ჩხოროწყუში ყველაზე დიდი ელარჯი მომზადდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა მეორე რეკორდი დაამყარა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა მხატვარმა ვახტანგ აბაშიძემ მორიგი რეკორდი ზეპირ მათემატიკურ გამოთვლაში დაამყარა იოსებ ხუციშვილმა მორიგი რეკორდი დაამყარა

28 February 2014

„სნაიპერული რეკორდები“ – მკვლელობები ყველაზე დიდი მანძილიდან (ფოტო/ვიდეო)

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია – პროფესიონალ მსროლელებს შორის იმდენად დიდი კონკურენცია არსებობს, რომ ზოგიერთი მათგანისთვის მსხვერპლის ლიკვიდაციის პროცესი ერთგვარ აზარტულ შეჯიბრს წარმოადგენს. სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა „წარმატებული“ სნაიპერების საერთაშორისო რეიტინგების შედგენა და „გინესის წიგნში“ მოხვედრაც კი.

ყველაზე დიდი მანძილიდან განხორციელებული მკვლელობის პირველი ფაქტი 1967 წელს, ვიეტნამის ომის დასასრულს დაფიქსირდა – ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითი ძალების სნაიპერმა კარლოს ჰეჩკოკმა მოწინააღმდეგე 2286 მეტრიდან გამოასალმა სიცოცხლეს. ამ შედეგის „გაუმჯობესება“ 2002 წლამდე ვერავინ მოახერხა, ჰეჩკოკმა კი თავისი კარიერის განმავლობაში სულ 93 ოფიციალური მკვლელობა განახორციელა.

ჰეჩკოკის რეკორდი 35 წლის შემდეგ, კანადელმა სამხედრო მოსამსახურემ – აარონ პერიმ გააუმჯობსა, თუმცა, წინამორბედისგან განსხვავებით, რეკორდსმენის ტიტული მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში შეინარჩუნა. პერის შედეგი მისივე თანამებრძოლმა, კაპრალმა რობერტ ფარლონგმა „გააუმჯობესა“ – 2002 წლის მარტში, ავღანეთში, ოპერაცია „ანაკონდას“ მიმდინარეობისას 2430 მეტრი მანძილიდან მოკლა თალიბი მეამბოხე.

ოფიციალური მონაცემებით დღემდე დადასტურებული „საუკეთესო“ შედეგი კი დიდი ბრიტანეთის კავალერიის სამხედრო მოსამსახურე კრეიგ ჰარისონს ეკუთვნის, რომელმაც 2009 წლის ნოემბერში მისგან 2474 მეტრით დაშორებული ორი თალიბი მეამბოხე მოკლა და ამ შედეგით გინესის რეკორდსმენის ტიტულიც დაიმსახურა.


შენიშვნა: ვიდეორგოლში მოთხრობილია ამჟამად უკვე ყოფილი „რეკორდსმენის“ – რობერტ ფარლონგის შესახებ

26 February 2014

აშშ–ში ავტომობილის სისწრაფის ახალი რეკორდი დამყარდა (ფოტო/ვიდეო)

14 თებერვალს ფლორიდაში ავტომობილის სისწრაფის ახალი რეკორდი დამყარდა! Venom GT– ორადგილიანმა ავტომობილმა მსოფლიოში ყველაზე მაღალი – 435.31კმ/სთ სისწრაფე განავითარა. სარეკორდო გარბენი კენედის კოსმოსურ ცენტრში, 5კმ სიგრძის ასაფრენ ბილიკზე შესრულდა. რეკორდული სისწრაფის განვითარებისას ავტომობილის საჭეს გამოცდილი მრბოლელი, მილერის მოტოპარკის დირექტორი დამიშელინისსაბურავების ყოფილი სატესტო ინჟინერი ბრაიან სმიტი მართავდა.

ღონისძიებას Venom GT– მწარმოებელი კომპანია „ჰენეს პერფორმენსის“ (HPE) წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სარეკორდო სისწრაფის გასაზომად და დასადასტურებლად კი GPS–ტექნოლოგიების მწარმოებელი კომპანია „რეისლოგიკის“ სპეციალისტები იყვნენ მიწვეულნი.

„როგორც ჩვენმა VBOX 3i GPS–სისტემამ დააფიქსირა, Venom GT–მ უმაღლესი სისწრაფე – 120.9 მ/წმ (270.49 mph) განავითარა. სარეკორდო სისწრაფის მიღწევას 24 მილის (3.86 კმ) დაფარვა დაჭირდა და სამუხრუჭე მანძილი მხოლოდ 0.8 (1.2 კმ) მილი დარჩა. საბედნიეროდ, „ბრემბოს“ კარბონ–კერამიკული მუხრუჭებით აღჭურვილმა ავტომობილმა 435კმ/სთ სისწრაფე მინიმუმამდე შეამცირა და ასაფრენი ბილიკის დასასრულამდე 1 000 ფუტი (304.8 მეტრი) მანძილი იყო დარჩენილი, როდესაც სრული შეჩერება მოახერხა“ – განაცხადა „რეისლოგიკის“ ინჟინერმა ჯო ლაჩოვსკიმ.

„Venom GT–ის შესაძლებლობების შესახებ წინასწარ ვიცოდი, მაგრამ მაინც მღელვარების გრძნობა დამეუფლა, როდესაც საათში 270 მილი ოფიციალურად დაადასტურეს. ვთვლით, რომ ეს მონაცემი საკმაოდ ეფექტურია და ჩვენ მიაღწიეთ დასახულ მიზანს“ – აღნიშნა „ჰენესის“ გენერალურმა დირექტორმა დონ გოლდმანმა.

კომპანიის დამფუძნებლისა და პრეზიდენტის, ჯონ ჰენესის განცხადებით, ამ მსოფლიო რეკორდის დამყარებით მისი ბავშვობის ოცნება ახდა:

„ბავშვობაში ასტრონავტობაზე ვოცნებობდი. ნილ არმსტრონგი ჩემი ბავშვობის გმირი იყო. ასტრონავტი ვერ გავხდი, თუმცა ჩემთვის დიდი პატივია, რომ საშუალება მოგვეცა, დაგვემყარებინა სისწრაფის მსოფლიო რეკორდი ამერიკის კოსმოსური პროგრამის ფარგლებში!“

რეკორდის დამყარების შემდეგ აღტაცება ვერ დაფარა ბრაიან სმიტმაც: „ვფიქრობ, რომ უკეთესი შედეგის მიღწევაც შეიძლებოდა, თუმცა საათში 270 მილი ნამდვილად ძალიან კარგი შედეგია! რაც შეეხება ავტომობილს, მას არ ჭირდება რაიმე მნიშვნელოვანი კორექტირება. აგრეთვე უნდა აღინიშნოს, რომ „მიშელინის“ საბურავების მოჭიდების დონე ძალიან კარგი იყო.“

Venom GT–თვის ეს პირველი რეკორდი არაა. ის უკვე ფლობს რეკორდსმენის ტიტულს უმოკლეს დროში 300კმ/სთ (13.63 წამში) და 200 მილი/საათში (14.51წამში) განვითარებული სისწრაფეებისთვის. ავტომობილის წონა მხოლოდ 1 244 კილოგრამია. აღჭურვილია 7.0 ლიტრი მოცულობისა და 1 244 ცხენისძალიანი სიმძლავრის ტურბო ძრავით. ამგვარად, ავტომობილის ძრავის სიმძლავრე მისი წონის თითოეულ კილოგრამზე ერთი ცხენის ძალის ოდენობით ნაწილდება, რაც Venom GT–ს ყველაზე აჩქარებადი და სწრაფი ავტომობილის ტიტულს ანიჭებს სერიული წარმოების სატრანსპორტო საშუალებებს შორის.

ზემოთ ჩამოთვლილ სხვა მრავალ ღირსებასთან ერთად, Venom GT თავისუფლად შეიძლება მივიჩნიოთ ერთ–ერთ ყველაზე ექსკლუზიურ მოდელად; კომპანია „ჰენესს“ დღემდე  წარმოებული აქვს Venom GT–ის მოდელის მხოლოდ 11 ავტომობილი. ყოველი ეგზემპლარი სპეციალური შეკვეთითაა დამზადებული და თითოეულის შექმნას დაახლოებით ექვსთვიანი სამუშაოები დაჭირდა.

გთავაზობთ სარეკორდო ღონისძიების ამსახველ ფოტო–ვიდეომასალას:









 


მომზადებულია venomgt.com-ის მიხედვით

ამ თემაზე:
"ავტომობილის უკუსვლით "გადახტომაში" გინესის რეკორდი დამყარდა"

25 February 2014

ძელზე ცეკვა ქველმოქმედებისთვის (ფოტო/ვიდეო)

შაბათს, 22 თებერვალს, საკმაოდ უცნაური და მასშტაბური სარეკორდო აქცია გაიმართა, რომლის მიზანი ყველაზე ბევრი ადამიანის მიერ ერთდროულად (სხვადასხვა ტერიტორიაზე) ძელზე ცეკვის შესრულება და გინესის რეკორდის მოხსნა იყო.

რეკორდის დამყარების იდეა ძელზე ცეკვის საერთაშორისო ფედერაციას ეკუთვნოდა და საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა; აქციიდან შემოსული თანხა კიბოს მკურნალობას მოხმარდება. ქველმოქმედებისთვის გადასარიცხი თანხა ღონისძიების მონაწილე თითოეულ სტუდიას ინდივიდუალურად უნდა მოეპოვებინა.

აქციაში მონაწილეობა 100-ზე მეტმა ცეკვის სტუდიამ მიიღო მსოფლიოს 21 ქვეყნიდან (მათ შორის - აშშ, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა, ნიდერლანდები).

აღსანიშნავია, რომ ეს აქცია პირველი არ ყოფილა. „გინესის მსოფლიო რეკორდების“ მონაცემთა ბაზაში უკვე არსებობს ამ კატეგორიის რეკორდი, რომელიც 2006 წლის 10 სექტემბერს დამყარდა და მასში მსოფლიოს 26 სხვადასხვა ადგილიდან 206-მა მოცეკვავემ მიიღო მონაწილეობა.

გთავაზობთ 22 თებერვლის სარეკორდო აქციების ფოტო-ვიდეომასალას:



















22 February 2014

პლანეტის ყველაზე ასაკოვანი ტანმოვარჯიშე (ვიდეო)

„გინესის მსოფლიო რეკორდების“ მიხედვით, ყველაზე ასაკოვანი ტანმოვარჯიშე გერმანელი ქალბატონი იოჰანა კაასია. ის ამჟამად 88 წლისაა და კვლავ რეგულარულად მონაწილეობას საქსონიის Landes-Seniorenspiele-ს შეჯიბრში.

იოჰანა 1925 წლის 20 ნოემბერს, გერმანიის ქალაქ ჰუჰენმოლსენში დაიბადა. ტანვარჯიშით ადრეულ ასაკში დაინტერესდა და პირველად შეჯიბრში 1934 წელს მიიღო მონაწილეობა.

პირველი სერიოზული წარმატება, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მის რეკორდსმენად გახდომაში, 2012 წელს მოვიდა. ქალაქ კოტბუსში გამართულ ტურნირზე, 86 წლის იოჰანას მიერ შესრულებული ილეთები ერთ-ერთმა მაყურებელმა გადაიღო და YouTube-ს არხზე ატვირთა. ვიდეორგოლებმა მალე მოიპოვა პოპულარობა ინტერნეტ-სივრცეში და „გინესის მსოფლიო რეკორდების“ წარმომადგენლების ყურადღებაც მიიქცია.

იოჰანა კაასს რეკორდსმენის წოდება 2012 წლის 13 სექტემბერს, რომში გამართულ „გინესის მსოფლიო რეკორდების“ შოუზე მიენიჭა. ამ დროისათვის მისი ასაკი ზუსტად 86 წელს, 9 თვესა და 24 დღეს შეადგენდა.

„გინესის წიგნში მოხვედრა განსაკუთრებული შეგრძნებაა. მიხარია, როდესაც განსაკუთრებული ადამიანები საერთაშორისო აღიარებას მოიპოვებენ. ვიმედოვნებ, ჩემი რეკორდი შთააგონებს სხვებს, რომ სიახლისკენ სწრაფვა არასოდეს არის დაგვიანებული“ - აცხადებს უხუცესი ტანმოვარჯიშე.

გთავაზობთ ბლიც ინტერვიუს იოჰანა კაასთან, რომელიც 2013 წლის 19 სექტემბერს „გინესის მსოფლიო რეკორდების“ რედაქციამ გამოაქვეყნა:

  • სად ცხოვრობთ?
  • გერმანიის ქალაქ ჰალეში.

  • რას საქმიანობთ?
  • პენსიონერი ვარ, თუმცა მწვრთნელადაც ვმუშაობ.

  • როგორ გახდით რეკორდსმენი?
  • ტანვარჯიშის ერთ-ერთ ჩემპიონატში მონაწილეობისას, რომელიღაც მაყურებელმა ჩემი გამოსვლის ვიდეო გადაიღო და YouTube-ზე ატვირთა, რომელის ნახვების რაოდენობამაც მილიონს გადააჭარბა. შემდეგ „გინესის მსოფლიო რეკორდებმა“ მოწვევა გამოუგზავნა ჩემს მენეჯერს და რომში, რეკორდების შოუზე გამოსვლა შემომთავაზა, სადაც მომანიჭეს მსოფლიო რეკორდსმენის სტატუსი.

  • რა სიხშირით ვარჯიშობთ?
  • კვირაში ორჯერ, თუმცა ყოველდღიურად თითო საათის განმავლობაში დაკავებული ვარ სპორტის რომელიმე სახეობით ან სხვა ფიზიკური აქტივობით, ძირითადად ცურვით ან სეირნობით.

  • რომელია თქვენი საყვარელი ნივთი?
  • ორძელი.

  • ოდესმე გიფიქრიათ, რომ ტანვარჯიშისთვის საკმაოდ ასაკოვანი ხართ?
  • არა, აბსოლუტურად არა. სურვილი მაქვს, 90 წლის ასაკშიც გავაგრძელო შეჯიბრებებში მონაწილეობა.

  • შეჯიბრებში მონაწილეობის დროს არ გექმნებათ ჯანმრთელობის პრობლემა?
  • არასოდეს შემქმნია ჯანმრთელობის პრობლემა. ჩემი სხეული ისეა მომზადებული, რომ ყოველი ვარჯიშის დროს  თავს კომფორტულად ვგრძნობ.

  • რა რჩევას მისცემდით ადამიანებს, რომლებიც არ არიან სპორტით დაკავებულნი?
  • აუცილებლად შეარჩიეთ სპორტის ერთ-ერთი სახეობა და დაკავდით მისით, რომელი სახეობაც არ უნდა იყოს ეს.

  • სად ინახავთ თქვენს გინესის სერტიფიკატს?
  • ჩემს სხვა ჯილდოებთან - მედლებთან, სიგელებთან და სერტიფიკატებთან ერთად. ის ინახება გაერთიანებული გერმანიის ეროვნულ ჩემპიონატზე მოპოვებულ სერტიფიკატთან ერთად, რომელიც ყველაზე საამაყოა ჩემს კარიერაში.

მომზადებულია "გინესის მსოფლიო რეკორდების" მიხედვით

20 February 2014

ქართველი რეკორდსმენების მორიგი წარმატება

საქართველოს რეკორდების ფედერაციის სპორტსმენებმა მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვეს. გიორგი მათურელის (თიანეთი), დავით ჟორჟოლიანის (მარნეული) და არტაშეს ელბაქიანის (ახალციხე) მიღწევები ამჯერად „უნივერსალური რეკორდების ფორუმმა“ (URF) დაამტკიცა.













URF–ს მონაცემთა ბაზაში გიორგი მათურელი ერთ წუთში 19–კილოგრამიანი ტვირთით მუშტებზე შესრულებული 59 აზიდვით, დავით ჟორჟოლიანი – 30–კილოგრამიანი ტვირთით ცერა თითებზე 20 აზიდვით, არტაშეს ელბაქიანი კი ჰორიზონტალურ ძელზე (ტურნიკზე) ზედიზედ 401–ჯერ დატრიალებით მოხვდა.














ქართველ რეკორდსმენებს „უნივერსალური რეკორდების ფორუმის“ ვებ–გვერდ www.universalrecordorg.com–ზე ინდივიდუალური განყოფილებები დაეთმო, სადაც განთავსდა ინფორმაცია თითოეული მათგანის შესახებ, რეკორდის ფოტო და ვიდეომასალასთან ერთად. გარდა ამისა, URF–გან სამივე რეკორდსმენმა მათი მიღწევის დამადასტურებელი ოფიციალური სერტიფიკატები მიიღო.

ქართველი რეკორდსმენების სერტიფიცირება საქართველოს რეკორდების ფედერაციისა და „უნივერსალური რეკორდების ფორუმის“ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც მიმდინარე წლის თებერვლიდან დაიწყო. URF–ს დებულების თანახმად, რეკორდის რეგისტრაციის სტანდარტული პროცესი ერთწლიან პერიოდს მოიცავს, თუმცა, პარტნიორული შეთანხმებით,  ქართველი რეკორდსმენები საკუთარი მიღწევის აღიარებას სამი სამუშაო დღის განმავლობაში შეძლებენ.















ამ თემაზე:

"არტაშეს ელბაქიანის რეკორდს Street Workout-ის საერთაშორისო ფედერაცია ეხმაურება"

"ახალციხელმა არტაშეს ელბაქიანმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა"


"რაბათის ციხეზე მსოფლიო რეკორდი დამყარდება"

"მარნეულელმა დავით ჟორჟოლიანმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა"

18 February 2014

სერგეი ბუბკას 21–წლიანი რეკორდი მოხსნილია (ფოტო/ვიდეო)

გასულ კვირას მძლეოსნობის სამყაროში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა – უკრაინელი სერგეი ბუბკას მიერ 21 წლის წინ დამყარებული ჭოკით ხტომის რეკორდი მოიხსნა.

ფრანგმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა რენაუდ ლევილენიემ ერთი შეხედვით შეუძლებელი შეძლო. შაბათს, დონეცკში გამართულ „ჭოკით მხტომელთა შეხვედრაზე“ 6.16–მეტრიანი ნახტომი შეასრულა და ზუსტად ერთი სანტიმეტრით გადააჭარბა სერგეი ბუბკას მიერ 1993 წელს ნაჩვენებ შედეგს.


აღნიშნული ფაქტი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო ბუბკასთვის, რადგან სარეკორდო ნახტომი ლევილენიემ მის მშობლიურ ქალაქში შეასრულა და დამსწრე საზოგადოების მქუხარე აპლოდისმენტებიც დაიმსახურა.

მოგვიანებით, 27 წლის ლევილენიემ, რომელმაც სარეკორდო სიმაღლე პირველივე ცდაზე აჩვენა, ტვიტერის მიკრობლოგზე შემდეგი სახის პოსტი გამოაქვეყნა: „მსოფლიო რეკორდი! 6.16 პირველივე ცდაზე! წარმოუდგენელია. მე ჯერ კიდევ ჰაერში ვარ.“

„ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა ჩემს ირგვლივ, უზარმაზარ ემოციაში ვიყავი. ალბათ დრო დამჭირდება, რომ მიწაზე დავეშვა. ეს მითიური რეკორდი იყო. ვიცოდი, რომ ამ რეკორდის მოხსნის პოტენციალი მქონდა, თუმცა ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ეს წარმატება ცოტა ნაადრევია“ – განაცხადა ლევილენიემ ფრანგულ საინფორმაციო სააგენტო BFM TV–თან ინტერვიუში.


ნახტომის შესრულების შემდეგ, ლევილენიესთან ლეგენდარული ბუბკა მივიდა და წარმატება მიულოცა. მოგვიანებით კი განაცხადა: „ფანტასტიური იყო. ეს ისტორიული მოვლენაა და მე ბედნიერი ვარ, რომ რენაუდმა თავისი საუკეთესო შედეგი სწორედ აქ, ჩემს მშობლიურ ქალაქ დონეცკში გამოავლინა. მიხარია, რომ იმ საქმით ვარ დაკავებული, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს. მძლეოსნობა ჩემი ცხოვრებაა. მე ვამაყობ მისით (ლევილენიეთი) და მძლეოსნობით“.


ბუბკა პირველი მძლეოსანი მამაკაცია, რომელმაც 6–მეტრიან ნიშნულს გადააჭარბა და კარიერის განმავლობაში 35 მსოფლიო რეკორდი დაამყარა (აქედან 17 ღია მოედანზე, ხოლო 18 დარბაზის პირობებში). ამ მაჩვენებლით მასვე ეკუთვნის რეკორდსმენის წოდება მძლეოსნობის სფეროში ინდივიდუალურად  დამყარებული რეკორდების რაოდენობით. სერგეი ბუბკა კვლავ რჩება მოქმედ მსოფლიო რეკორდსმენად, უმაღლესი ნახტომის შესრულებისთვის ღია მოედანზე – 1992 წელს ტოკიოში მან 6.13 მეტრი დაძლია.


მასალა მომზადებულია "გინესის მსოფლიო რეკორდების" მიხედვით

16 February 2014

ავტომობილის უკუსვლით „გადახტომაში“ გინესის რეკორდი დამყარდა

მრავალგზის მსოფლიო რეკორდსმენმა და MTV–ს ტელევარსკვლავმა რობ დაირდეკმა ახალი რეკორდი ავტომობილის უკუმიმართულებით „გადახტომაში“ დაამყარა. მან „შევროლეტის მარკის ავტომობილით 27.21–მეტრიანი ნახტომი შეასრულა.

რეკორდის წარმატებით დასამყარებლად, აუცილებელი პირობა არა მარტო მაქსიმალური სიგრძის ნახტომის შესრულება, არამედ ავტომობილის წარმატებული დაშვება პლატფორმაზე და ტრიუკის შემდეგ მართვის შენარჩუნება იყო, რაც დაირდეკმა ბრწყინვალედ შეასრულა.

სარეკორდო ტრიუკი კალიფორნიაში, “Fantasy Factory”–ს შოუს ფინალური სეზონის ჩაწერაზე შესრულდა, ტელეეთერში კი 13 მარტს, 22:30 საათზე MTV–ს არხზე გავა.

„რეკორდებს წლების მანძილზე ვამყარებდი. ეს ტრიუკი ჩემთვის საუკეთესო შესაძლებლობა იყო იმისათვის, რომ დავბრუნებულიყავი და გამეკეთებინა რაღაც ახალი“ – განაცხადა რეკორდის დამყარების შემდეგ  დაირდეკმა.

ტელევარსკვლავსა და ყოფილ პროფესიონალ სკეიტბორდერ რობ დაირდეკს თავისი კარიერის განმავლობაში 20–მდე მსოფლიო რეკორდი აქვს დამყარებული, მათ შორის – უდიდესი სკეიტბორდის დამზადება და ერთი წუთის განმავლობაში სკეიტბორდის ყველაზე მეტი ბრუნის შესრულება.


მასალა მომზადებულია "გინესის მსოფლიო რეკორდების" მიხედვით

14 February 2014

რუსმა ექსტრემალებმა ჩინეთის ყველაზე მაღალი ცათამბჯენი დალაშქრეს

ახალგაზრდა წყვილმა რუსეთიდან, შანხაის ცათამბჯენი დალაშქრა და 28–სართულიან შენობაზე ასვლის მთლიანი პროცესი ვიდეოკამერით გადაიღო. 631–მეტრიანი ცათამბჯენი ჩინეთში ყველაზე მაღალია, მსოფლიო მასშტაბით კი მეორე ადგილს იკავებს უმაღლეს ნაგებობებს შორის.

20 წლის ვიტალი რასკალოვმა და 24 წლის ვადიმ მახოროვმა ცათამბჯენზე ასვლას 2 საათი მოანდომეს. უცნაურია, მაგრამ ამ სარისკო ტრიუკის განმავლობაში არცერთ მათგანს არ გამოუყენებია დამცავი აღჭურვილობა. ისინი იძულებულები იყვნენ, დალოდებოდნენ დაბნელებას, რათა თავიდან აეცილებინათ შესაძლო ხელისშემშლელი ფაქტორები ხელისუფლების მხრიდან.

„დღის განმავლობაში ცათამბჯენის მიმდებარე ტერიტორიას დაცვის თანამშრომლები და ვიდეოკამერები აკონტროლებენ, ამიტომ ცათამბჯენზე ასვლა ღამით დავიწყეთ, რამაც საშუალება მოგვცა, შეუმჩნევლად გვემოქმედა“ – განაცხადა ვადიმ მახოროვმა.

ორსაათიანი ცოცვის შემდეგ, ცათამბჯენის მწვერვალზე ასულ ექსტრემალებს კიდევ ოთხი საათის განმავლობაში მოუწიათ ლოდინი, სანამ მათ ქვემოთ არსებული ღრუბლები გაიფანტებოდა და ქალაქის გადაღების საშუალება მიეცემოდათ. მას შემდეგ, რაც ღრუბლებს შორის სივრცე გამოჩნდა, ექსტრემალები კიდევ უფრო მაღლა – ცათამბჯენის ამწეზე აცოცდნენ, უკეთესი ხედების გადასაღებად.

„ჩვენ არასოდეს შეგვშინებია და არასოდეს მიგვიღია რაიმე სახის დაზიანება მსგავსი ტრიუკების შესრულების დროს. ამჯერად, მიზნის მისაღწევად, 24 საათიანი უძილობა დაგვჭირდა, თუმცა ჩინეთის ყველაზე მაღალი ცათამბჯენის დალაშქვრა საოცარი შეგრძნებაა! ეს იყო როგორც ფიზიკური, ისე გონებრივი შეჯიბრი თითოეული ჩვენთაგანისთვის“ – აღნიშნეს ექსტრემალებმა.

რასკალოვისა და მახოროვისთვის ეს ტრიუკი პირველი არ არის. 2013 წელს, მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში წყვილმა 7 სხვადასხვა ქვეყნის 12 ღირსშესანიშნავი არქიტექტურული ნაგებობა დალაშქრა, მათ შორის: ეიფელის კოშკი და Sagrada Familia–ს ტაძარი ბარსელონაში.


მასალა მომზადებულია "ტელეგრაფის" მიხედვით

07 February 2014

ისრაელის პრეზიდენტმა გინესის რეკორდი დაამყარა

ისრაელის პრეზიდენტი – შიმონ პერესი 90 წლის ასაკში გინესის რეკორდსმენი გახდა. გუშინ, 6 თებერვალს მან სამოქალაქო განათლების შესახებ ლექცია ჩაუტარა 10 579 სტუდენტს, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით არსებულ რამდენიმე ათეული საკლასო ოთახიდან ონლაინ რეჟიმში ადევნებდნენ თვალს პრეზიდენტის გამოსვლას. პირდაპირი ჩართვა ქალაქ ნეთანიაში, კომპანია „Cisco Systems“–ის ისრაელის სათაო ოფისიდან მიმდინარეობდა.

თავდაპირველად, ღონისძიებაში დაახლოებით 6 500 სტუდენტის მონაწილეობას ვარაუდობდნენ, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ პრესრელიზის გამოქვეყნების შემდეგ ლექციაზე დასწრების მსურველთა რაოდენობა გაიზარდა.

შიმონ პერესის ლექციას გინესის მსოფლიო რეკორდების მსაჯი მარკო ფრიგატი ესწრებოდა, რომელიც სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ისრაელში ოთხშაბათს ჩაფრინდა. წარმატებული ლექციის შემდეგ ფრიგატიმ პერესს სერტიფიკატი გადასცა და განაცხადა, რომ მას კიდევ ერთი დამსახურების გამო მიენიჭა რეკორდსმენის ტიტული.

„მე მაქვს საინტერესო სიურპრიზი! თქვენ მოგენიჭათ მსოფლიო რეკორდსმენის წოდება არა მხოლოდ წარმატებული ლექციის ჩატარებისთვის, არამედ იმის გამოც, რომ სახელმწიფოს მეთაურებს შორის ყველაზე ასაკოვანი ბრძანდებით!“ – მიმართა ფრიგატიმ ისრაელის პრეზიდენტს.

მარკო ფრიგატიმ განაცხადა, რომ გინესს თავიდანვე მოეწონა ღონისძიების ორგანიზატორების მიერ შეთავაზებული იდეა, რადგან ამაში შერწყმული იყო სამოქალაქო განათლება, თანამედროვე ტექნოლოგიები და იმ ადამიანის  ხედვა, რომელიც თვალყურს ადევნებდა სახელმწიფოს განვითარებას ადრეული პერიოდიდან დღემდე. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ სამოქალაქო განათლება და დემოკრატია ყველასთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს.

ადგილობრივი მედიის შეფასებით, შიმონ პერესის ლექცია იყო პიონერული ნაბიჯი ციფრული განათლების განვითარების საქმეში, რაც შემდგომში უმაღლეს სასწავლებლებს მისცემს მსგავსი სტანდარტებით მუშაობის, ხოლო პერიფერიული გეოგრაფიული მდებარეობის მქონე ქვეყნების სტუდენტებს მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებიდან ცოდნის მიღების გამარტივებულ საშუალებას.

სარეკორდო ღონისძიების ორგანიზატორი კომპანია „Cisco“ იყო, რომელმაც პირდაპირი ეთერის ტექნიკური მხარდაჭერა უზრუნველყო. აღსანიშნავია, რომ ისრაელი პირველი ქვეყანაა ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, სადაც Cisco–ს წარმომადგენლობა გაიხსნა. კომპანიის თავმჯდომარე ჯონ ჩემბერსი ამჟამად ისრაელში იმყოფება და უკვე არაერთხელ შეხვდა პრეზიდენტ პერესს. სწორედ ჩემბერსის ინიციატივით, Cisco–მ დაიწყო მჭიდრო თანამშრომლობა ქვეყნის მთავრობასთან ჯანდაცვის, განათლების, კავშირგაბმულობის, ინფრასტრუქტურისა და კიბერნეტიკის სფეროების განსავითარებლად. კომპანიის მიზანია, გახადოს ისრაელი მსოფლიოში პირველი „ციფრული სახელმწიფო“.