13 May 2014

მსოფლიოს უხუცესი მცხოვრები მამაკაცის ტიტული 111 წლის ნიუ–იორკელს მიენიჭა

111 წლის ნიუ–იორკელი ალექსანდერ იმიჩი გინესმა ამჟამად მცხოვრებ უხუცეს მამაკაცად დაასახელა. მანამდე ეს ტიტული იტალიელ არტურო ლიკატას ეკუთვნოდა, რომელიც 18 დღის წინ, 24 აპრილს გარდაიცვალა.

პარაფსიქოლოგი და ქიმიკოსი ალექსანდერ იმიჩი 1903 წლის 4 თებერვალს, პოლონეთში დაიბადა. 1951 წელს მეუღლესთან – ველასთან ერთად საბჭოთა კავშირიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდა და მანჰეტენზე დასახლდა, სადაც დღემდე ცხოვრობს. ველა 28 წლის უკან – 1986 წელს გარდაიცვალა.

გინესის მსოფლიო რეკორდების კონსულტანტმა გერონტოლოგიის დარგში – რობერტ იანგმა ახალი რეკორდსმენის გამოსავლენად მისი დაბადების ჩანაწერები, საემიგრაციო დოკუმენტები და უნივერსიტეტის საბუთები შეისწავლა.

„ალექსანდერ იმიჩის ისტორია სხვადასხვა საინტერესო ეტაპს მოიცავს. იგი ერთდროულად არის ამჟამად მცხოვრები ყველაზე ხნიერი ომის ვეტერანი და მსოფლიოს უხუცესი მამაკაცი, რომელიც დოქტორის ხარისხსაც ფლობს“ – განაცხადა იანგმა.

გინესის მსოფლიო რეკორდების მსაჯი – სტიუარტ კლექსტონი მსოფლიოს უხუცეს მამაკაცს სახლში ესტუმრა და მსოფლიო რეკორდის დამადასტურებელი ოფიციალური სერტიფიკატი გადასცა.


მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი დღეგრძელობით თვითონაც გაკვირვებულია, ალექსანდერი მისი ხანგრძლივი სიცოცხლის მიზეზად კარგ გენებს, ზომიერ კვებასა და ცხოვრების ჯანსაღ წესს ასახელებს. პარაფსიქოლოგიისადმი განსაკუთრებული ინტერესი და მიდრეკილება დაეხმარა ცხოვრების დევიზის ჩამოყალიბებაში: „ყოველთვის აკეთე ის, რაც გიყვარს და გაინტერესებს“.

ყველზე ასაკოვანი მცხოვრები მამაკაცის წოდება იმიჩამდე იტალიელ არტურო ლიკატას ეკუთვნოდა, რომელიც 24 აპრილს გარდაიცვალა. მისი ასაკი 111 წელიწადსა და 357 დღეს შეადგენდა.

ამჟამად, გინესის მსოფლიო რეკორდების მიხედვით, მსოფლიოს უხუცესი მაცხოვრებელი 116 წლის ქალბატონი მისაო ოკავაა. იგი 1898 წელს დაიბადა და ოსაკაში (იაპონია) ცხოვრობს.

ყველაზე ხანგრძლივი სიცოცხლის რეკორდი კი, რომელიც ოფიციალურადაა დადასტურებული, ფრანგ ქალბატონს – ჟანი ლუის კალმენტს ეკუთვნის – იგი 122 წლისა და 164 დღის ასაკში გარდაიცვალა.

მომზადებულია გინესის მსოფლიო რეკორდების მიხედვით

ამ თემაზე:




loading...