22 February 2014

პლანეტის ყველაზე ასაკოვანი ტანმოვარჯიშე (ვიდეო)

„გინესის მსოფლიო რეკორდების“ მიხედვით, ყველაზე ასაკოვანი ტანმოვარჯიშე გერმანელი ქალბატონი იოჰანა კაასია. ის ამჟამად 88 წლისაა და კვლავ რეგულარულად მონაწილეობას საქსონიის Landes-Seniorenspiele-ს შეჯიბრში.

იოჰანა 1925 წლის 20 ნოემბერს, გერმანიის ქალაქ ჰუჰენმოლსენში დაიბადა. ტანვარჯიშით ადრეულ ასაკში დაინტერესდა და პირველად შეჯიბრში 1934 წელს მიიღო მონაწილეობა.

პირველი სერიოზული წარმატება, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მის რეკორდსმენად გახდომაში, 2012 წელს მოვიდა. ქალაქ კოტბუსში გამართულ ტურნირზე, 86 წლის იოჰანას მიერ შესრულებული ილეთები ერთ-ერთმა მაყურებელმა გადაიღო და YouTube-ს არხზე ატვირთა. ვიდეორგოლებმა მალე მოიპოვა პოპულარობა ინტერნეტ-სივრცეში და „გინესის მსოფლიო რეკორდების“ წარმომადგენლების ყურადღებაც მიიქცია.

იოჰანა კაასს რეკორდსმენის წოდება 2012 წლის 13 სექტემბერს, რომში გამართულ „გინესის მსოფლიო რეკორდების“ შოუზე მიენიჭა. ამ დროისათვის მისი ასაკი ზუსტად 86 წელს, 9 თვესა და 24 დღეს შეადგენდა.

„გინესის წიგნში მოხვედრა განსაკუთრებული შეგრძნებაა. მიხარია, როდესაც განსაკუთრებული ადამიანები საერთაშორისო აღიარებას მოიპოვებენ. ვიმედოვნებ, ჩემი რეკორდი შთააგონებს სხვებს, რომ სიახლისკენ სწრაფვა არასოდეს არის დაგვიანებული“ - აცხადებს უხუცესი ტანმოვარჯიშე.

გთავაზობთ ბლიც ინტერვიუს იოჰანა კაასთან, რომელიც 2013 წლის 19 სექტემბერს „გინესის მსოფლიო რეკორდების“ რედაქციამ გამოაქვეყნა:

  • სად ცხოვრობთ?
  • გერმანიის ქალაქ ჰალეში.

  • რას საქმიანობთ?
  • პენსიონერი ვარ, თუმცა მწვრთნელადაც ვმუშაობ.

  • როგორ გახდით რეკორდსმენი?
  • ტანვარჯიშის ერთ-ერთ ჩემპიონატში მონაწილეობისას, რომელიღაც მაყურებელმა ჩემი გამოსვლის ვიდეო გადაიღო და YouTube-ზე ატვირთა, რომელის ნახვების რაოდენობამაც მილიონს გადააჭარბა. შემდეგ „გინესის მსოფლიო რეკორდებმა“ მოწვევა გამოუგზავნა ჩემს მენეჯერს და რომში, რეკორდების შოუზე გამოსვლა შემომთავაზა, სადაც მომანიჭეს მსოფლიო რეკორდსმენის სტატუსი.

  • რა სიხშირით ვარჯიშობთ?
  • კვირაში ორჯერ, თუმცა ყოველდღიურად თითო საათის განმავლობაში დაკავებული ვარ სპორტის რომელიმე სახეობით ან სხვა ფიზიკური აქტივობით, ძირითადად ცურვით ან სეირნობით.

  • რომელია თქვენი საყვარელი ნივთი?
  • ორძელი.

  • ოდესმე გიფიქრიათ, რომ ტანვარჯიშისთვის საკმაოდ ასაკოვანი ხართ?
  • არა, აბსოლუტურად არა. სურვილი მაქვს, 90 წლის ასაკშიც გავაგრძელო შეჯიბრებებში მონაწილეობა.

  • შეჯიბრებში მონაწილეობის დროს არ გექმნებათ ჯანმრთელობის პრობლემა?
  • არასოდეს შემქმნია ჯანმრთელობის პრობლემა. ჩემი სხეული ისეა მომზადებული, რომ ყოველი ვარჯიშის დროს  თავს კომფორტულად ვგრძნობ.

  • რა რჩევას მისცემდით ადამიანებს, რომლებიც არ არიან სპორტით დაკავებულნი?
  • აუცილებლად შეარჩიეთ სპორტის ერთ-ერთი სახეობა და დაკავდით მისით, რომელი სახეობაც არ უნდა იყოს ეს.

  • სად ინახავთ თქვენს გინესის სერტიფიკატს?
  • ჩემს სხვა ჯილდოებთან - მედლებთან, სიგელებთან და სერტიფიკატებთან ერთად. ის ინახება გაერთიანებული გერმანიის ეროვნულ ჩემპიონატზე მოპოვებულ სერტიფიკატთან ერთად, რომელიც ყველაზე საამაყოა ჩემს კარიერაში.

მომზადებულია "გინესის მსოფლიო რეკორდების" მიხედვით
loading...