ჩხოროწყუში ყველაზე დიდი ელარჯი მომზადდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა მეორე რეკორდი დაამყარა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა მხატვარმა ვახტანგ აბაშიძემ მორიგი რეკორდი ზეპირ მათემატიკურ გამოთვლაში დაამყარა იოსებ ხუციშვილმა მორიგი რეკორდი დაამყარა

29 May 2014

დავით ჟორჟოლიანმა ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ქართველმა რეკორდსმენმა, 23 წლის დავით ჟორჟოლიანმა ორ თითზე სიმძიმით აზიდვაში მორიგი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მან 51-კილოგრამიანი ზურგჩანთით, წოლბჯენში, მხოლოდ ცერა თითებზე ზედიზედ 14 აზიდვა შეასრულა. სარეკორდო ასპარეზობა მესტიაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა.

მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით, ღონისძიებას საქრთველოს რეკორდების ფედერაციის წარმომადგენლები დაესწრნენ და ადგილზე დააფიქსირეს ჟორჟოლიანის შედეგი. ფედერაციის პრეზიდენტის - დავით ბეგიაშვილის განცხადებით, ჟორჟოლიანის რეკორდს ანალოგი არ მოეპოვება:

"დავით ჟორჟოლიანი მსოფლიოში ერთადერთი ადამიანია, რომელსაც ორ თითზე აზიდვების შესრულება ამ წონის ტვირთით შეუძლია. გინესის მსოფლიო რეკორდების მიერ დადგენილი წესებით, დავითს ერთი წუთის განმავლობაში 45.3-კილოგრამიანი ტვირთით ორ თითზე 8 აზიდვა უნდა შეესრულებინა, თუმცა მისმა შედეგმა ყველა კრიტერიუმს მნიშვნელოვანი რაოდენობით გადააჭარბა."


"ამ შედეგის მისაღწევად რამდენიმეთვიანი ინტენსიური ვარჯიში დამჭირდა. ჯერჯერობით კონკურენტი არ მყავს, თუმცა ვაგრძელებ ვარჯიშს უფრო რთული რეკორდების დასამყარებლად" - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

შეგახსენებთ, რომ დავით ჟორჟოლიანისთვის ეს უკვე მეორე მსოფლიო რეკორდია. მისი სადებიუტო გამოსვლა 2013 წლის 19 ოქტომბერს, მარნეულში გაიმართა. მაშინ დავითმა 30-კილორგამიანი ზურგჩანთით ცერა თითებზე ზედიზედ 20 აზიდვის შესრულება მოახერხა და ამ შედეგით პირველი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. აგრეთვე, მეორე ადგილი დაიკავა მიმდინარე წლის 26 მარტს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გამართულ აზიდვების შეჯიბრზე.



ამ თემაზე:




23 May 2014

26 მაისს სვანეთში მსოფლიო რეკორდი დამყარდება

ორშაბათს, 26 მაისს, მსოფლიო რეკორდსმენი დავით ჟორჟოლიანი აზიდვებში მორიგი რეკორდის დამყარებას შეეცდება. ასპარეზობა მესტიაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიების ფარგლებში გაიმართება. რეკორდის ორგანიზატორია საქართველოს რეკორდების ფედერაცია, მხარდამჭერი – მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

დავით ჟორჟოლიანის მიზანი ამჯერად 50-კილოგრამიანი ტვირთით, ცერა თითებზე, ერთი წუთის განმავლობაში მაქსიმალური რაოდენობის აზიდვების შესრულებაა. გინესის მსოფლიო რეკორდების მიერ დაწესებული ნორმების თანახმად, ზემოთ აღნიშნულ მდგომარეობაში დავითმა მინიმუმ 8 აზიდვა უნდა შეასრულოს.


სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის, საქართველოს რეკორდების ფედერაცია მესტიაში მიავლენს მსაჯთა კომისიას, რომელიც საერთაშორისო წესების შესაბამისად წარმართავს რეკორდის დამყარების პროცესს და ადგილზე დააფიქსირებს სპორტსმენის წარმატებას.

დავით ჟორჟოლიანმა პირველი რეკორდი გასულ წელს დაამყარა: მარნეულში გამართულ ღონისძიებაზე მან ცერა თითებზე, 30–კილოგრამიანი ტვირთით ზედიზედ 20 აზიდვა შეასრულა და ამ შედეგით საერთაშორისო ორგანიზაციების აღიარება მოიპოვა. გარდა ამისა, მეორე ადგილი დაიკავა 26 მარტს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გამართულ აზიდვების შეჯიბრზე.


ამ თემაზე:



18 May 2014

17 წლის მოზარდმა SMS-რეკორდი მოხსნა

17 წლის ბრაზილიელმა მარსელ ფერნანდეს ფილჰომ მობილური ტელეფონის სენსორულ ეკრანზე მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS-ის) აკრეფაში გინესის რეკორდი დაამყარა. რეკორდსმენმა სმარტფონის კლავიატურაზე 25-სიტყვიანი მესიჯი 18.19 წამში უშეცდომოდ დაწერა.

ღონისძიება 25 აპრილს, ნიუ-იორკში გაიმართა. რეკორდის დასამყარებლად მარსელმა Samsung Galaxy S4-ის მოდელის ტელეფონი გამოიყენა, რომელზეც კომპანია Fleksy-ის კლავიატურის აპლიკაცია იყო დაინსტალირებული. გამოცემა USA TODAY-ს ინფორმაციით, სწორედ Fleksy-მ უზრუნველყო ბრაზილიელი მოზარდის გადაფრენა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რეკორდის დასამყარებლად.

სარეკორდო ტექსტის ნიმუში შემდეგნაირად გამოიყურებოდა:

"The razor-toothed piranhas of the genera Serrasalmus and Pygocentrus are the most ferocious freshwater fish in the world. In reality they seldom attack a human".

აღსანიშნავია, რომ ფილჰოს შედეგი ამ კატეგორიაში ერთადერთი მიღწევა არ ყოფილა: წინა რეკორდი 15 წლის გაურავ შარმას ეკუთვნოდა, რომელმაც ანალოგიური ტექსტის აკრეფას ვინდოუსის სისტემის მობილურ ტელეფონზე 18.44 წამი მოანდომა. შარმას რეკორდის მხარდამჭერი კომპანია მაიკროსოფტი იყო.



მასალა მომზადებულია USA TODAY–სა და CNET–ის მიხედვით

13 May 2014

მსოფლიოს უხუცესი მცხოვრები მამაკაცის ტიტული 111 წლის ნიუ–იორკელს მიენიჭა

111 წლის ნიუ–იორკელი ალექსანდერ იმიჩი გინესმა ამჟამად მცხოვრებ უხუცეს მამაკაცად დაასახელა. მანამდე ეს ტიტული იტალიელ არტურო ლიკატას ეკუთვნოდა, რომელიც 18 დღის წინ, 24 აპრილს გარდაიცვალა.

პარაფსიქოლოგი და ქიმიკოსი ალექსანდერ იმიჩი 1903 წლის 4 თებერვალს, პოლონეთში დაიბადა. 1951 წელს მეუღლესთან – ველასთან ერთად საბჭოთა კავშირიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდა და მანჰეტენზე დასახლდა, სადაც დღემდე ცხოვრობს. ველა 28 წლის უკან – 1986 წელს გარდაიცვალა.

გინესის მსოფლიო რეკორდების კონსულტანტმა გერონტოლოგიის დარგში – რობერტ იანგმა ახალი რეკორდსმენის გამოსავლენად მისი დაბადების ჩანაწერები, საემიგრაციო დოკუმენტები და უნივერსიტეტის საბუთები შეისწავლა.

„ალექსანდერ იმიჩის ისტორია სხვადასხვა საინტერესო ეტაპს მოიცავს. იგი ერთდროულად არის ამჟამად მცხოვრები ყველაზე ხნიერი ომის ვეტერანი და მსოფლიოს უხუცესი მამაკაცი, რომელიც დოქტორის ხარისხსაც ფლობს“ – განაცხადა იანგმა.

გინესის მსოფლიო რეკორდების მსაჯი – სტიუარტ კლექსტონი მსოფლიოს უხუცეს მამაკაცს სახლში ესტუმრა და მსოფლიო რეკორდის დამადასტურებელი ოფიციალური სერტიფიკატი გადასცა.


მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი დღეგრძელობით თვითონაც გაკვირვებულია, ალექსანდერი მისი ხანგრძლივი სიცოცხლის მიზეზად კარგ გენებს, ზომიერ კვებასა და ცხოვრების ჯანსაღ წესს ასახელებს. პარაფსიქოლოგიისადმი განსაკუთრებული ინტერესი და მიდრეკილება დაეხმარა ცხოვრების დევიზის ჩამოყალიბებაში: „ყოველთვის აკეთე ის, რაც გიყვარს და გაინტერესებს“.

ყველზე ასაკოვანი მცხოვრები მამაკაცის წოდება იმიჩამდე იტალიელ არტურო ლიკატას ეკუთვნოდა, რომელიც 24 აპრილს გარდაიცვალა. მისი ასაკი 111 წელიწადსა და 357 დღეს შეადგენდა.

ამჟამად, გინესის მსოფლიო რეკორდების მიხედვით, მსოფლიოს უხუცესი მაცხოვრებელი 116 წლის ქალბატონი მისაო ოკავაა. იგი 1898 წელს დაიბადა და ოსაკაში (იაპონია) ცხოვრობს.

ყველაზე ხანგრძლივი სიცოცხლის რეკორდი კი, რომელიც ოფიციალურადაა დადასტურებული, ფრანგ ქალბატონს – ჟანი ლუის კალმენტს ეკუთვნის – იგი 122 წლისა და 164 დღის ასაკში გარდაიცვალა.

მომზადებულია გინესის მსოფლიო რეკორდების მიხედვით

ამ თემაზე: