16 February 2014

ავტომობილის უკუსვლით „გადახტომაში“ გინესის რეკორდი დამყარდა

მრავალგზის მსოფლიო რეკორდსმენმა და MTV–ს ტელევარსკვლავმა რობ დაირდეკმა ახალი რეკორდი ავტომობილის უკუმიმართულებით „გადახტომაში“ დაამყარა. მან „შევროლეტის მარკის ავტომობილით 27.21–მეტრიანი ნახტომი შეასრულა.

რეკორდის წარმატებით დასამყარებლად, აუცილებელი პირობა არა მარტო მაქსიმალური სიგრძის ნახტომის შესრულება, არამედ ავტომობილის წარმატებული დაშვება პლატფორმაზე და ტრიუკის შემდეგ მართვის შენარჩუნება იყო, რაც დაირდეკმა ბრწყინვალედ შეასრულა.

სარეკორდო ტრიუკი კალიფორნიაში, “Fantasy Factory”–ს შოუს ფინალური სეზონის ჩაწერაზე შესრულდა, ტელეეთერში კი 13 მარტს, 22:30 საათზე MTV–ს არხზე გავა.

„რეკორდებს წლების მანძილზე ვამყარებდი. ეს ტრიუკი ჩემთვის საუკეთესო შესაძლებლობა იყო იმისათვის, რომ დავბრუნებულიყავი და გამეკეთებინა რაღაც ახალი“ – განაცხადა რეკორდის დამყარების შემდეგ  დაირდეკმა.

ტელევარსკვლავსა და ყოფილ პროფესიონალ სკეიტბორდერ რობ დაირდეკს თავისი კარიერის განმავლობაში 20–მდე მსოფლიო რეკორდი აქვს დამყარებული, მათ შორის – უდიდესი სკეიტბორდის დამზადება და ერთი წუთის განმავლობაში სკეიტბორდის ყველაზე მეტი ბრუნის შესრულება.


მასალა მომზადებულია "გინესის მსოფლიო რეკორდების" მიხედვით
loading...