ ბრიტანეთში – შეფტესბარის თეატრში იგეგმება ათი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფის მიერ ყველაზე მეტი ჰულა–ჰუპის დატრიალება (მიმდინარე რეკორდი – 200 ჰულა–ჰუპი). კანარის პორტში კი ბავშვთა თავშესაფარ „რიჩარდ ჰაუზის“ მხარდასაჭერად დაგეგმილია რეკორდის დამყარება პინგვინის ფორმაში გამოწყობილი ადამიანების ყველაზე დიდი რაოდენობის შეკრებით (მიმდინარე რეკორდი – 250 მონაწილე).

გარდა ამისა, ჰონკონგში აპირებენ ყველაზე მეტი ადამიანის მიერ ჟესტების ენით საუბრის რეკორდის დამყარებას (მიმდინარე რეკორდი – 4.796 ადამიანი), ტაილანდში – ერთ წუთში თავდაყირა აზიდვების (მიმდინარე რეკორდი – 20 აზიდვა), ავსტრალიაში – წყალქვეშ ხმლის ჩაყლაპვის რეკორდის (მიმდინარე რეკორდი – 8 მეტრის სიღრმეზე), ნორვეგიაში წარმოადგენენ ყველაზე გრძელ ნაქსოვ შარფს (მიმდინარე რეკორდი – 3.463.73 მეტრი), საფრანგეთში – ფეხის თითებით ერთ წუთში ყველაზე მეტი კვერცხის დამტვრევის რეკორდი დამყარდება (მიმდინარე რეკორდი – 55 კვერცხი), იაპონელი კენიჩი იტო კი შეეცდება მოხსნას რეკორდი 100 მეტრზე ოთხივე კიდურით უსწრაფეს სირბილში (მიმდინარე რეკორდი – 17.29 წამი).

„თუ ოდესმე გიოცნებიათ, მოხვედრილიყავით მსოფლიოში ყველაზე სახელგანთქმულ რეკორდების წიგნში, ეს თქვენი შანსია. გინესის მსოფლიო რეკორდების დღე აერთიანებს თანამოაზრე ადამიანებს, იქნებიან ისინი ნინძას, ჰულა–ჰუპერის, ხმლების მყლაპავის თუ პინგვინის ამპლუაში, ეს ყველაფერი უფასო და ღიაა აბსოლუტურად ყველასათვის. ერთია, როცა გაქვთ საოცარი უნარი, მაგრამ სულ სხვაა, როდესაც გენიჭებათ ოფიციალური საოცრების ტიტული“ – განაცხადა გინესის მსოფლიო რეკორდების მთავარმა რედაქტორმა კრეიგ გლენდეიმ.

გინესის მსოფლიო რეკორდების დღე 2004 წლიდან, მას შემდეგ აღინიშნება, რაც გინესის წიგნი მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი საავტორო უფლების მქონე წიგნი გახდა.

მასალა მომზადებულია „გინესის მსოფლიო რეკორდების“ მიხედვით
loading...