ჩხოროწყუში ყველაზე დიდი ელარჯი მომზადდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა მეორე რეკორდი დაამყარა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა მხატვარმა ვახტანგ აბაშიძემ მორიგი რეკორდი ზეპირ მათემატიკურ გამოთვლაში დაამყარა იოსებ ხუციშვილმა მორიგი რეკორდი დაამყარა

28 March 2014

ანა ლომინაძე ბორკილებით ცურვაში გინესის რეკორდის დამყარებას შეეცდება

ქართველი მოცურავე და მსოფლიო რეკორდსმენი, 19 წლის ანა ლომინაძე ახალი რეკორდის დასამყარებლად ემზადება. ამჯერად მისი მიზანი ბორკილებით, 25–მეტრიანი აუზის მინიმალურ დროში გაცურვაა. ღონისძიებას ორგანიზებას საქართველოს რეკორდების ფედერაცია გაუწევს.

სარეკორდო გაცურვა 3 აპრილს, 12:00 საათზე თბილისში, შ.პ.ს. „დიღმის“ აუზზე (ყოფილი ოლიმპიური მზადების სპორტული ცენტრის აუზი) გაიმართება. რეკორდის დამყარების პროცესს სპეციალური მსაჯთა კომისია დაესწრება და ადგილზე დაადასტურებს სპორტსმენის შედეგს.

რეკორდის წესების თანახმად, პრეტენდენტმა 25–მეტრიანი დისტანცია ბორკილებით მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა გაცუროს. ბორკილების გაკეთება აუცილებელია ოთხივე კიდურზე. ცურვის დროს რაიმე სახის დამხმარე აღჭურვილობის გამოყენება აკრძალულია. ამ სახეობაში მსოფლიო რეკორდი ჯერჯერობით არავის დაუმყარებია. წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში ქართველი მოცურავე კიდევ ერთი ახალი კატეგორიის რეკორდის მფლობელი გახდება.

ანა ლომინაძე 1995 წლის 2 მარტს დაიბადა. ცურვაზე ვარჯიში ადრეული ასაკიდან დაიწყო (მწვრთნელები – ნანი ჭუმბაძე, მანანა ზამბახიძე). არის საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი გულაღმა ცურვაში, აზერბაიჯანის მრავალგზის ჩემპიონი, თბილისის მრავალგზის პრიზიორი და თბილისის თასის მფლობელი. 2012 წლის 30 აგვისტოს, თურქეთში, დარდანელის სრუტის 5 500–მეტრიანი მონაკვეთი ხელფეხშეკრულმა 46:47 წუთში შეუსვენებლად გადაცურა და 17 წლის ასაკში პირველი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ამ შედეგით ანამ არაერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და ამერიკული „რიფლეის დაუჯერებელი ფაქტების წიგნის“ 2014 წლის გამოცემაშიც მოხვდა.

ამ თემაზე:


26 March 2014

აზიდვების შეჯიბრზე ახალი მსოფლიო რეკორდი დამყარდა

დღეს, საქართველოს რეკორდების ფედერაციის ორგანიზებით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საკალათბურთო დარბაზში გინესის რეკორდის დასამყარებლად შეჯიბრი ჩატარდა. მონაწილეებს შორის საუკეთესო შედეგი თიანელმა რეკორდსმენმა – 27 წლის გიორგი მათურელმა აჩვენა.

შეჯიბრში მონაწილეობა 9 ქართველმა სპორტსმენმა მიიღო (მათ შორის სამმა მოქმედმა მსოფლიო რეკორდსმენმა). რეკორდის მიზანი ერთი წუთის განმავლობაში, მუშტებზე, 31–კილოგრამიანი ტვირთით მაქსიმალური რაოდენობის აზიდვების შესრულება იყო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი სახეობის რეკორდი აქამდე არ არსებობდა და გასული წლის დეკემბერში, საქართველოს რეკორდების ფედერაციის განაცხადის საფუძველზე, გინესმა ახალი კატეგორია დაამტკიცა. დადგენილი ნორმების თანახმად, სარეკორდო ტვირთის წონა 60 ფუნტით (27.2 კგ) განისაზღვრა, თუმცა, დღევანდელ შეჯიბრზე ქართველმა სპორტსმენებმა აზიდვები 31-კილოგრამიანი ზურგჩანთით შეასრულეს.


შეჯიბრი დაძაბული კონკურენციის პირობებში წარიმართა – პირველი შვიდი გამომსვლელის მიერ შესრულებული აზიდვების რაოდენობა 20–დან 29 ერთეულის ფარგლებში, მცირე სხვაობებით მერყეობდა, ბოლო ორმა მონაწილე რეკორდსმენმა – დავით ჟორჟოლიანმა და გიორგი მათურელმა კი შესაბამისად 41 და 48 აზიდვა შეასრულეს.

საბოლოოდ, შეჯიბრის გამარჯვებული გიორგი მათურელი გახდა, რომელმაც გინესის მსოფლიო რეკორდების მიერ დაწესებული ნორმების მიხედვით, მუშტებზე, 31–კილოგრამიანი ტვირთით, წუთში 48 აზიდვა შეასრულა და საქართველოს რეკორდების ფედერაციისგან რეკორდსმენის ტიტული უკვე მესამედ დაიმსახურა.


ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე დაესწრო. აგრეთვე, საკუთარი რაიონის წარმომადგენელ სპორტსმენს – გიორგი მათურელს უგულშემატკივრა და გამარჯვება მიულოცა თიანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა – ზაქარია ქუცნაშვილმა.

დღევანდელი შეჯიბრის სამი საუკეთესო შედეგის მქონე სპორტსმენი – გიორგი საჩალელი, დავით ჟორჟოლიანი და გიორგი მათურელი ღონისძიების გენერალურმა სპონსორმა – მაღაზია მასტერ სპორტმა დაასაჩუქრა.



ამ თემაზე:

"საქართველოში პირველად - გინესის რეკორდის დასამყარებლად შეჯიბრი ჩატარდება"

21 March 2014

საქართველოში პირველად – გინესის რეკორდის დასამყარებლად შეჯიბრი ჩატარდება

26 მარტს, 11:00 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტდარბაზში (თბილისი, ჩოლოყაშვილის 9) გინესის რეკორდის დასამყარებლად შეჯიბრი ჩატარდება. ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს რეკორდების ფედერაცია.

საუკეთესო შედეგის მისაღწევად ერთმანეთს ათი ქართველი სპორტსმენი (მათ შორის რამდენიმე მოქმედი მსოფლიო რეკორდსმენი) შეეჯიბრება. მონაწილეები ერთი წუთის განმავლობაში, 30–კილოგრამიანი ზურგჩანთით, მუშტებზე მაქსიმალური რაოდენობის აზიდვების შესრულებას შეეცდებიან. აღსანიშნავია, რომ მსგავსი სახეობის რეკორდი აქამდე არ არსებობდა და გასული წლის დეკემბერში, საქართველოს რეკორდების ფედერაციის განაცხადის საფუძველზე, გინესმა ახალი კატეგორია დაამტკიცა.

თავდაპირველად, ამ რეკორდის დასამყარებლად მზადება თიანელმა სპორტსმენმა, ორგზის მსოფლიო რეკორდსმენმა – გიორგი მათურელმა დაიწყო, თუმცა მოგვიანებით კიდევ რამდენიმე პრეტენდენტი გამოჩნდა. ამან განაპირობა საქართველოში პირველი, შეჯიბრის ტიპის სარეკორდო ღონისძიების დაგეგმვა, რომელშიც ერთდროულად რამდენიმე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.

ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრებიან. აგრეთვე, საკუთარი რაიონის წარმომადგენელ რეკორდსმენს – გიორგი მათურელს უგულშემატკივრებს თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი.

შეჯიბრს საერთაშორისო წესების მიხედვით წარმართავს ფედერაციის მსაჯთა კომისია. საუკეთესო შედეგის მქონე სპორტსმენს , რომლის შედეგიც გინესის მსოფლიო რეკორდის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, ფედერაციის მიერ რეკორდსმენის ტიტული მიენიჭება და სერტიფიკატი გადაეცემა.

ღონისძიების გენერალური სპონსორია მაღაზია „მასტერ სპორტი“. მხარდამჭერები – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და Maika.ge, საინფორმაციო მხარდაჭერას კი საინფორმაციო–ანალიტიკური და შემეცნებითი ვებ–გვერდი Localinfo.ge უზრუნველყოფს.

05 March 2014

პლანეტის უხუცესი მცხოვრები დღეს 116 წლის გახდა

მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანი ადამიანი კიდევ ერთხელ მოექცა წამყვანი მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრში – მისაო ოკავას დღეს 116 წელი შეუსრულდა.

გასულ კვირას გამოცემა „ტელეგრაფისთვის“ მიცემულ ინტერვიუში იაპონელი ქალბატონი ამბობს, რომ მისი დღეგრძელობის მიზეზი კარგი კვება და ხანგრძლივი ძილია.

„ჭამეთ, ხანგრძლივად იძინეთ და იცხოვრებთ დიდხანს. უნდა ისწავლოთ დასვენება“ – განაცხადა მან „ტელეგრაფთან“ ინტერვიუში.

„ქალბატონი ოკავა იკვებება დღეში სამჯერ და დარწმუნებულია, რომ დღე–ღამეში 8 საათის განმავლობაში უნდა ეძინოს. იგი ამტკიცებს, რომ მისი საყვარელი საკვები სუშია, განსაკუთრებით კი ძმრითა და ბრინჯით შენელებული სკუმბრია უყვარს და თვეში ერთხელ მაინც მიირთმევს“ – აცხადებს ტომოჰიტო ოკადა, კურენაის მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელი, სადაც უკანასკნელი 18 წლის განმავლობაში ცხოვრობს მისაო ოკავა.


ქალბატონმა მისაომ მსოფლიოს უხუცესი ადამიანის ტიტული 2013 წლის ივნისში მიიღო, მას შემდეგ, რაც გარდაიცვალა ასევე იაპონელი – 116 წლის ხიროემონ კიმურა.

ექსპერტების განცხადებით, ის ფაქტი, რომ ორივე უხუცესი იაპონიიდანაა, უბრალო დამთხვევა არ არის. „გინესის მსოფლიო რეკორდების“ მიხედვით, იაპონიაში 100 წელს გადაცილებული 51376 ადამიანი ცხოვრობს, რომელთა შორის მდედრობითი სქესის 44842 წარმომადგენელია.

გაზეთ „ტელეგრაფის“ ინფორმაციით, იაპონელი ქალების სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 85.9 წელიწდს შეადგენს, მამაკაცების კი 79.6 წელიწადს.

იაპონელების ამგვარ დღეგრძელობას ექსპერტები სრულყოფილ ჯანდაცვის სისტემას, აქტიურ ჯანსაღი ცხოვრების წესსა და კვების ნორმებს უკავშირებენ.

ექსპერტთა ნაწილის ვარაუდით კი, იმ ადამიანებს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს საშუალო ასაკში იყვნენ და ომისგან გამოწვეული საკვების დეფიციტს წლების განმავლობაში განიცდიდნენ, შემდგომში სხვებზე უკეთესი სიცოცხლის უნარი განუვითარდათ.

ოსაკას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და გერიატიული (გერონტოლოგიის ნაწილი, რომელიც სწავლობს მოხუცებულობით გამოწვეულ დაავადებებს) ფსიქოლოგიის სპეციალისტი იასუიუკი გონდო აცხადებს, რომ დღეგრძელობის საიდუმლოს გაცილებით რთული ახსნა აქვს, ვიდრე უბრალოდ კარგი დიეტა და თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებია.

„როდესაც 100 წელს გადაცილებული ასაკის ადამიანები გამოვკითხეთ, აღმოჩნდა, რომ მათ უმეტესობა ცხოვრების განმავლობაში შესანიშნავი ფსიქიკური ჯანმრთელობით გამოირჩეოდა და შეუმუშავდათ კონკრეტულ სიტუაციებში ფსიქოლოგიური ადაპტირების უნარი“ – განუცხადა მან „ტელეგრაფს“.

პროფესორი გონდო ერთ–ერთია იმ მეცნიერთა შორის, რომელთაც შეისწავლეს ქალბატონი ოკავა და სხვა ასწლოვანი ადამიანები, რათა დაადგინონ დღეგრძელობის ხელშემწყობი პირობები. კვლევებმა ცხადყო, რომ მტკიცე ნებისყოფის მქონე და ცნობისმოყვარე ადამიანები საშუალოზე მეტ ხანს ცოცხლობენ.

აღსანიშნავია, რომ „გინესის მსოფლიო რეკორდებმა“ გასულ კვირას ოფიციალურად წარადგინა მსოფლიოს უხუცესი მცხოვრები მამაკაცი– 111 წლის იტალიელი არტურო ლიკატა. ყველა დროის ყველაზე ასაკოვანი ადამიანის ტიტული კი ფრანგ ქალბატონ ჟანი ლუის კალმენტს ეკუთვნის, რომელიც 1997 წლის 4 აგვისტოს, 122 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მომზადებულია „ტელეგრაფის“ მიხედვით
ფოტო: "როიტერი"

04 March 2014

ვატო აბაშიძე – ახალი პოტენციური რეკორდსმენი (ვიდეო)

34 წლის ვატო (ვახტანგ) აბაშიძე განათლებით ექიმია, თუმცა მისი სარეკორდო რეზულტატები მედიცინის დარგისგან სრულიად განსხვავებულია. ვატოს უნიკალური ნიჭი ერთდროულად ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებს, ხელოვნებასა და არითმეტიკის სფეროს მოიცავს.

როგორც თვითონ ამბობს, უცნაური შესაძლებლობები პირველად შვიდი წლის ასაკში გამოავლინა, როდესაც მრავალნიშნა (5, 6, 7–ციფრიანი) რიცხვები ზეპირად გაამრავლა ერთმანეთზე. წლების შემდეგ ეს უნარი კიდევ უფრო განვითარდა და ვატო აბაშიძე ზეპირ გამრავლებას ახლა უკვე ე.წ. სარკისებური მეთოდით ასრულებს, ანუ ქაღალდზე დაწერილ სამრავლებს ამოტრიალებულ მდგომარეობაში უყურებს და ასეთ მდგომარეობაში ასრულებს გამოთვლას. ჩვენი ინფორმაციით ზეპირი გამრავლების ასეთი ხერხი მსოფლიო მასშტაბით უპრეცედენტოა.

იმავე 2003 წელს, ვატო აბაშიძემ სრულიად მოულოდნელად და წინასწარი დაგეგმვის გარეშე დაიწყო ავეჯის (მაგიდებისა და სკამების) ესკიზების შექმნა. ხატავდა კალმით, დღეში საშუალოდ 170–180 ესკიზს. საერთო ჯამში, მისი შექმნილი ესკიზების რაოდენობამ ხუთი ათასს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ თითოეული მათგანის დიზაინი უნიკალურია.



2011 წელს აბსტრაქტული ნახატების ხატვა დაიწყო კომპიუტერული პროგრამა Paint–ის საშუალებით. ამ დროისათვის მისი ნახატების რიცხვი ცხრა ათასს აჭარბებს, ვატო კი აქტიურად აგრძელებს ახალი ნამუშევრების შექმნას. ისევე როგორც ესკიზები, ნახატებიც ინდივიდუალურია.


ზემოთ ჩამოთვლილი მრავალმხრივი ნიჭის გარდა, ვატო აბაშიძე კიდევ ერთი „არასარეკორდო“, თუმცა ძალიან საინტერესო მიღწევის ავტორია – შემუშავებული აქვს არითმეტიკული ფორმულა, რომლის საშუალებითაც, რამდენიმე მარტივი მოქმედებით შეუძლია ფესვის ამოღება ნებისმიერი სამნიშნა რიცხვის მე–3, მე–5, მე–7, მე–9 და მე–11 ხარისხიდან. როგორც გაირკვა, ფესვის ამოღების ასეთი მეთოდი ჯერჯერობით ცნობილი არაა.

საქართველოს რეკორდების ფედერაციას უკვე დაწყებული აქვს წინა–სარეკორდო მოსამზადებელი პროცედურები შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში ვახტანგ აბაშიძის უნიკალური შედეგები საერთაშორისო მასშტაბის აღიარებას მოიპოვებს.


03 March 2014

არმიის კაპიტანი რეკორდის დასამყარებლად ემზადება

Cyprus Mail–ის ინფორმაციით, კვიპროსზე მყოფი ბრიტანული არმიის კაპიტანი ბარი სტოდერტი გინესის რეკორდის მოხსნას გეგმავს. მისი მიზანი სამხედრო ტანსაცმლითა და 20–ფუნტიანი (9.07 კგ)  დამატებითი ტვირთით მარათონული მანძილის მინიმალურ დროში დაფარვაა. მოქმედი სარეკორდო დრო 3 საათი, 16 წუთი და 8 წამია.

ინგლისელი სამხედრო მოსამსახურისთვის გინესის რეკორდსმენობა უცხო არ არის, იგი მოქმედი რეკორდსმენია სამხედრო აღჭურვილობითა და 40–ფუნტიანი სიმძიმით 10 კილომეტრის ყველაზე სწრაფად გარბენაში, აგრეთვე დამყარებული აქვს ამავე წონით ნახევარმარათონული რბენის რეკორდი.

ბარი სტოდერტი სარეკორდო გარბენს 9 მარტს, „კვიპროსის მარათონ 2014“–ზე შეასრულებს, რომელშიც 500–მდე სხვა მორბენალი მიიღებს მონაწილეობას.

სტოდერტის რეკორდი საქველმოქმედო ხასიათს ატარებს და სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების მხარდამჭერი ფონდებისთვის თანხის მოძიებას ისახავს მიზნად.

„ჩემი მიზანი არ იცვლება, ის ყოველთვის მიმართულია სამხედრო ქველმოქმედებისკენ!“ – აცხადებს სტოდერტი.  იგი იმედოვნებს, რომ ახალი რეკორდის დამყარებით 5000 ევროს შეაგროვებს.

ბარი სტოდერტი 42 წლისაა. უკვე 25 წელია, რაც ინგლისის არმიაშია, კვიპროსზე კი 2013 წლის ივლისიდან მსახურობს. დამყარებული აქვს სამი მსოფლიო რეკორდი, რომელთაგან ორი მოქმედია. სტოდერტი აცხადებს, რომ 9 მარტს დაგეგმილი გარბენი მისი უკანასკნელი რეკორდი იქნება.

მომზადებულია Cyprus Mail–ის მიხედვით

01 March 2014

პლანეტის უხუცესი მცხოვრები მამაკაცი – ახალი რეკორდსმენი გამოვლენილია

გინესის მსოფლიო რეკორდებმა პლანეტის მცხოვრებთა შორის უხუცესი მამაკაცი დაასახელა. რეკორდსმენის ტიტული ამჯერად იტალიელმა არტურო ლიკატამ გადაიბარა. 2014 წლის 28 თებერვლის მონაცემით, მისი ზუსტი ასაკი 111 წელი და 302 დღეა.

გინესის მსოფლიო რეკორდების კონსულტანტმა გერონტოლოგიის დარგში – რობერტ იანგმა შეამოწმა მონაცემები და დაადასტურა, რომ ამჟამად არტურო ლიკატა 1903 წლამდე დაბადებული ერთადერთი ცოცხალი მამაკაცია. რეკორდის დასადასტურებლად დაბადებისა და ქორწინების მოწმობები და სხვა სახელმწიფო დოკუმენტები იყო გამოყენებული.

პლანეტის უხუცესი მამაკაცი იტალიის ქალაქ ენაში (ყოფილი კასტროჯოვანი, სიცილია) 1902 წლის 2 მაისს, მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. 1921 წელს, 19 წლის არტურო იტალიის არმიის რიგებს შეუერთდა, სამხედრო სამსახური 1939 წელს დაასრულა და წარმატებული ბიზნეს–კარიერა დაიწყო. ახალბედა რეკორდსმენი ამჟამად მშობლიურ ქალაქში ცხოვრობს. ყავს შვიდი შვილი, რვა შვილიშვილი და ოთხი შვილთაშვილი. მისი მეუღლე როზა 1980 წელს გარდაიცვალა, როდესაც არტურო 78 წლის იყო.

„სენიორ ლიკატა უხუცესია ამჟამად მცხოვრებ იმ სამ მამაკაცსა და 65 ქალს შორის, რომელთა ასაკიც 111 წელს აღემატება. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ გინესის ოჯახს შეემატა ადამიანი, რომელიც დაიბადა მანამ, სანამ შეიკლეტონი დაასრულებდა თავის პირველ მოგზაურობას სამხრეთ პოლუსზე, ძმები რაიტები შეასრულებდნენ პირველ ფრენას და ჰენრი ფორდი გაყიდიდა თავის პირველ T მოდელის ავტომობილს!“ – განაცხადა გინესის მსოფლიო რეკორდების მთავარმა რედაქტორმა კრეიგ გლენდეიმ.

სალუსტიანო სანჩესი
ხიროემონ კიმურა
უხუცესი მცხოვრები მამაკაცის წოდება არტურო ლიკატამ ამერიკელი სალუსტიანო სანჩესისგან გადაიბარა, რომელმაც 112 წელიწადი და 97 დღე იცოცხლა და 2013 წლის 13 სექტემბერს გარდაიცვალა. მანამდე კი გინესის რეკორდსმენის ტიტული 116 წლის იაპონელ ხიროემონ კიმურას ეკუთვნოდა, რომელიც ამავე დროს მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე ასაკოვან მამაკაცად იყო აღიარებული. ხიროემონ კიმურა 2013 წლის 12 ივნისს გარდაიცვალა.
მისაო ოკავა
იოჰანა მაზიბუკო
ჟანი ლუის კალმენტი
ამ დროისათვის, „გინესის მსოფლიო რეკორდების“ მიხედვით, პლანეტის ყველაზე ასაკოვანი მცხოვრები ადამიანი 115 წლის ქალბატონი მისაო ოკავაა, რომელიც 1898 წლის 5 მარტს დაიბადა და ამჟამად ოსაკაში ცხოვრობს. გასული წლის ივლისში, სამხრეთ აფრიკული გაზეთის, Sowetan–ის სტატიაზე დაყრდნობით, BBC–მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, აფრიკელი ქალბატონის – იოანა მაზიბუკოს ასაკი 119 წელს შეადგენდა და ამ მონაცემით გინესის წიგნში მოხვედრის პრეტენდეტი იყო, თუმცა, როგორც ჩანს, მაზიბუკომ პლანეტის უხუცესი მცხოვრების ოფიციალური სტატუსი ვერ მოიპოვა. რაც შეეხება ყველა დროის ყველაზე უხუცეს ადამიანს, რომლის მონაცემები დოკუმენტურად დასტურდება, ფრანგი ქალი, ჟანი ლუის კალმენტი იყო, რომელმაც 122 წელიწადი და 164 დღე იცოცხლა და 1997 წლის 4 აგვისტოს გარდაიცვალა.

მომზადებულია „გინესის მსოფლიო რეკორდების“ მიხედვით

ამ თემაზე: