06 December 2013

არტაშეს ელბაქიანის რეკორდს Street Workout-ის მსოფლიო ფედერაცია ეხმაურება

ახალციხელი სპორტსმენის – არტაშეს ელბაქიანის რეკორდის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეკორდების ფედერაციაზე დაყრდნობით Street Workout-ის მსოფლიო ფედერაცია (WSWCF) აქვეყნებს.

გთავაზობთ სტატიის თარგმანს, რომელიც 5 დეკემბერს Street Workout-ის მსოფლიო ფედერაციის Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნდა.

"საინტერესო მოვლენა მოხდა ტანვარჯიშის სფეროში, WSWCF–ის წევრ ქვეყანა საქართველოში.
ქართველმა არტაშეს ელბაქიანმა ტანვარჯიშში მსოფლიო რეკორდი დაამყარა
საქართველოში ტანვარჯიშის მსოფლიო რეკორდი დამყარდა. 25 წლის არტაშეს ელბაქიანმა ჰორიზონტალურ ძელზე შეჩერებლად 401 ბრუნი შეასრულა. რეკორდის დამყარების პროცესს დაესწრნენ და წარმატება ადგილზე დააფიქსირეს საქართველოს რეკორდების ფედერაციის (რეკორდული მიღწევების სფეროს ხელმძღვანელი ორგანო საქართველოში) მსაჯებმა. 
ღონისძიება 1 დეკემბერს, საქართველოს ერთ–ერთ ულამაზეს ისტორიულ ძეგლზე – რაბათის ციხეზე (ახალციხის მუნიციპალიტეტში) ჩატარდა.
სარეკორდო ასპარეზობას 200–ზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო (მათ შორის იყვნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები). 
ციხის ეზოს ცენტრში გამართულ სცენაზე სტანდარტული ჰორიზონტალური ძელი დამონტაჟდა. უსაფრთხოების ზომების დაცვით, ღონისძიების მიმდინარეობას ესწრებოდა ადგილობრივი ექიმი. 
არტაშეს ელბაქიანს დაახლოებით 300 ბრუნის შესრულება ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა ამ ნიშნულის მიღწევის შემდეგაც არ შეჩერებულა. საერთო ჯამში, მან შეუჩერებლად 401 აზიდვა შეასრულა, რასაც დაახლოებით 13 წუთი დასჭირდა. ელბაქიანი ოფიციალურად გახდა მსოფლიო რეკორდის მფლობელი ჰორიზონტალურ ძელზე შეუჩერებლად ბრუნვაში. 
"ძალიან ბედნიერი ვარ, რეკორდსმენობა საუკეთესო შეგრძნებაა! უახლოეს მომავალში ჩემი მსოფლიო რეკორდის გაუმჯობესებას ვაპირებ" – განუცხადა არტაშესმა საქართველოს რეკორდების ფედერაციის რეპორტიორებს. 
საქართველოს რეკორდების ფედერაციისგან ელბაქიანს მსოფლიო რეკორდის დამადასტურებელი სერტიფიკატი და მედალი გადაეცა. გარდა ამისა, ყველა საჭირო მასალა საერთაშორისო სარეკორდო ორგანიზაციებს გაეგზავნება, მათ წიგნებსა და ვებ–გვერდებზე გამოსაქვეყნებლად."
ახალციხელი სპორტსმენის მიღწევის შესახებ საკუთარი მოსაზრება Street Workout-ის მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტმა – მარის სლეზინსმაც დააფიქსირა.

"მსგავსი ტიპის რეკორდები ოლიმპიადასა და სხვა გრანდიოზულ შეჯიბრებზე გამარჯვების შესანიშნავი ალტერნატივაა. იმედი მაქვს, არტაშეს ელბაქიანის რეკორდი გახდება შთაგონების წყარო სხვებისთვის, რომ თითოეულ ჩვენგანს შეუძლია გახდეს საუკეთესო რაიმე სფეროში" – განაცხადა სლეზინსმა.

loading...