22 January 2014

„რუსთავი 2“–ის პირდაპირ ეთერში მსოფლიო რეკორდი დამყარდება!

ხუთშაბათს – 23 იანვარს, „რუსთავი 2“–ის დილის გადაცემა საქართველოს რეკორდების ფედერაციას უმასპინძლებს. პირდაპირი ჩართვა „დილა მშვიდობისა, საქართველო!“–ს ეთერში, 09:25 სთ–ზე დაიწყება. ფედერაციის წარმომადგენლები ისაუბრებენ მიღწეულ წარმატებებსა და სამომავლო გეგმებზე, მსოფლიო რეკორდსმენი გურამ უსტიაშვილი კი კბილებით მსუბუქი ავტომობილის საჩვენებელ გაწევას შეასრულებს.

მოქმედი რეკორდსმენების მიღწევების გარდა, ფედერაცია წარმოადგენს ახალ პრეტენდენტებსაც – შსს საპატრულო პოლიციის თანამშრომელ გურამ ლომსაძეს, თავის რეკორდული მონაცემების ნაკეთობასთან – ასანთის ღერებით შექმნილ უნიკალურ მოზაიკასთან ერთად, და ძალოსან გიორგი როსტომაშვილს, რომელიც პირველად გამოვა სარეკორდო ასპარეზობაზე და გინესის რეკორდის მოხსნას შეეცდება.

როსტომაშვილის მიზანია, ერთი წუთის განმავლობაში, ცალი ხელით, შტანგის 25–კილოგრამიანი ფილის აგდება–დაჭერით ნახევარწრიული ბრუნის (ე.წ. "ფლიპინგი") მაქსიმალური რაოდენობის შესრულება. ამ კატეგორიაში მოქმედი რეკორდსმენი შვედი ჯონი ლინდშტრომია, რომელმაც 2001 წელს, სტოკჰოლმში გამართულ გინესის მსოფლიო რეკორდების შოუში 24 ბრუნი შეასრულა და მას შემდეგ ეს რეკორდი არავის მოუხსნია. ლინდშტრომის მიღწევის გასაუმჯობესებლად, როსტომაშვილს ერთი წუთის განმავლობაში მინიმუმ 25 ბრუნის შესრულება მოუწევს.

გიორგი როსტომაშვილის მიღწევას საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯები ადგილზე დააფიქსირებენ. აღსანიშნავია, რომ ეს სარეკორდო ასპარეზობა თავის მხრივ უნიკალური მოვლენა იქნება ქართულ სატელევიზიო სივრცეში, რადგან ოფიციალური მსოფლიო რეკორდის დამყარების პროცესი საქართველოს ისტორიაში პირველად, პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
loading...