05 March 2014

პლანეტის უხუცესი მცხოვრები დღეს 116 წლის გახდა

მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანი ადამიანი კიდევ ერთხელ მოექცა წამყვანი მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრში – მისაო ოკავას დღეს 116 წელი შეუსრულდა.

გასულ კვირას გამოცემა „ტელეგრაფისთვის“ მიცემულ ინტერვიუში იაპონელი ქალბატონი ამბობს, რომ მისი დღეგრძელობის მიზეზი კარგი კვება და ხანგრძლივი ძილია.

„ჭამეთ, ხანგრძლივად იძინეთ და იცხოვრებთ დიდხანს. უნდა ისწავლოთ დასვენება“ – განაცხადა მან „ტელეგრაფთან“ ინტერვიუში.

„ქალბატონი ოკავა იკვებება დღეში სამჯერ და დარწმუნებულია, რომ დღე–ღამეში 8 საათის განმავლობაში უნდა ეძინოს. იგი ამტკიცებს, რომ მისი საყვარელი საკვები სუშია, განსაკუთრებით კი ძმრითა და ბრინჯით შენელებული სკუმბრია უყვარს და თვეში ერთხელ მაინც მიირთმევს“ – აცხადებს ტომოჰიტო ოკადა, კურენაის მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელი, სადაც უკანასკნელი 18 წლის განმავლობაში ცხოვრობს მისაო ოკავა.


ქალბატონმა მისაომ მსოფლიოს უხუცესი ადამიანის ტიტული 2013 წლის ივნისში მიიღო, მას შემდეგ, რაც გარდაიცვალა ასევე იაპონელი – 116 წლის ხიროემონ კიმურა.

ექსპერტების განცხადებით, ის ფაქტი, რომ ორივე უხუცესი იაპონიიდანაა, უბრალო დამთხვევა არ არის. „გინესის მსოფლიო რეკორდების“ მიხედვით, იაპონიაში 100 წელს გადაცილებული 51376 ადამიანი ცხოვრობს, რომელთა შორის მდედრობითი სქესის 44842 წარმომადგენელია.

გაზეთ „ტელეგრაფის“ ინფორმაციით, იაპონელი ქალების სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 85.9 წელიწდს შეადგენს, მამაკაცების კი 79.6 წელიწადს.

იაპონელების ამგვარ დღეგრძელობას ექსპერტები სრულყოფილ ჯანდაცვის სისტემას, აქტიურ ჯანსაღი ცხოვრების წესსა და კვების ნორმებს უკავშირებენ.

ექსპერტთა ნაწილის ვარაუდით კი, იმ ადამიანებს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს საშუალო ასაკში იყვნენ და ომისგან გამოწვეული საკვების დეფიციტს წლების განმავლობაში განიცდიდნენ, შემდგომში სხვებზე უკეთესი სიცოცხლის უნარი განუვითარდათ.

ოსაკას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და გერიატიული (გერონტოლოგიის ნაწილი, რომელიც სწავლობს მოხუცებულობით გამოწვეულ დაავადებებს) ფსიქოლოგიის სპეციალისტი იასუიუკი გონდო აცხადებს, რომ დღეგრძელობის საიდუმლოს გაცილებით რთული ახსნა აქვს, ვიდრე უბრალოდ კარგი დიეტა და თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებია.

„როდესაც 100 წელს გადაცილებული ასაკის ადამიანები გამოვკითხეთ, აღმოჩნდა, რომ მათ უმეტესობა ცხოვრების განმავლობაში შესანიშნავი ფსიქიკური ჯანმრთელობით გამოირჩეოდა და შეუმუშავდათ კონკრეტულ სიტუაციებში ფსიქოლოგიური ადაპტირების უნარი“ – განუცხადა მან „ტელეგრაფს“.

პროფესორი გონდო ერთ–ერთია იმ მეცნიერთა შორის, რომელთაც შეისწავლეს ქალბატონი ოკავა და სხვა ასწლოვანი ადამიანები, რათა დაადგინონ დღეგრძელობის ხელშემწყობი პირობები. კვლევებმა ცხადყო, რომ მტკიცე ნებისყოფის მქონე და ცნობისმოყვარე ადამიანები საშუალოზე მეტ ხანს ცოცხლობენ.

აღსანიშნავია, რომ „გინესის მსოფლიო რეკორდებმა“ გასულ კვირას ოფიციალურად წარადგინა მსოფლიოს უხუცესი მცხოვრები მამაკაცი– 111 წლის იტალიელი არტურო ლიკატა. ყველა დროის ყველაზე ასაკოვანი ადამიანის ტიტული კი ფრანგ ქალბატონ ჟანი ლუის კალმენტს ეკუთვნის, რომელიც 1997 წლის 4 აგვისტოს, 122 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მომზადებულია „ტელეგრაფის“ მიხედვით
ფოტო: "როიტერი"

loading...