18 February 2014

სერგეი ბუბკას 21–წლიანი რეკორდი მოხსნილია (ფოტო/ვიდეო)

გასულ კვირას მძლეოსნობის სამყაროში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა – უკრაინელი სერგეი ბუბკას მიერ 21 წლის წინ დამყარებული ჭოკით ხტომის რეკორდი მოიხსნა.

ფრანგმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა რენაუდ ლევილენიემ ერთი შეხედვით შეუძლებელი შეძლო. შაბათს, დონეცკში გამართულ „ჭოკით მხტომელთა შეხვედრაზე“ 6.16–მეტრიანი ნახტომი შეასრულა და ზუსტად ერთი სანტიმეტრით გადააჭარბა სერგეი ბუბკას მიერ 1993 წელს ნაჩვენებ შედეგს.


აღნიშნული ფაქტი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო ბუბკასთვის, რადგან სარეკორდო ნახტომი ლევილენიემ მის მშობლიურ ქალაქში შეასრულა და დამსწრე საზოგადოების მქუხარე აპლოდისმენტებიც დაიმსახურა.

მოგვიანებით, 27 წლის ლევილენიემ, რომელმაც სარეკორდო სიმაღლე პირველივე ცდაზე აჩვენა, ტვიტერის მიკრობლოგზე შემდეგი სახის პოსტი გამოაქვეყნა: „მსოფლიო რეკორდი! 6.16 პირველივე ცდაზე! წარმოუდგენელია. მე ჯერ კიდევ ჰაერში ვარ.“

„ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა ჩემს ირგვლივ, უზარმაზარ ემოციაში ვიყავი. ალბათ დრო დამჭირდება, რომ მიწაზე დავეშვა. ეს მითიური რეკორდი იყო. ვიცოდი, რომ ამ რეკორდის მოხსნის პოტენციალი მქონდა, თუმცა ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ეს წარმატება ცოტა ნაადრევია“ – განაცხადა ლევილენიემ ფრანგულ საინფორმაციო სააგენტო BFM TV–თან ინტერვიუში.


ნახტომის შესრულების შემდეგ, ლევილენიესთან ლეგენდარული ბუბკა მივიდა და წარმატება მიულოცა. მოგვიანებით კი განაცხადა: „ფანტასტიური იყო. ეს ისტორიული მოვლენაა და მე ბედნიერი ვარ, რომ რენაუდმა თავისი საუკეთესო შედეგი სწორედ აქ, ჩემს მშობლიურ ქალაქ დონეცკში გამოავლინა. მიხარია, რომ იმ საქმით ვარ დაკავებული, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს. მძლეოსნობა ჩემი ცხოვრებაა. მე ვამაყობ მისით (ლევილენიეთი) და მძლეოსნობით“.


ბუბკა პირველი მძლეოსანი მამაკაცია, რომელმაც 6–მეტრიან ნიშნულს გადააჭარბა და კარიერის განმავლობაში 35 მსოფლიო რეკორდი დაამყარა (აქედან 17 ღია მოედანზე, ხოლო 18 დარბაზის პირობებში). ამ მაჩვენებლით მასვე ეკუთვნის რეკორდსმენის წოდება მძლეოსნობის სფეროში ინდივიდუალურად  დამყარებული რეკორდების რაოდენობით. სერგეი ბუბკა კვლავ რჩება მოქმედ მსოფლიო რეკორდსმენად, უმაღლესი ნახტომის შესრულებისთვის ღია მოედანზე – 1992 წელს ტოკიოში მან 6.13 მეტრი დაძლია.


მასალა მომზადებულია "გინესის მსოფლიო რეკორდების" მიხედვით
loading...