05 April 2014

ცურვა ბორკილითა და ჯაჭვით – ანა ლომინაძემ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა (ვიდეო)


ქართველმა მოცურავემ და რეკორდსმენმა, 19 წლის ანა ლომინაძემ მორიგი მსოფლიო რეკორდი დაამყარა – ბორკილებითა და ჯაჭვებით ხელფეხშეკრულმა სპორტსმენმა 25 მეტრიანი დისტანცია 21.76 წამში დაფარა. ღონისძიების ორგანიზატორი იყო საქართველოს რეკორდების ფედერაცია.

ანა ლომინაძის წარმატებამ მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებების ყურადღება მიიქცია – რეკორდის ფოტო–ვიდეო მასალა Yahoo–მ, The Telegraph–მა და Reuters–მა გაავრცელეს. გარდა ამისა, ქართველი რეკორდსმენის შესახებ წერენ ბრიტანული, გერმანული, რუსული, ბერძნული, ესპანური, ბრაზილიური, ჩინური, პოლონური და ლიტვური საინფორმაციო სააგენტოები. 

სარეკორდო გაცურვა 3 აპრილს, თბილისში, დიღმის საცურაო აუზზე შესრულდა. ანა ლომინაძის მიზანი ხელფეხშეკრულ მდგომარეობაში (ბორკილითა და ჯაჭვით) 25–მეტრიანი მანძილის მინიმალურ დროში გაცურვა იყო. აღსანიშნავია, რომ ანა საკუთარი სურვილით, სპეციალურად გაირთულა მდგომარეობა და ხელები ბორკილებით ზურგსუკან შეიკრა, აგრეთვე, უარი განაცხადა წესებით გათვალისწინებულ პრივილეგიაზე, რომელიც წვივებს შორის ჯაჭვით, 50–სანტიმეტრიან დაშორებას ითვალისწინებდა.

ღონისძიება 12:00 საათზე დაიწყო. რეკორდის დამყარების პროცესი საერთაშორისო წესებით მოქმედი მსაჯთა კომისიის მეთვალყურეობით მიმდინარეობდა. სასტარტო სიგნალის შემდეგ შებოჭილი მოცურავე აუზში გადაეშვა და დისტანცია უმოკლეს დროში დაფარა. მსაჯების წამზომებზე სარეკორდო შედეგი – 21.76 წამი დაფიქსირდა. საქართველოს რეკორდების ფედერაციის წარმომადგენლებმა ადგილზე დაადასტურეს ლომინაძის წარმატება და მსოფლიო რეკორდის დამამტკიცებელი სერტიფიკატი გადასცეს.

„რეკორდის დამყარებაში სიცხე და ფეხის ტრავმა მიშლიდა ხელს, თუმცა ჩემი თავით კმაყოფილი ვარ. ამ შედეგის მისაღწევად ერთი თვის განმავლობაში ვემზადებოდი; დღეში ორჯერ, ფეხებზე მობმული 5–კილოგრამიანი სიმძიმეებით ვვარჯიშობდი. სამომავლოდ ვგეგმავ 3–კილომეტრიანი მარათონის გაცურვას ღია წყალში, ისევ ბორკილისა და ჯაჭვის თანხლებით“ – აღნიშნა ანა ლომინაძემ.

ფედერაციის პრეზიდენტის – დავით ბეგიაშვილის განცხადებით, ანა ლომინაძის შედეგები უახლოეს მომავალში რეკორდების მარეგისტრირებელ საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაეგზავნება.

ანა ლომინაძისთვის ეს წარმატება პირველი არ ყოფილა: 2012 წლის 30 აგვისტოს, თურქეთში, 17 წლის გოგონამ ხელფეხშეკრულ მდგომარეობაში დარდანელის სრუტის 5.5–კილომეტრიანი მონაკვეთი შეუსვენებლად, 46.47 წუთში გადაცურა და პირველი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ამ შედეგით ანა ლომინაძემ არაერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. აგრეთვე, გახდა პირველი (და ჯერჯერობით ერთადერთი) ქართველი რეკორდსმენი, რომელიც პოპულარული ამერიკული გამოცემის – "რიფლეის დაუჯერებელი ფაქტების" 2014 წლის წიგნში მოხვდა.



ფოტოები: David Mdzinarishvili / Reuters, Vano Shlamov / AFP

ამ თემაზე:


loading...