24 January 2014

პირველად საქართველოში – პირდაპირ ეთერში მსოფლიო რეკორდი დამყარდა!

23 იანვარს საქართველოს სატელევიზიო სივრცეში უპრეცედენტო ფაქტი დაფიქსირდა – ქართველმა სპორტსმენმა გიორგი როსტომაშვილმა მსოფლიო რეკორდი პირდაპირ ეთერში დაამყარა. რეკორდის დამყარების პროცესი "რუსთავი 2"–ის გადაცემა "დილა მშვიდობისა, საქართველო!"–ს ეთერში გადაიცემოდა.

პირდაპირი ჩართვა რეკორდსმენი გურამ უსტიაშვილის მიერ კბილებით მსუბუქი ავტომობილის (BMW 525) საჩვენებელი გაწევით დაიწყო. საეთერო დროის ძირითადი ნაწილი საქართველოს რეკორდების ფედერაციის წევრებსა და მათი წარმატებების პრეზენტაციას დაეთმო. ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ბეგიაშვილმა ქართველი რეკორდსმენების შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, შემდეგ კი ახალი პრეტენდენტები – გურამ ლომსაძე და გიორგი როსტომაშვილი წარადგინა.


გურამ ლომსაძე შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელია. მას 23 037 ასანთის ღერით ამავე დეპარტამენტის გერბის გამოსახულება აქვს შედგენილი, სამომავლოდ კი გინესის რეკორდების წიგნში შესვლას მსოფლიოში ყველაზე დიდი ფართობის მოზაიკის შექმნით აპირებს. საქართველოს რეკორდების ფედერაციას გინესისგან უკვე მიღებული აქვს შესაბამისი წესები და რეკომენდაციები გურამის სამომავლო რეკორდისთვის.


რეკორდსმენობის კიდევ ერთი პრეტენდენტს – 25 წლის ყოფილი მკლავჭიდელსა და საქართველოს პრიზიორს – გიორგი როსტომაშვილს ცალი ხელით, ერთი წუთის განმავლობაში, 25–კილოგრამიანი ტვირთის (ე.წ. შტანგის ფილა) აგდება–დაჭერით 24–ზე მეტი ნახევარწრიული ბრუნი (ეწ "ფლიპინგი") უნდა შეესრულებინა. მან 5 ერთეულით გადააჭარბა წინა სარეკორდო მაჩვენებელს, რომელიც შვედ ჯონი ლილეშტრომს ეკუთვნოდა და წარმატებით დაამყარა ახალი მსოფლიო რეკორდი.


რეკორდის დამყარების პროცესს საერთაშორისო მოთხოვნების თანახმად, საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯები დაესწრნენ და ადგილზე დაადასტურეს როსტომაშვილის წარმატება. ასპარეზობის მასალები უახლოეს მომავალში გინესის მსოფლიო რეკორდების რედაქციას გადაეგზავნება.


ამ თემაზე:
„რუსთავი 2“–ის პირდაპირ ეთერში მსოფლიო რეკორდი დამყარდება!
loading...