ჩხოროწყუში ყველაზე დიდი ელარჯი მომზადდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა მეორე რეკორდი დაამყარა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა მხატვარმა ვახტანგ აბაშიძემ მორიგი რეკორდი ზეპირ მათემატიკურ გამოთვლაში დაამყარა იოსებ ხუციშვილმა მორიგი რეკორდი დაამყარა

18 April 2014

„ფორდ მუსტანგი“ გინესის რეკორდსმენი გახდა

გუშინ, „ფორდ მუსტანგმა“ 50 წლის იუბილე იზეიმა: 1964 წლის 17 აპრილს ამერიკული საკულტო ავტომობილს პირველი მოდელი გაყიდვაში ჩაეშვა. გრანდიოზული იუბილე გინესის რეკორდის დამყარებით დაგვირგვინდა - ავტომწარმოებელმა მთელი მსოფლიოდან 50,000-ზე მეტი ონლაინ მილოცვა მიიღო.

სარეკორდო აქცია ერთი კვირის წინ დაიწყო: გულშემატკივრებს მთელი მსოფლიოდან საშუალება ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ ონლაინ კამპანიაში და პირდაპირ „ფორდის“ ვებ-გვერდიდან ხელი მოეწერათ საიუბილეო ელექტრონულ მისალოც ბართზე.

ყველაზე აქტიური ქვეყნების ტოპ-ათეულში აშშ, კანადა, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, ავსტრალია, ბრაზილია, საფრანგეთი, მექსიკა და იტალია მოხვდნენ. საერთო ჯამში კი „ფორდის“ ვებ-გვერდს გინესის რეკორდის დასამყარებლად 160 -ზე მეტი ქვეყნიდან ესტუმრნენ.

„მოხარული ვარ, რომ წილად მხვდა პატივი, დავსწრებოდი იუბილეს და „ფორდისთვის“ გინესის რეკორდსმენის სტატუსი მიმენიჭებინა. სამომავლოდ „მუსტანგს“ მრავალ ასეთ იუბილეს და წარმატებებს ვუსურვებთ“ - განაცხადა გინესის წარმომადგენელმა ჯოანა ჰესლინგმა.

გინესის მსოფლიო რეკორდების მიხედვით, „ფორდისთვის“ ეს პირველი რეკორდია.

მომზადებულია Ford Social-ის მიხედვით

ამ თემაზე:

17 April 2014

„ფორდი“ საიუბილეოდ გინესის წიგნში მოხვედრას ცდილობს

კომპანია „ფორდი“ მისი ყველაზე პოპულარული მოდელის - „მუსტანგის“ იუბილეს აღნიშნავს: ზუსტად 50 წლის წინ, 1964 წლის 17 აპრილს „ფორდ მუსტანგი“ გაყიდვაში ჩაეშვა. გრანდიოზული იუბილის დასაგვირგვინებლად ამერიკული ავტომწარმოებელი გინესის წიგნში მოხვედრასაც გეგმავს.

გუშინ, 16 აპრილს, ნიუ-იორკის ყველაზე მაღალი ცათამბჯენის - „ემპაიერ სტეიტ ბილდინგის“ (Empire State Building)  86-ე სართულზე, ობსერვატორიის ბაქანზე „ფორდის“ უახლესი, 2015 წლის მოდელი - „ფორდ მუსტანგის“ ყვითელი კაბრიოლეტი გამოჩნდა.  საკულტო ამერიკული ავტომობილი ნიუ-იორკის 2014 წლის საერთაშორისო ავტო-შოუს ფარგლებში ცათამბჯენზე პარასკევამდე იქნება განთავსებული.

2015 წლის „ფორდ მუსტანგი“
„თუ არ მოგწონთ ეს მოდელი, მაშინ თქვენ არ გყვარებიათ ავტომობილები“ - განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა თავმჯდომარე ბილ ფორდმა, რომლის პირველი ავტომობილი 1975 წლის წარმოების მწვანე „მუსტანგი“ იყო.

ცათამბჯენზე ასატანად ავტომობილის ხუთ ნაწილად დაშლა გახდა საჭირო, მისი დამონტაჟების პროცესში ცათამბჯენის ეს სართული სტუმრებისთვის დახურული იყო.
ახალი მოდელის წარსადგენად „ემპაიერ სტეიტ ბილდინგის“ პლატფორმა შემთხვევით არ შერჩეულა: 1964 წელს, „ფორდ მუსტანგის“ პირველი მოდელის პრეზენტაცია სწორედ ამ შენობაში განხორციელდა.

„ფორდ მუსტანგის“ პირველი თაობა (1964 წ.)
„მუსტანგის“ უახლესი მოდელის გამოშვება მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება და შეზღუდული რაოდენობით იწარმოება - საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, „ფორდი“ სულ 1964 ერთეული ავტომობილის შექმნას აპირებს.

საიუბილეო მოდელის კიდევ ერთი სპეციფიკური მახასიათებელი მისი ფერი იქნება - „ფორდის“ ლოგოს შესაბამისად ახალი „მუსტანგი“  მხოლოდ თეთრ და ლურჯ ფერებში იწარმოება. მყიდველს საშუალება ექნება, მექანიკური ან ავტომატური გადაცემათა კოლოფის მიხედვით შეარჩიოს სასურველი ავტომობილი.

ბილ ფორდის განცხადებით, კომპანიას ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი მოდელის გასაყიდი ფასი. 1964 წელს, „მუსტანგის ფასი 2,300 აშშ დოლარიდან იწყებოდა.

რაც შეეხება მსოფლიო რეკორდს - გინესის წიგნში მოსახვედრად „ფორდს“ ონლაინ-ხელმომწერების მაქსიმალური რაოდენობა ესაჭიროება! ამისათვის კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებულია 5-პუნქტიანი სახლისო კითხვარი, რომლის გავლის შემდეგ მომხმარებელს კომპანიისგან სიახლეების გამოწერის საშუალება ეძლევა. 50,000 ხელმომწერის არსებობის შემთხვევაში „ფორდი“ გინესის მსოფლიო რეკორდსმენის წოდებას მიიღებს.

მომზადებულია CBC Detroit-ის მიხედვით

05 April 2014

ცურვა ბორკილითა და ჯაჭვით – ანა ლომინაძემ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა (ვიდეო)


ქართველმა მოცურავემ და რეკორდსმენმა, 19 წლის ანა ლომინაძემ მორიგი მსოფლიო რეკორდი დაამყარა – ბორკილებითა და ჯაჭვებით ხელფეხშეკრულმა სპორტსმენმა 25 მეტრიანი დისტანცია 21.76 წამში დაფარა. ღონისძიების ორგანიზატორი იყო საქართველოს რეკორდების ფედერაცია.

ანა ლომინაძის წარმატებამ მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებების ყურადღება მიიქცია – რეკორდის ფოტო–ვიდეო მასალა Yahoo–მ, The Telegraph–მა და Reuters–მა გაავრცელეს. გარდა ამისა, ქართველი რეკორდსმენის შესახებ წერენ ბრიტანული, გერმანული, რუსული, ბერძნული, ესპანური, ბრაზილიური, ჩინური, პოლონური და ლიტვური საინფორმაციო სააგენტოები. 

სარეკორდო გაცურვა 3 აპრილს, თბილისში, დიღმის საცურაო აუზზე შესრულდა. ანა ლომინაძის მიზანი ხელფეხშეკრულ მდგომარეობაში (ბორკილითა და ჯაჭვით) 25–მეტრიანი მანძილის მინიმალურ დროში გაცურვა იყო. აღსანიშნავია, რომ ანა საკუთარი სურვილით, სპეციალურად გაირთულა მდგომარეობა და ხელები ბორკილებით ზურგსუკან შეიკრა, აგრეთვე, უარი განაცხადა წესებით გათვალისწინებულ პრივილეგიაზე, რომელიც წვივებს შორის ჯაჭვით, 50–სანტიმეტრიან დაშორებას ითვალისწინებდა.

ღონისძიება 12:00 საათზე დაიწყო. რეკორდის დამყარების პროცესი საერთაშორისო წესებით მოქმედი მსაჯთა კომისიის მეთვალყურეობით მიმდინარეობდა. სასტარტო სიგნალის შემდეგ შებოჭილი მოცურავე აუზში გადაეშვა და დისტანცია უმოკლეს დროში დაფარა. მსაჯების წამზომებზე სარეკორდო შედეგი – 21.76 წამი დაფიქსირდა. საქართველოს რეკორდების ფედერაციის წარმომადგენლებმა ადგილზე დაადასტურეს ლომინაძის წარმატება და მსოფლიო რეკორდის დამამტკიცებელი სერტიფიკატი გადასცეს.

„რეკორდის დამყარებაში სიცხე და ფეხის ტრავმა მიშლიდა ხელს, თუმცა ჩემი თავით კმაყოფილი ვარ. ამ შედეგის მისაღწევად ერთი თვის განმავლობაში ვემზადებოდი; დღეში ორჯერ, ფეხებზე მობმული 5–კილოგრამიანი სიმძიმეებით ვვარჯიშობდი. სამომავლოდ ვგეგმავ 3–კილომეტრიანი მარათონის გაცურვას ღია წყალში, ისევ ბორკილისა და ჯაჭვის თანხლებით“ – აღნიშნა ანა ლომინაძემ.

ფედერაციის პრეზიდენტის – დავით ბეგიაშვილის განცხადებით, ანა ლომინაძის შედეგები უახლოეს მომავალში რეკორდების მარეგისტრირებელ საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაეგზავნება.

ანა ლომინაძისთვის ეს წარმატება პირველი არ ყოფილა: 2012 წლის 30 აგვისტოს, თურქეთში, 17 წლის გოგონამ ხელფეხშეკრულ მდგომარეობაში დარდანელის სრუტის 5.5–კილომეტრიანი მონაკვეთი შეუსვენებლად, 46.47 წუთში გადაცურა და პირველი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ამ შედეგით ანა ლომინაძემ არაერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. აგრეთვე, გახდა პირველი (და ჯერჯერობით ერთადერთი) ქართველი რეკორდსმენი, რომელიც პოპულარული ამერიკული გამოცემის – "რიფლეის დაუჯერებელი ფაქტების" 2014 წლის წიგნში მოხვდა.



ფოტოები: David Mdzinarishvili / Reuters, Vano Shlamov / AFP

ამ თემაზე: