28 March 2014

ანა ლომინაძე ბორკილებით ცურვაში გინესის რეკორდის დამყარებას შეეცდება

ქართველი მოცურავე და მსოფლიო რეკორდსმენი, 19 წლის ანა ლომინაძე ახალი რეკორდის დასამყარებლად ემზადება. ამჯერად მისი მიზანი ბორკილებით, 25–მეტრიანი აუზის მინიმალურ დროში გაცურვაა. ღონისძიებას ორგანიზებას საქართველოს რეკორდების ფედერაცია გაუწევს.

სარეკორდო გაცურვა 3 აპრილს, 12:00 საათზე თბილისში, შ.პ.ს. „დიღმის“ აუზზე (ყოფილი ოლიმპიური მზადების სპორტული ცენტრის აუზი) გაიმართება. რეკორდის დამყარების პროცესს სპეციალური მსაჯთა კომისია დაესწრება და ადგილზე დაადასტურებს სპორტსმენის შედეგს.

რეკორდის წესების თანახმად, პრეტენდენტმა 25–მეტრიანი დისტანცია ბორკილებით მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა გაცუროს. ბორკილების გაკეთება აუცილებელია ოთხივე კიდურზე. ცურვის დროს რაიმე სახის დამხმარე აღჭურვილობის გამოყენება აკრძალულია. ამ სახეობაში მსოფლიო რეკორდი ჯერჯერობით არავის დაუმყარებია. წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში ქართველი მოცურავე კიდევ ერთი ახალი კატეგორიის რეკორდის მფლობელი გახდება.

ანა ლომინაძე 1995 წლის 2 მარტს დაიბადა. ცურვაზე ვარჯიში ადრეული ასაკიდან დაიწყო (მწვრთნელები – ნანი ჭუმბაძე, მანანა ზამბახიძე). არის საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი გულაღმა ცურვაში, აზერბაიჯანის მრავალგზის ჩემპიონი, თბილისის მრავალგზის პრიზიორი და თბილისის თასის მფლობელი. 2012 წლის 30 აგვისტოს, თურქეთში, დარდანელის სრუტის 5 500–მეტრიანი მონაკვეთი ხელფეხშეკრულმა 46:47 წუთში შეუსვენებლად გადაცურა და 17 წლის ასაკში პირველი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ამ შედეგით ანამ არაერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და ამერიკული „რიფლეის დაუჯერებელი ფაქტების წიგნის“ 2014 წლის გამოცემაშიც მოხვდა.

ამ თემაზე:


loading...