26 March 2014

აზიდვების შეჯიბრზე ახალი მსოფლიო რეკორდი დამყარდა

დღეს, საქართველოს რეკორდების ფედერაციის ორგანიზებით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საკალათბურთო დარბაზში გინესის რეკორდის დასამყარებლად შეჯიბრი ჩატარდა. მონაწილეებს შორის საუკეთესო შედეგი თიანელმა რეკორდსმენმა – 27 წლის გიორგი მათურელმა აჩვენა.

შეჯიბრში მონაწილეობა 9 ქართველმა სპორტსმენმა მიიღო (მათ შორის სამმა მოქმედმა მსოფლიო რეკორდსმენმა). რეკორდის მიზანი ერთი წუთის განმავლობაში, მუშტებზე, 31–კილოგრამიანი ტვირთით მაქსიმალური რაოდენობის აზიდვების შესრულება იყო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი სახეობის რეკორდი აქამდე არ არსებობდა და გასული წლის დეკემბერში, საქართველოს რეკორდების ფედერაციის განაცხადის საფუძველზე, გინესმა ახალი კატეგორია დაამტკიცა. დადგენილი ნორმების თანახმად, სარეკორდო ტვირთის წონა 60 ფუნტით (27.2 კგ) განისაზღვრა, თუმცა, დღევანდელ შეჯიბრზე ქართველმა სპორტსმენებმა აზიდვები 31-კილოგრამიანი ზურგჩანთით შეასრულეს.


შეჯიბრი დაძაბული კონკურენციის პირობებში წარიმართა – პირველი შვიდი გამომსვლელის მიერ შესრულებული აზიდვების რაოდენობა 20–დან 29 ერთეულის ფარგლებში, მცირე სხვაობებით მერყეობდა, ბოლო ორმა მონაწილე რეკორდსმენმა – დავით ჟორჟოლიანმა და გიორგი მათურელმა კი შესაბამისად 41 და 48 აზიდვა შეასრულეს.

საბოლოოდ, შეჯიბრის გამარჯვებული გიორგი მათურელი გახდა, რომელმაც გინესის მსოფლიო რეკორდების მიერ დაწესებული ნორმების მიხედვით, მუშტებზე, 31–კილოგრამიანი ტვირთით, წუთში 48 აზიდვა შეასრულა და საქართველოს რეკორდების ფედერაციისგან რეკორდსმენის ტიტული უკვე მესამედ დაიმსახურა.


ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე დაესწრო. აგრეთვე, საკუთარი რაიონის წარმომადგენელ სპორტსმენს – გიორგი მათურელს უგულშემატკივრა და გამარჯვება მიულოცა თიანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა – ზაქარია ქუცნაშვილმა.

დღევანდელი შეჯიბრის სამი საუკეთესო შედეგის მქონე სპორტსმენი – გიორგი საჩალელი, დავით ჟორჟოლიანი და გიორგი მათურელი ღონისძიების გენერალურმა სპონსორმა – მაღაზია მასტერ სპორტმა დაასაჩუქრა.



ამ თემაზე:

"საქართველოში პირველად - გინესის რეკორდის დასამყარებლად შეჯიბრი ჩატარდება"
loading...