16 January 2014

გინესმა დუბაის ფეიერვერკის რეკორდი ოფიციალურად დაადასტურა

13 იანვარს, გინესის მსოფლიო რეკორდების რედაქციამ დუბაის საახალწლო ფეიერვერკის ზუსტი რიცხობრივი მონაცემები გამოაქვეყნა და ოფიციალურად დაადასტურა მსოფლიო რეკორდის დამყარება.

ორკვირიანი მუშაობის შედეგად გინესის მსაჯებმა გამოთვალეს, რომ დუბაიში გამართულ საახალწლო ღონისძიებაზე, 6–წუთიანი ფეიერვერკის განმავლობაში 479,651 მაშხალა გაისროლეს (შესაბამისად, წუთში დაახლოებით 80 000, წამში კი 1 332 მაშხალა).

როგორც გაირკვა, დუბაის ფეიერვერკმა პირველივე წუთის დასრულებისთანავე გადააჭარბა სარეკორდო ზღვარს და გააუმჯობესა მანამდე არსებული, 77 282–მაშხალიანი ფეიერვერკის რეკორდი, რომელიც 2011 წლის ნოემბერში, კუვეიტში იყო დამყარებული.

„ეს არის საკულტო რეკორდი, რომელმაც დუბაიში ფენომენალურ მასშტაბებს მიაღწია. მოხარული ვარ დავადასტურო, რომ დუბაიმ მოხსნა გინესის ახალი რეკორდი მსოფლიოს უდიდესი ფეიერვერკის წარმოდგენით“ – აღნიშნა გინესის მსოფლიო რეკორდების მსაჯმა ტალალ ომარმა რეკორდის შეფასებისას.

გინესის მსოფლიო რეკორდების ინფორმაციით, გრანდიოზული ფეიერვერკის პროექტის შემუშავებას 10–თვიანი მოსამზადებელი პერიოდი და 5 000–ზე მეტი ადამიანის ძალისხმევა დასჭირდა. ამ ღონისძიებით დუბაისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი წლის დაგვირგვინება აღნიშნეს (გასულ წელს დუბაი World Expo 2020 ნომინანტი გახდა), აგრეთვე არაბეთის გაერთიანებული საემიროების 42–ე ეროვნული დღესასწაული იზეიმეს.



მასალა მომზადებულია გინესის მსოფლიო რეკორდების მიხედვით
loading...