18 December 2013

პოლიციის კაპიტანი იოსებ ხუციშვილი გინესის რეკორდის მოხსნას შეეცდება

20 დეკემბერს, 13:00 სთ–ზე, პოლიციის კაპიტანი და ათგზის მსოფლიო რეკორდსმენი იოსებ ხუციშვილი მორიგი რეკორდის დამყარებას შეეცდება. ღონისძიების მხარდამჭერია შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ხუციშვილის მიზანია, ერთი წუთის განმავლობაში, ცალ ხელზე 18–კილოგრამიანი ტვირთით წოლბჯენში აზიდვების მაქსიმალური რაოდენობის შესრულება. გინესის მსოფლიო რეკორდების ვერსიით, მიმდინარე რეკორდი 31 აზიდვაა და ბრიტანელ პედი დოილს ეკუთვნის.

ასპარეზობა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სპორტკომპლექსში (კახეთის გზატკეცილი, 38–ე კილომეტრი), ჩატარდება. რეკორდის დამყარების პროცესს დაესწრებიან და ადგილზე დააფიქსირებენ საქართველოს რეკორდების ფედერაციის წარმომადგენლები.

ღონისძიება ფედერაციის ინტერნეტ–მაუწყებლობის GRF TV–ის საშუალებით პირდაპირ ეთერში გადაიცემა და მისი ყურება ფედერაციის ვებ–გვერდზე იქნება შესაძლებელი.

34 წლის იოსებ ხუციშვილს დღემდე 10 მსოფლიო რეკორდი აქვს დამყარებული. გარდა ამისა, წარმატებით ასპარეზობს თავისუფალ ჭიდაობაშიც – მიმდინარე წლის 7 აგვისტოს ბელფასტში, "პოლიციისა და სახანძრო სამსახურის მსოფლიო ოლიმპიადის" ფინალში, 75 კგ წონითი კატეგორიაში, პერუელი მოწინააღმდეგე დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

loading...