07 February 2014

ისრაელის პრეზიდენტმა გინესის რეკორდი დაამყარა

ისრაელის პრეზიდენტი – შიმონ პერესი 90 წლის ასაკში გინესის რეკორდსმენი გახდა. გუშინ, 6 თებერვალს მან სამოქალაქო განათლების შესახებ ლექცია ჩაუტარა 10 579 სტუდენტს, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით არსებულ რამდენიმე ათეული საკლასო ოთახიდან ონლაინ რეჟიმში ადევნებდნენ თვალს პრეზიდენტის გამოსვლას. პირდაპირი ჩართვა ქალაქ ნეთანიაში, კომპანია „Cisco Systems“–ის ისრაელის სათაო ოფისიდან მიმდინარეობდა.

თავდაპირველად, ღონისძიებაში დაახლოებით 6 500 სტუდენტის მონაწილეობას ვარაუდობდნენ, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ პრესრელიზის გამოქვეყნების შემდეგ ლექციაზე დასწრების მსურველთა რაოდენობა გაიზარდა.

შიმონ პერესის ლექციას გინესის მსოფლიო რეკორდების მსაჯი მარკო ფრიგატი ესწრებოდა, რომელიც სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ისრაელში ოთხშაბათს ჩაფრინდა. წარმატებული ლექციის შემდეგ ფრიგატიმ პერესს სერტიფიკატი გადასცა და განაცხადა, რომ მას კიდევ ერთი დამსახურების გამო მიენიჭა რეკორდსმენის ტიტული.

„მე მაქვს საინტერესო სიურპრიზი! თქვენ მოგენიჭათ მსოფლიო რეკორდსმენის წოდება არა მხოლოდ წარმატებული ლექციის ჩატარებისთვის, არამედ იმის გამოც, რომ სახელმწიფოს მეთაურებს შორის ყველაზე ასაკოვანი ბრძანდებით!“ – მიმართა ფრიგატიმ ისრაელის პრეზიდენტს.

მარკო ფრიგატიმ განაცხადა, რომ გინესს თავიდანვე მოეწონა ღონისძიების ორგანიზატორების მიერ შეთავაზებული იდეა, რადგან ამაში შერწყმული იყო სამოქალაქო განათლება, თანამედროვე ტექნოლოგიები და იმ ადამიანის  ხედვა, რომელიც თვალყურს ადევნებდა სახელმწიფოს განვითარებას ადრეული პერიოდიდან დღემდე. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ სამოქალაქო განათლება და დემოკრატია ყველასთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს.

ადგილობრივი მედიის შეფასებით, შიმონ პერესის ლექცია იყო პიონერული ნაბიჯი ციფრული განათლების განვითარების საქმეში, რაც შემდგომში უმაღლეს სასწავლებლებს მისცემს მსგავსი სტანდარტებით მუშაობის, ხოლო პერიფერიული გეოგრაფიული მდებარეობის მქონე ქვეყნების სტუდენტებს მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებიდან ცოდნის მიღების გამარტივებულ საშუალებას.

სარეკორდო ღონისძიების ორგანიზატორი კომპანია „Cisco“ იყო, რომელმაც პირდაპირი ეთერის ტექნიკური მხარდაჭერა უზრუნველყო. აღსანიშნავია, რომ ისრაელი პირველი ქვეყანაა ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, სადაც Cisco–ს წარმომადგენლობა გაიხსნა. კომპანიის თავმჯდომარე ჯონ ჩემბერსი ამჟამად ისრაელში იმყოფება და უკვე არაერთხელ შეხვდა პრეზიდენტ პერესს. სწორედ ჩემბერსის ინიციატივით, Cisco–მ დაიწყო მჭიდრო თანამშრომლობა ქვეყნის მთავრობასთან ჯანდაცვის, განათლების, კავშირგაბმულობის, ინფრასტრუქტურისა და კიბერნეტიკის სფეროების განსავითარებლად. კომპანიის მიზანია, გახადოს ისრაელი მსოფლიოში პირველი „ციფრული სახელმწიფო“.


loading...