21 March 2014

საქართველოში პირველად – გინესის რეკორდის დასამყარებლად შეჯიბრი ჩატარდება

26 მარტს, 11:00 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტდარბაზში (თბილისი, ჩოლოყაშვილის 9) გინესის რეკორდის დასამყარებლად შეჯიბრი ჩატარდება. ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს რეკორდების ფედერაცია.

საუკეთესო შედეგის მისაღწევად ერთმანეთს ათი ქართველი სპორტსმენი (მათ შორის რამდენიმე მოქმედი მსოფლიო რეკორდსმენი) შეეჯიბრება. მონაწილეები ერთი წუთის განმავლობაში, 30–კილოგრამიანი ზურგჩანთით, მუშტებზე მაქსიმალური რაოდენობის აზიდვების შესრულებას შეეცდებიან. აღსანიშნავია, რომ მსგავსი სახეობის რეკორდი აქამდე არ არსებობდა და გასული წლის დეკემბერში, საქართველოს რეკორდების ფედერაციის განაცხადის საფუძველზე, გინესმა ახალი კატეგორია დაამტკიცა.

თავდაპირველად, ამ რეკორდის დასამყარებლად მზადება თიანელმა სპორტსმენმა, ორგზის მსოფლიო რეკორდსმენმა – გიორგი მათურელმა დაიწყო, თუმცა მოგვიანებით კიდევ რამდენიმე პრეტენდენტი გამოჩნდა. ამან განაპირობა საქართველოში პირველი, შეჯიბრის ტიპის სარეკორდო ღონისძიების დაგეგმვა, რომელშიც ერთდროულად რამდენიმე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.

ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრებიან. აგრეთვე, საკუთარი რაიონის წარმომადგენელ რეკორდსმენს – გიორგი მათურელს უგულშემატკივრებს თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი.

შეჯიბრს საერთაშორისო წესების მიხედვით წარმართავს ფედერაციის მსაჯთა კომისია. საუკეთესო შედეგის მქონე სპორტსმენს , რომლის შედეგიც გინესის მსოფლიო რეკორდის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, ფედერაციის მიერ რეკორდსმენის ტიტული მიენიჭება და სერტიფიკატი გადაეცემა.

ღონისძიების გენერალური სპონსორია მაღაზია „მასტერ სპორტი“. მხარდამჭერები – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და Maika.ge, საინფორმაციო მხარდაჭერას კი საინფორმაციო–ანალიტიკური და შემეცნებითი ვებ–გვერდი Localinfo.ge უზრუნველყოფს.

loading...