17 April 2014

„ფორდი“ საიუბილეოდ გინესის წიგნში მოხვედრას ცდილობს

კომპანია „ფორდი“ მისი ყველაზე პოპულარული მოდელის - „მუსტანგის“ იუბილეს აღნიშნავს: ზუსტად 50 წლის წინ, 1964 წლის 17 აპრილს „ფორდ მუსტანგი“ გაყიდვაში ჩაეშვა. გრანდიოზული იუბილის დასაგვირგვინებლად ამერიკული ავტომწარმოებელი გინესის წიგნში მოხვედრასაც გეგმავს.

გუშინ, 16 აპრილს, ნიუ-იორკის ყველაზე მაღალი ცათამბჯენის - „ემპაიერ სტეიტ ბილდინგის“ (Empire State Building)  86-ე სართულზე, ობსერვატორიის ბაქანზე „ფორდის“ უახლესი, 2015 წლის მოდელი - „ფორდ მუსტანგის“ ყვითელი კაბრიოლეტი გამოჩნდა.  საკულტო ამერიკული ავტომობილი ნიუ-იორკის 2014 წლის საერთაშორისო ავტო-შოუს ფარგლებში ცათამბჯენზე პარასკევამდე იქნება განთავსებული.

2015 წლის „ფორდ მუსტანგი“
„თუ არ მოგწონთ ეს მოდელი, მაშინ თქვენ არ გყვარებიათ ავტომობილები“ - განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა თავმჯდომარე ბილ ფორდმა, რომლის პირველი ავტომობილი 1975 წლის წარმოების მწვანე „მუსტანგი“ იყო.

ცათამბჯენზე ასატანად ავტომობილის ხუთ ნაწილად დაშლა გახდა საჭირო, მისი დამონტაჟების პროცესში ცათამბჯენის ეს სართული სტუმრებისთვის დახურული იყო.
ახალი მოდელის წარსადგენად „ემპაიერ სტეიტ ბილდინგის“ პლატფორმა შემთხვევით არ შერჩეულა: 1964 წელს, „ფორდ მუსტანგის“ პირველი მოდელის პრეზენტაცია სწორედ ამ შენობაში განხორციელდა.

„ფორდ მუსტანგის“ პირველი თაობა (1964 წ.)
„მუსტანგის“ უახლესი მოდელის გამოშვება მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება და შეზღუდული რაოდენობით იწარმოება - საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, „ფორდი“ სულ 1964 ერთეული ავტომობილის შექმნას აპირებს.

საიუბილეო მოდელის კიდევ ერთი სპეციფიკური მახასიათებელი მისი ფერი იქნება - „ფორდის“ ლოგოს შესაბამისად ახალი „მუსტანგი“  მხოლოდ თეთრ და ლურჯ ფერებში იწარმოება. მყიდველს საშუალება ექნება, მექანიკური ან ავტომატური გადაცემათა კოლოფის მიხედვით შეარჩიოს სასურველი ავტომობილი.

ბილ ფორდის განცხადებით, კომპანიას ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი მოდელის გასაყიდი ფასი. 1964 წელს, „მუსტანგის ფასი 2,300 აშშ დოლარიდან იწყებოდა.

რაც შეეხება მსოფლიო რეკორდს - გინესის წიგნში მოსახვედრად „ფორდს“ ონლაინ-ხელმომწერების მაქსიმალური რაოდენობა ესაჭიროება! ამისათვის კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებულია 5-პუნქტიანი სახლისო კითხვარი, რომლის გავლის შემდეგ მომხმარებელს კომპანიისგან სიახლეების გამოწერის საშუალება ეძლევა. 50,000 ხელმომწერის არსებობის შემთხვევაში „ფორდი“ გინესის მსოფლიო რეკორდსმენის წოდებას მიიღებს.

მომზადებულია CBC Detroit-ის მიხედვით
loading...