04 December 2013

ახალციხელმა არტაშეს ელბაქიანმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა

1 დეკემბერს, რაბათის ციხეზე გამართულ სარეკორდო ასპარეზობაზე ახალციხელმა სპორტსმენმა არტაშეს ელბაქიანმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მან ტურნიკზე (ჰორიზონტალურ ძელზე) წინ მიმართულებით 401 ბრუნი შეასრულა და წინა რეკორდი 249 ერთეულით გააუმჯობესა. ღონისძიება ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის მხარდაჭერით ჩატარდა.

ასპარეზობა 15:00 სთ-ზე იყო დაგეგმილი, თუმცა ტექნიკური ხარვეზების გამო ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო. თანაქალაქელი სპორტსმენის საგულშემატკივროდ რაბათის ციხის ეზოში 200-მდე ადგილობრივი მცხოვრები იყო შეკრებილი. მათ შორის იყვნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი, გამგებლის მოადგილე აშოტ მანასიანი, ფრაქცია "ქართული ოცნება – ახალციხის" თავმჯდომარე ნუგზარ თამარაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

ღონისძიება ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლის სიმღერით გაიხსნა. შემდეგ კი დამსწრე საზოგადოების ტაშისა და შეძახილების ფონზე სცენაზე არტაშეს ელბაქიანი გამოვიდა და სპეციალურად მისთვის მოწყობილ ტურნიკზე სარეკორდო ასპარეზობა დაიწყო.

რეკორდის დამყარების პროცესი საქართველოს რეკორდების ფედერაციის ინტერნეტ–მაუწყებლობის – GRF TV–ის მეშვეობით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. 

ახალციხელი სპორტსმენის მოძრაობებს საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯები აფიქსირებდნენ და მის მიერ ნაჩვენებ შედეგს პერიოდულად აცხადებდნენ. სარეკორდო ნიშნულის გადაბიჯებამ გულშემატკივრებში განსაკუთრებული ემოცია გამოიწვია, საბოლოოდ დაფიქსირებულმა რეზულტატმა კი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა – არტაშეს ელბაქიანმა ტურნიკზე შეუჩერებლად 401 ბრუნი შეასრულა და ამ მაჩვენებლით 249 ერთეულით გააუმჯობესა წინა რეკორდი – 152 ბრუნი, რომელიც სომხეთის მოქალაქე რომან შარადიანს ეკუთვნოდა.

"არტაშეს ელბაქიანმა საუკეთესო შედეგი აჩვენა, მიმდინარე მსოფლიო რეკორდის ასეთი სხვაობით გაუმჯობესება იშვიათი შემთხვევაა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ელბაქიანის შესრულების სტილი ამ კატეგორიის რეკორდებს შორის ყველაზე სრულყოფილია" – განაცხადა საქართველოს რეკორდების ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ბეგიაშვილმა.

წარმატებული ასპარეზობის შემდეგ სპორტსმენი ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილმა დააჯილდოვა.

საქართველოს რეკორდების ფედერაცია არტაშეს ელბაქიანის რეკორდის მასალებს უახლოეს მომავალში საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაუგზავნის მათ გამოცემებში შესატანად.

იხილეთ ღონისძიების ფოტოგალერეა და ვიდეო:



ამ თემაზე:

რაბათის ციხეზე მსოფლიო რეკორდი დამყარდება
loading...