26 February 2014

აშშ–ში ავტომობილის სისწრაფის ახალი რეკორდი დამყარდა (ფოტო/ვიდეო)

14 თებერვალს ფლორიდაში ავტომობილის სისწრაფის ახალი რეკორდი დამყარდა! Venom GT– ორადგილიანმა ავტომობილმა მსოფლიოში ყველაზე მაღალი – 435.31კმ/სთ სისწრაფე განავითარა. სარეკორდო გარბენი კენედის კოსმოსურ ცენტრში, 5კმ სიგრძის ასაფრენ ბილიკზე შესრულდა. რეკორდული სისწრაფის განვითარებისას ავტომობილის საჭეს გამოცდილი მრბოლელი, მილერის მოტოპარკის დირექტორი დამიშელინისსაბურავების ყოფილი სატესტო ინჟინერი ბრაიან სმიტი მართავდა.

ღონისძიებას Venom GT– მწარმოებელი კომპანია „ჰენეს პერფორმენსის“ (HPE) წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სარეკორდო სისწრაფის გასაზომად და დასადასტურებლად კი GPS–ტექნოლოგიების მწარმოებელი კომპანია „რეისლოგიკის“ სპეციალისტები იყვნენ მიწვეულნი.

„როგორც ჩვენმა VBOX 3i GPS–სისტემამ დააფიქსირა, Venom GT–მ უმაღლესი სისწრაფე – 120.9 მ/წმ (270.49 mph) განავითარა. სარეკორდო სისწრაფის მიღწევას 24 მილის (3.86 კმ) დაფარვა დაჭირდა და სამუხრუჭე მანძილი მხოლოდ 0.8 (1.2 კმ) მილი დარჩა. საბედნიეროდ, „ბრემბოს“ კარბონ–კერამიკული მუხრუჭებით აღჭურვილმა ავტომობილმა 435კმ/სთ სისწრაფე მინიმუმამდე შეამცირა და ასაფრენი ბილიკის დასასრულამდე 1 000 ფუტი (304.8 მეტრი) მანძილი იყო დარჩენილი, როდესაც სრული შეჩერება მოახერხა“ – განაცხადა „რეისლოგიკის“ ინჟინერმა ჯო ლაჩოვსკიმ.

„Venom GT–ის შესაძლებლობების შესახებ წინასწარ ვიცოდი, მაგრამ მაინც მღელვარების გრძნობა დამეუფლა, როდესაც საათში 270 მილი ოფიციალურად დაადასტურეს. ვთვლით, რომ ეს მონაცემი საკმაოდ ეფექტურია და ჩვენ მიაღწიეთ დასახულ მიზანს“ – აღნიშნა „ჰენესის“ გენერალურმა დირექტორმა დონ გოლდმანმა.

კომპანიის დამფუძნებლისა და პრეზიდენტის, ჯონ ჰენესის განცხადებით, ამ მსოფლიო რეკორდის დამყარებით მისი ბავშვობის ოცნება ახდა:

„ბავშვობაში ასტრონავტობაზე ვოცნებობდი. ნილ არმსტრონგი ჩემი ბავშვობის გმირი იყო. ასტრონავტი ვერ გავხდი, თუმცა ჩემთვის დიდი პატივია, რომ საშუალება მოგვეცა, დაგვემყარებინა სისწრაფის მსოფლიო რეკორდი ამერიკის კოსმოსური პროგრამის ფარგლებში!“

რეკორდის დამყარების შემდეგ აღტაცება ვერ დაფარა ბრაიან სმიტმაც: „ვფიქრობ, რომ უკეთესი შედეგის მიღწევაც შეიძლებოდა, თუმცა საათში 270 მილი ნამდვილად ძალიან კარგი შედეგია! რაც შეეხება ავტომობილს, მას არ ჭირდება რაიმე მნიშვნელოვანი კორექტირება. აგრეთვე უნდა აღინიშნოს, რომ „მიშელინის“ საბურავების მოჭიდების დონე ძალიან კარგი იყო.“

Venom GT–თვის ეს პირველი რეკორდი არაა. ის უკვე ფლობს რეკორდსმენის ტიტულს უმოკლეს დროში 300კმ/სთ (13.63 წამში) და 200 მილი/საათში (14.51წამში) განვითარებული სისწრაფეებისთვის. ავტომობილის წონა მხოლოდ 1 244 კილოგრამია. აღჭურვილია 7.0 ლიტრი მოცულობისა და 1 244 ცხენისძალიანი სიმძლავრის ტურბო ძრავით. ამგვარად, ავტომობილის ძრავის სიმძლავრე მისი წონის თითოეულ კილოგრამზე ერთი ცხენის ძალის ოდენობით ნაწილდება, რაც Venom GT–ს ყველაზე აჩქარებადი და სწრაფი ავტომობილის ტიტულს ანიჭებს სერიული წარმოების სატრანსპორტო საშუალებებს შორის.

ზემოთ ჩამოთვლილ სხვა მრავალ ღირსებასთან ერთად, Venom GT თავისუფლად შეიძლება მივიჩნიოთ ერთ–ერთ ყველაზე ექსკლუზიურ მოდელად; კომპანია „ჰენესს“ დღემდე  წარმოებული აქვს Venom GT–ის მოდელის მხოლოდ 11 ავტომობილი. ყოველი ეგზემპლარი სპეციალური შეკვეთითაა დამზადებული და თითოეულის შექმნას დაახლოებით ექვსთვიანი სამუშაოები დაჭირდა.

გთავაზობთ სარეკორდო ღონისძიების ამსახველ ფოტო–ვიდეომასალას:









 


მომზადებულია venomgt.com-ის მიხედვით

ამ თემაზე:
"ავტომობილის უკუსვლით "გადახტომაში" გინესის რეკორდი დამყარდა"
loading...