10 January 2014

11 ექსტრემალური ამინდის რეკორდი CNN–ისგან

პოპულარული გამოცემა „სი–ენ–ენი“ მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) მონაცემებზე დაყრდნობით, 11 ექსტრემალურ მეტეოროლოგიურ რეკორდს აქვეყნებს. აღნიშნულ მონაცემებს ფოტომასალასთან ერთად უცვლელად გთავაზობთ:

ყველაზე დაბალი ტემპერატურა

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე დაბალი ტემპერატურა, – 89.2 გრადუსი ცელსიუსით 1983 წლის 21 ივლისს ვოსტოკზე (ანტარქტიდა) დაფიქსირდა.


ყველაზე მაღალი ტემპერატურა

გასული წლის ივლისში კალიფორნიაში, „სიკვდილის ველზე“ ტემპერატურამ 46.7 გრადუსს მიაღწია, თუმცა, WMO–ს მონაცემებით, ყველაზე ცხელი ტემპერატურა, 56.7 გრადუსი, უახლოეს წარსულში 1913 წელს დაფიქსირდა.


ყველაზე დიდი ნალექი ერთ წუთში

ერთ წუთში მოსული ყველაზე დიდი რაოდენობის ნალექის რეკორდი იუნიონვაილში (მერილენდი, აშშ) დაფიქსირდა – 1956 წლის 4 ივლისს მოსული წვიმის რაოდენობამ 31.2 მილიმეტრს მიაღწია.


ყველაზე დიდი ნალექი 24 საათში

1966 წლის 7–8 იანვარს, ინდოეთის ოკეანის სამხრეთში მდებარე კუნძულ ლა რეიუნიონზე ციკლონი „დენისის“ გადავლის შედეგად წარმოქმნილმა ნალექმა 1 825 მეტრს მიაღწია.


უმძიმესი სეტყვის მარცვალი

მსოფლიოში ყველაზე მძიმე სეტყვის მარცვალი, რომლის წონამ 1.02 კგ შეადგინა, 1986 წლის 14 აპრილს ბანგლადეშში აღმოაჩინეს. მაშინ წარმოქმნილმა შტორმმა გოპალგანჯის დასახლებაში 92 ადამიანი იმსხვერპლა.


ყველაზე გრძელი მშრალი პერიოდი

ისტორიაში ყველაზე მშრალი პერიოდი (14 წელიწადზე მეტი) ჩილეში დაფიქსირდა – 1903 წლის ოქტომბრიდან 1918 წლის იანვრამდე, 173 თვის განმავლობაში არიკას ტერიტორიაზე წვიმის ერთი წვეთიც კი არ ჩამოვარდნილა.


ცივი წყლის უმაღლესი გეიზერი

გერმანიაში არსებული ანდერნახის გეიზერის ჭავლის სიმაღლე 30–დან 60 მეტრამდე მერყეობს. 2002 წლის 19 სექტემბერს კი გეიზერიდან ამოტყორცნილმა ნაკადმა სარეკორდო ნიშნულს – 61.5 მეტრს მიაღწია.


ყველაზე ცივი გზატკეცილი

რუსეთში მდებარე კოლიმას გზატკეცილი (M56) პლანეტის ყველაზე ცივ გზად მიიჩნევა. აქ დაფიქსირებული უმცირესი ტემპერატურა – 67.7 გრადუს ცელსიუსს შეადგენს.

2 031–კილომეტრიანი გზატკეცილის ეს მონაკვეთი „ჩონჩხების გზის“ სახელითაა ცნობილი და გზატკეცილის წარმოშობის ისტორიას უკავშირდება – კოლიმას გზატკეცილის დაგებაში შრომა–გასწორებითი კოლონიის პატიმრებს ამუშავებდნენ, რომელთა უმრავლესობა ადგილზე იღუპებოდა და იქვე იმარხებოდნენ.


უდიდესი (არაპოლარული) ყინულის მოედანი

კანადაში, იუკონის ტერიტორიაზე, კლუეინის ეროვნულ პარკში მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური ყინულის მოედანი მდებარეობს! მისი ფართობი 21 980 კვადრატული კილომეტრია.


უდიდესი უდაბნო

რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, მსოფლიოს უდიდესი უდაბნოს ტიტულს არ ფლობს ცნობილი საჰარა.

სტატიაში მოყვანილი განმარტების მიხედვით, უდაბნო წარმოადგენს ტერიტორიას, სადაც არ მოდის, ან მცირე რაოდენობით მოდის ნალექი. ამ კრიტერიუმით კი პლანეტის უდიდეს უდაბნოდ ანტარქტიკა ითვლება, რომლის ფართობი 14 მილიონი კვადრატული კილომეტრია და იქ წელიწადში მხოლოდ 50 მილიმეტრი ნალექი მოდის.

9.1 კვადრატული მილიონი კვადრატული კილომეტრი ფართობის მქონე საჰარა კი, გინესის მსოფლიო რეკორდების მიხედვით, მხოლოდ ცხელ უდაბნოებს შორის იკავებს უდიდესი უდაბნოს წოდებას.


ყველაზე დაბალი ტემპერატურის მქონე დასახლებული ადგილი

მსოფლიოს ყველაზე ცივი დასახლებული პუნქტი რუსეთში მდებარეობს – ციმბირში, სოფელ ოიმიაკონში 1933 წელს მინუს 68 გრადუს ცელსიუსამდე დაეცა, რაც ანტარქტიკის გარეთ ყველაზე დაბალი ტემპერატურაა.


მასალა მომზადებულია CNN-ის მიხედვით
loading...