15 December 2013

ლიტველმა ძალოსანმა გინესის რეკორდი დაამყარა

3 დეკემბერს, ქალაქ დრუსკინინკაიში ლიტველმა ძალოსანმა – ჟიდრუნას სავიჩკასმა ერთმანეთზე გადაბმული 12 ავტომობილი მხრებით გაწია და გინესის რეკორდი დაამყარა. ღონისძიება ავტომწარმოებელი კომპანია "ნისანის" მხარდაჭერით ჩატარდა.

სავიჩკასი ყველა დროის ერთ–ერთ საუკეთესო ძალოსნად მიიჩნევა. მას 5–ჯერ აქვს მოპოვებული ჩემპიონის ტიტული "მსოფლიოს უძლიერეს მამაკაცთა" ჩემპიონატზე.

სარეკორდო მიღწევის შესასრულებლად ლიტველ სპორტსმენს მხოლოდ ერთი ცდა დასჭირდა. მან 5 მეტრ დისტანციაზე გადააადგილა ერთმანეთზე გადაბმული "ნისან ნოუტის" 12 ჰეჩბექი (საერთო წონით 12.941 კილოგრამი). ღონისძიებას გინესის მსოფლიო რეკორდების მსაჯი ჯეკ ბროუკბენკი ესწრებოდა. მან ადგილზე დაადასტურა რეკორდის დამყარება და ძალოსანს ოფიციალური სერტიფიკატი გადასცა.

"რეკორდის დამყარება უდიდესი შეგრძნებაა. მხარდაჭერისთვის დიდ მადლობას ვუხდი "ნისანს", რომელმაც ჩემი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება მომცა" – განაცხადა სავიჩკასმა.

"ჩვენ ყოველთვის უმაღლესი მიზნები გვაქვს და მოგვწონს რეკორდების დამყარება. მოხარულები ვართ, რომ დავეხმარეთ ჟიდრუნასს და ღონისძიებაზე ვიხილეთ მისი ძალიან ბევრი გულშემატკივარი" – აღნიშნა ტაინა ერკილამ – ევროპასა და სკანდინავიის ქვეყნებში "ნისანის" წარმომადგენლობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დირექტორმა.

"ნისანის" სახელი წელს უკვე მეორედ მოხვდა რეკორდების წიგნში – მანამდე, 22 აგვისტოს, კომპანიის მიერ წარმოებულმა "ნისან–პატრულის" მარკის ავტომობილმა დაამყარა გინესის რეკორდი, როდესაც 170–ტონიანი თვითმფრინავის გაწევა მოახერხა.



loading...