22 December 2013

იოსებ ხუციშვილმა ბრიტანელი პედი დოილის რეკორდი მოხსნა

20 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა იოსებ ხუციშვილმა მორიგი მსოფლიო რეკორდი დაამყარა! მან ცალ ხელზე, 21–კილოგრამიანი ტვირთით 46 აზიდვა შეასრულა და მრავალგზის გინესის რეკორდსმენისბრიტანელი პედი დოილის მიღწევა გააუმჯობესა.

ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სპორტკომპლექსში ჩატარდა. რეკორდის მიზანი ერთი წუთის განმავლობაში 18–კილოგრამიანი ტვირთით 31–ზე მეტი აზიდვის შესრულება იყო, თუმცა ხუციშვილმა 21–კილოგრამიანი ზურგჩანთით,  45 წამში 46 აზიდვა შეასრულა და დოილის მიღწევა დამაჯერებელი სხვაობით გააუმჯობესა.

რეკორდის დამყარების პროცესს საქართველოს რეკორდების ფედერაციის წარმომადგენლები დაესწრნენ, ხუციშვილის მიღწევა ადგილზე დააფიქსირეს და მსოფლიო რეკორდსმენის დამადასტურებელი კიდევ ერთი სერტიფიკატი გადასცეს (იოსებ ხუციშვილის წინა სარეკორდო ღონისძიებებიც საქართველოს რეკორდების ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა და საერთაშორისო მასშტაბის აღიარებებიც მოიპოვა).

რეკორდის დამყარების პროცესს ესწრებოდნენ და აქტიურად გულშემატკივრობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები. გარდა ამისა, რეკორდის დამყარების პროცესი ფედერაციის ინტერნეტ–ტელევიზიის, GRF TV – ის მეშვეობით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და მისი ყურება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, საქართველოს რეკორდების ფედერაციის ვებ–გვერდის საშუალებით იყო შესაძლებელი.

„დღევანდელი რეკორდის დასამყარებლად ორი თვის განმავლობაში ვემზადებოდი. ამით ჩემი სპორტული კარიერა არ დამიმთავრებია, სამომავლოდ ვაპირებ სხვა რეკორდების დამყარებას და თავისუფალი სტილით ჭიდაობაშიც გავაგრძელებ ასპარეზობას“ – აღნიშნა ხუციშვილმა.

ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ბეგიაშვილის განცხადებით, ხუციშვილმა დოილის შედეგს ორივე რიცხობრივი კრიტერიუმით (დროით და აზიდვების რაოდენობით) გადააჭარბა. „მიღებულ შედეგებს უახლოეს მომავალში გადავუგზავნით გინესის მსოფლიო რეკორდებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს“ – განაცხადა მან.

34 წლის იოსებ ხუციშვილი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სპორტული ჯგუფის ხელმძღვანელია. წარსულში მას 10 მსოფლიო რეკორდი აქვს დამყარებული. გარდა ამისა, მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, ირლანდიაში გამართულ „პოლიციისა და სახანძრო სამსახურის მსოფლიო ოლიმპიადაზე“, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, 75 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზა და ჩემპიონობა მოიპოვა.

იხილეთ ღონისძიების ფოტო და ვიდეომასალა:

loading...