15 November 2013

საუკეთესო რეკორდები „გინესის დღე – 2013–ზე“

14 ნოემბერს გინესის „მსოფლიო რეკორდების დღე – 2013“ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გრანდიოზულად აღინიშნა. ღონისძიებაში სხვადასხვა ქვეყნიდან რამდენიმე ათასი მონაწილე ჩაერთო, რომლებმაც რეკორდების საერთაშორისო დღე საკმაოდ უცნაური და საინტერესო რეკორდების დამყარებით იზეიმეს.

გთავაზობთ „გინესის დღე – 2013–ის“ საუკეთესო რეკორდებს:

პინგვინის ფორმაში ჩაცმული ადამიანების უდიდესი შეკრება


ბავშვთა თავშესაფარ „რიჩარდ ჰაუზის“ ორგანიზებით, ლონდონის კანარის პორტში პინგვინის ფორმაში გამოწყობილი 325 ადამიანი შეიკრიბა.


„წარმოუდგენელია! ჩვენ მოვხვდებით რეკორდების წიგნში, რომელიც უზრუნველყოფს ცნობიერების ამაღლებას იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმის მიმართ, რომელსაც ჩვენ ვეწევით და ვეხმარებით შეზღუდული ჯანდაცვის სერვისების მქონე ოჯახებს“ – განაცხადა ღონისძიების ორგანიზატორმა ჰანა ბოსლიმ.

ერთდროულად დატრიალებული ყველაზე ბევრი ჰულა–ჰუპი


ლონდონის შეფტესბარის თეატრში 10 გოგონასგან შემდგარმა ჯგუფმა ერთდროულად ყველაზე დიდი რაოდენობის – 264 ჰულა–ჰუპის დატრიალება მოახერხა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. რეკორდსმენთა გუნდს ცნობილი ცირკის მსახიობი, ზედმეტსახელად „საოცარი მარავას“ ხელმძღვანელობდა.

„ეს ტრიუკი ინდივიდუალურადაც კი რთული შესასრულებელია, ასე რომ ათი ერთნაირი შესაძლებლობის მქონე ადამიანი უდიდესი მიღწევაა“ – განაცხადა მარავამ.
ღონისძიებას გინესის მსოფლიო რეკორდების მთავარი რედაქტორი კრეიგ გლენდეი დაესწრო და გოგონებს რეკორდის დამადასტურებელი სერტიფიკატი პირადად გადასცა.

ყველაზე მეტი გასროლილი დარტსის ისრის დაჭერა და ყველაზე ბევრ ვერტიკალურად მდგარ ბოთლებზე გავლა


გინესის დღის აღსანიშნავად საბრძოლო ხელოვნებების მიმდევარმა ჯო ალექსანდერმა გერმანიაში ზედიზედ ორი რეკორდი დაამყარა.

ჰამბურგში გამართულ სარეკორდო ღონისძიებაზე ალექსანდერმა ერთმანეთის მიყოლებით ჰორიზონტალურად მდგარ 60 ბოთლზე მოახერხა გავლა და გასული წლის სექტემბერში ცირკის მსახიობ ჩელსი მაკ’გაფინის მიღწევა 9 ერთეულით გააუმჯობესა.
ამის შემდეგ ჯო შეეცადა, დაემყარებინა ახალი რეკორდი გასროლილი დარტსის ისრების ხელით დაჭერაში.


პირველ ცდაზე მან 14 ისრის დაჭერა მოახერხა, რაც სავსებით საკმარისი აღმოჩნდა მსოფლიო რეკორდის მისაღწევად, თუმცა გერმანელი რეკორდსმენი ამ შედეგმა არ დააკმაყოფილა – ვარჯიშის დროს მისი საუკეთესო შედეგი 15 დაჭერილი ისარი იყო. საბოლოოდ, მესამე ცდაზე ჯო ალექსანდერმა მოახერხა, ეჩვენებინა ყველა დროის საუკეთესო შედეგი – ხელით დაჭერილი 16 ისარი წუთში.

100 მეტრის ყველაზე სწრაფად გარბენა ოთხივე კიდურით


ადამიან–მაიმუნად წოდებულმა იაპონელმა კეინიჩი იტომ საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა და კიდევ ერთხელ მოახერხა მაყურებლის გაოცება.

ტოკიოს ათლეტიზმის ოლიმპიურ პარკში (იაპონია) სპეციალურად გინესის დღისთვის ორგანიზებულ ღონისძიებაზე იტომ ოთხივე კიდურის გამოყენებით 100–მეტრიანი დისტანცია ყველაზე სწრაფად – 16.87 წამში დაფარა და ზუსტად ერთი წლის წინ, „გინესის დღე 2012–ზე“ დამყარებული საკუთარი რეკორდი – 17.47 წამი გააუმჯობესა.

ყველაზე დიდი ნაქსოვი შარფი


ნორვეგიელი ჰელგე იოჰანსენის ქსოვის ნიჭმა კიდევ ერთხელ მიიქცია გინესის მსოფლიო რეკორდების ყურადღება და „გინესის დღე – 2013–ზე“ იოჰანსენის მიერ დამზადებული ყველაზე დიდი ზომის შარფი წარმოადგინეს.

4.565.46 მეტრი სიგრძის ნაქსოვმა შესამჩნევი სხვაობით გადააჭარბა იოჰანსენის წინა სარეკორდო ქმნილებას –2006 წელს დამზადებულ 3,463.73 სიგრძის შარფს.

ყველაზე დიდი მანძილიდან ნასროლი კალათბურთის ბურთი


აშშ–ს ავიახაზების ცენტრში, NBA–ს „Phoenix Suns–ის“ დარბაზში ამერიკელმა კორეი ლოუმ კალათბურთის ბურთი 33.45 მეტრის მანძილიდან მოათავსა კალათში და გინესის ახალი რეკორდი დაამყარა.

წინა რეკორდი – 31.9 მეტრი პეპერდაინის უნივერსიტეტის (აშშ) ყოფილ სტუდენტ ელან ბულერს ეკუთვნოდა.

„ეს დიდი პატივია ჩემთვის! ჯერ კიდევ არ მჯერა რომ რეკორდის დამყარება მოვახერხე. 31.9 მეტრი, გასაოცარია!“ – განაცხადა ლოუმ.

მამაკაცის მიერ შესრულებული ყველაზე ბევრი სალტო


„გინესის დღე 2013–ზე“ 17 წლის ტიმ ვაიდმა გასულ წელს დამყარებული თავისივე რეკორდი მოხსნა.

დალასის AT&T სტადიონზე, კოვბოების მიმდევართა 2013 წლის ჩემპიონატზე თინეიჯერმა რეკორდსმენმა უკუმიმართულებით ზედიზედ 46 სალტო შეასრულა და წინა რეკორდი 7 ერთეულით გააუმჯობესა.

იხილეთ „გინესის დღე – 2013–ზე“ დამყარებული რეკორდების ვიდეო:




მასალა მომზადებულია „გინესის მსოფლიო რეკორდების“ მიხედვით

loading...