04 March 2014

ვატო აბაშიძე – ახალი პოტენციური რეკორდსმენი (ვიდეო)

34 წლის ვატო (ვახტანგ) აბაშიძე განათლებით ექიმია, თუმცა მისი სარეკორდო რეზულტატები მედიცინის დარგისგან სრულიად განსხვავებულია. ვატოს უნიკალური ნიჭი ერთდროულად ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებს, ხელოვნებასა და არითმეტიკის სფეროს მოიცავს.

როგორც თვითონ ამბობს, უცნაური შესაძლებლობები პირველად შვიდი წლის ასაკში გამოავლინა, როდესაც მრავალნიშნა (5, 6, 7–ციფრიანი) რიცხვები ზეპირად გაამრავლა ერთმანეთზე. წლების შემდეგ ეს უნარი კიდევ უფრო განვითარდა და ვატო აბაშიძე ზეპირ გამრავლებას ახლა უკვე ე.წ. სარკისებური მეთოდით ასრულებს, ანუ ქაღალდზე დაწერილ სამრავლებს ამოტრიალებულ მდგომარეობაში უყურებს და ასეთ მდგომარეობაში ასრულებს გამოთვლას. ჩვენი ინფორმაციით ზეპირი გამრავლების ასეთი ხერხი მსოფლიო მასშტაბით უპრეცედენტოა.

იმავე 2003 წელს, ვატო აბაშიძემ სრულიად მოულოდნელად და წინასწარი დაგეგმვის გარეშე დაიწყო ავეჯის (მაგიდებისა და სკამების) ესკიზების შექმნა. ხატავდა კალმით, დღეში საშუალოდ 170–180 ესკიზს. საერთო ჯამში, მისი შექმნილი ესკიზების რაოდენობამ ხუთი ათასს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ თითოეული მათგანის დიზაინი უნიკალურია.



2011 წელს აბსტრაქტული ნახატების ხატვა დაიწყო კომპიუტერული პროგრამა Paint–ის საშუალებით. ამ დროისათვის მისი ნახატების რიცხვი ცხრა ათასს აჭარბებს, ვატო კი აქტიურად აგრძელებს ახალი ნამუშევრების შექმნას. ისევე როგორც ესკიზები, ნახატებიც ინდივიდუალურია.


ზემოთ ჩამოთვლილი მრავალმხრივი ნიჭის გარდა, ვატო აბაშიძე კიდევ ერთი „არასარეკორდო“, თუმცა ძალიან საინტერესო მიღწევის ავტორია – შემუშავებული აქვს არითმეტიკული ფორმულა, რომლის საშუალებითაც, რამდენიმე მარტივი მოქმედებით შეუძლია ფესვის ამოღება ნებისმიერი სამნიშნა რიცხვის მე–3, მე–5, მე–7, მე–9 და მე–11 ხარისხიდან. როგორც გაირკვა, ფესვის ამოღების ასეთი მეთოდი ჯერჯერობით ცნობილი არაა.

საქართველოს რეკორდების ფედერაციას უკვე დაწყებული აქვს წინა–სარეკორდო მოსამზადებელი პროცედურები შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში ვახტანგ აბაშიძის უნიკალური შედეგები საერთაშორისო მასშტაბის აღიარებას მოიპოვებს.


loading...