14 February 2014

რუსმა ექსტრემალებმა ჩინეთის ყველაზე მაღალი ცათამბჯენი დალაშქრეს

ახალგაზრდა წყვილმა რუსეთიდან, შანხაის ცათამბჯენი დალაშქრა და 28–სართულიან შენობაზე ასვლის მთლიანი პროცესი ვიდეოკამერით გადაიღო. 631–მეტრიანი ცათამბჯენი ჩინეთში ყველაზე მაღალია, მსოფლიო მასშტაბით კი მეორე ადგილს იკავებს უმაღლეს ნაგებობებს შორის.

20 წლის ვიტალი რასკალოვმა და 24 წლის ვადიმ მახოროვმა ცათამბჯენზე ასვლას 2 საათი მოანდომეს. უცნაურია, მაგრამ ამ სარისკო ტრიუკის განმავლობაში არცერთ მათგანს არ გამოუყენებია დამცავი აღჭურვილობა. ისინი იძულებულები იყვნენ, დალოდებოდნენ დაბნელებას, რათა თავიდან აეცილებინათ შესაძლო ხელისშემშლელი ფაქტორები ხელისუფლების მხრიდან.

„დღის განმავლობაში ცათამბჯენის მიმდებარე ტერიტორიას დაცვის თანამშრომლები და ვიდეოკამერები აკონტროლებენ, ამიტომ ცათამბჯენზე ასვლა ღამით დავიწყეთ, რამაც საშუალება მოგვცა, შეუმჩნევლად გვემოქმედა“ – განაცხადა ვადიმ მახოროვმა.

ორსაათიანი ცოცვის შემდეგ, ცათამბჯენის მწვერვალზე ასულ ექსტრემალებს კიდევ ოთხი საათის განმავლობაში მოუწიათ ლოდინი, სანამ მათ ქვემოთ არსებული ღრუბლები გაიფანტებოდა და ქალაქის გადაღების საშუალება მიეცემოდათ. მას შემდეგ, რაც ღრუბლებს შორის სივრცე გამოჩნდა, ექსტრემალები კიდევ უფრო მაღლა – ცათამბჯენის ამწეზე აცოცდნენ, უკეთესი ხედების გადასაღებად.

„ჩვენ არასოდეს შეგვშინებია და არასოდეს მიგვიღია რაიმე სახის დაზიანება მსგავსი ტრიუკების შესრულების დროს. ამჯერად, მიზნის მისაღწევად, 24 საათიანი უძილობა დაგვჭირდა, თუმცა ჩინეთის ყველაზე მაღალი ცათამბჯენის დალაშქვრა საოცარი შეგრძნებაა! ეს იყო როგორც ფიზიკური, ისე გონებრივი შეჯიბრი თითოეული ჩვენთაგანისთვის“ – აღნიშნეს ექსტრემალებმა.

რასკალოვისა და მახოროვისთვის ეს ტრიუკი პირველი არ არის. 2013 წელს, მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში წყვილმა 7 სხვადასხვა ქვეყნის 12 ღირსშესანიშნავი არქიტექტურული ნაგებობა დალაშქრა, მათ შორის: ეიფელის კოშკი და Sagrada Familia–ს ტაძარი ბარსელონაში.


მასალა მომზადებულია "ტელეგრაფის" მიხედვით
loading...