30 November 2013

რაბათის ციხეზე მსოფლიო რეკორდი დამყარდება

კვირას, 1 დეკემბერს, 15:00 საათზე ახალციხის მკვიდრი არტაშეს ელბაქიანი რაბათის ციხეზე მსოფლიო რეკორდის დამყარებას შეეცდება. მისი მიზანია ტურნიკზე წინ მიმართულებით ტრიალში ყველაზე მეტი მოძრაობის შესრულება. ღონისძიების მხარდამჭერია ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო და გამგეობა.

აღნიშნულ კატეგორიაში მიმდინარე რეკორდი სომხეთის მოქალაქე რომან შარადიანს ეკუთვნის 152 ერთეულით. აქედან გამომდინარე, მსოფლიო რეკორდსმენის ტიტულის მოსაპოვებლად არტაშეს ელბაქიანს მინიმუმ 153 ბრუნის შესრულება მოუწევს.

ღონისძიება საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯების მეთვალყურეობის ქვეშ, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდება და წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში ახალციხელ სპორტსმენს მისი მიღწევის დამადასტურებელი სერტიფიკატი და მედალი გადაეცემა.

ელბაქიანის ასპარეზობა პირდაპირ ეთერში გადაიცემა საქართველოს რეკორდების ფედერაციის ინტერნეტ–მაუწყებლობის – GRF TV–ის მეშვეობით და ნებისმიერ ინტერნეტ–მომხმარებელს საშუალება ექნება, ფედერაციის ვებ–გვერდიდან, ონლაინ რეჟიმში დააკვირდეს რეკორდის დამყარების პროცესს.

25 წლის არტაშეს ელბაქიანი ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით რეკორდსმენობის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი პრეტენდენტია.
loading...