13 January 2014

ბრიტანელმა სერფერმა მსოფლიოს უდიდესი ტალღა დაძლია

34 წლის ენდრიუ კოტონმა სერფინგის დაფით 80–ფუტიანი (24.3 მეტრი) ტალღის გადალახვა მოახერხა და ახლა გინესის მსოფლიო რეკორდებისგან საკუთარი მიღწევის ოფიციალურ დადასტურებას ელოდება.

სარეკორდო ტრიუკი გასული წლის ოქტომბერში, პრაია დე ნორტეს სანაპიროზე (პორტუგალია) გაიმართა. მას შემდეგ, რაც ქარიშხალ „სენ ჯიუდის“ მოახლოების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, პორტუგალიაში შეკრებილ პროფესიონალ სერფერებს ენდრიუც შეუერთდა თავისი შესაძლებლობების გამოსავლენად.


წყალში შესვლამდე კოტონმა განაცხადა, რომ მისი ეს გადაწყვეტილება მხოლოდ რეკორდსმენობის სურვილით არ იყო განპირობებული: „ უბრალოდ მიყვარს წყალში ყოფნა და ვოცნებობ, გავხდე პროფესიონალი სერფერი. იმედი მაქვს, უფრო და უფრო დიდი ტალღების დაძლევასთან ერთად ჩემს მიზანს აუცილებლად მივაღწევ!“


ატლანტის ოკეანის აღელვებულ ტალღებში ენდრიუ მისმა უახლოესმა მეგობარმა – ჯარეტ მაკ’ნამარამ შეიყვანა. გინესის მსოფლიო რეკორდების მიხედვით, მიმდინარე მსოფლიო რეკორდი სერფინგის დაფით უდიდესი ტალღის გადალახვაში მაკ’ნამარას ეკუთვნის (მან 23.77–მეტრიანი ტალღის დაძლევა მოახერხა). აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2011 წლის 1 ნოემბერს, ამავე სანაპიროზე, ჯარეტ მაკ’ნამარას გინესის რეკორდის დამყარების პროცესში სწორედ ენდრიუ უწევდა ასისტენტობას.


„მიხარია, რომ შეიძლება მსოფლიო რეკორდსმენი გავხდე, არანაკლებ სასიამოვნოა იმის გახსენება, რომ 2 წლის წინ მე მივეხმარე ჯარეტს რეკორდსმენის ტიტულის მოპოვებაში, და ყველაზე შთამბეჭდავია ის ფაქტი, რომ ახლა უკვე თვით ჯარეტი დამეხმარა  მიზნის მიღწევაში“ – განაცხადა ენდრიუმ.


ბრიტანელი სერფერის მიღწევის დამადასტურებელი დოკუმენტები განსახილველად გინესის მსოფლიო რეკორდებს გაეგზავნა. საბოლოო გადაწყვეტილება ენდრიუ კოტონის რეკორდსმენად აღიარების შესახებ მიმდინარე წლის მაისში გახდება ცნობილი.


მასალა მომზადებულია „დეილი მეილის“ მიხედვით
loading...