03 March 2014

არმიის კაპიტანი რეკორდის დასამყარებლად ემზადება

Cyprus Mail–ის ინფორმაციით, კვიპროსზე მყოფი ბრიტანული არმიის კაპიტანი ბარი სტოდერტი გინესის რეკორდის მოხსნას გეგმავს. მისი მიზანი სამხედრო ტანსაცმლითა და 20–ფუნტიანი (9.07 კგ)  დამატებითი ტვირთით მარათონული მანძილის მინიმალურ დროში დაფარვაა. მოქმედი სარეკორდო დრო 3 საათი, 16 წუთი და 8 წამია.

ინგლისელი სამხედრო მოსამსახურისთვის გინესის რეკორდსმენობა უცხო არ არის, იგი მოქმედი რეკორდსმენია სამხედრო აღჭურვილობითა და 40–ფუნტიანი სიმძიმით 10 კილომეტრის ყველაზე სწრაფად გარბენაში, აგრეთვე დამყარებული აქვს ამავე წონით ნახევარმარათონული რბენის რეკორდი.

ბარი სტოდერტი სარეკორდო გარბენს 9 მარტს, „კვიპროსის მარათონ 2014“–ზე შეასრულებს, რომელშიც 500–მდე სხვა მორბენალი მიიღებს მონაწილეობას.

სტოდერტის რეკორდი საქველმოქმედო ხასიათს ატარებს და სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების მხარდამჭერი ფონდებისთვის თანხის მოძიებას ისახავს მიზნად.

„ჩემი მიზანი არ იცვლება, ის ყოველთვის მიმართულია სამხედრო ქველმოქმედებისკენ!“ – აცხადებს სტოდერტი.  იგი იმედოვნებს, რომ ახალი რეკორდის დამყარებით 5000 ევროს შეაგროვებს.

ბარი სტოდერტი 42 წლისაა. უკვე 25 წელია, რაც ინგლისის არმიაშია, კვიპროსზე კი 2013 წლის ივლისიდან მსახურობს. დამყარებული აქვს სამი მსოფლიო რეკორდი, რომელთაგან ორი მოქმედია. სტოდერტი აცხადებს, რომ 9 მარტს დაგეგმილი გარბენი მისი უკანასკნელი რეკორდი იქნება.

მომზადებულია Cyprus Mail–ის მიხედვით
loading...