29 May 2014

დავით ჟორჟოლიანმა ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ქართველმა რეკორდსმენმა, 23 წლის დავით ჟორჟოლიანმა ორ თითზე სიმძიმით აზიდვაში მორიგი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მან 51-კილოგრამიანი ზურგჩანთით, წოლბჯენში, მხოლოდ ცერა თითებზე ზედიზედ 14 აზიდვა შეასრულა. სარეკორდო ასპარეზობა მესტიაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა.

მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით, ღონისძიებას საქრთველოს რეკორდების ფედერაციის წარმომადგენლები დაესწრნენ და ადგილზე დააფიქსირეს ჟორჟოლიანის შედეგი. ფედერაციის პრეზიდენტის - დავით ბეგიაშვილის განცხადებით, ჟორჟოლიანის რეკორდს ანალოგი არ მოეპოვება:

"დავით ჟორჟოლიანი მსოფლიოში ერთადერთი ადამიანია, რომელსაც ორ თითზე აზიდვების შესრულება ამ წონის ტვირთით შეუძლია. გინესის მსოფლიო რეკორდების მიერ დადგენილი წესებით, დავითს ერთი წუთის განმავლობაში 45.3-კილოგრამიანი ტვირთით ორ თითზე 8 აზიდვა უნდა შეესრულებინა, თუმცა მისმა შედეგმა ყველა კრიტერიუმს მნიშვნელოვანი რაოდენობით გადააჭარბა."


"ამ შედეგის მისაღწევად რამდენიმეთვიანი ინტენსიური ვარჯიში დამჭირდა. ჯერჯერობით კონკურენტი არ მყავს, თუმცა ვაგრძელებ ვარჯიშს უფრო რთული რეკორდების დასამყარებლად" - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

შეგახსენებთ, რომ დავით ჟორჟოლიანისთვის ეს უკვე მეორე მსოფლიო რეკორდია. მისი სადებიუტო გამოსვლა 2013 წლის 19 ოქტომბერს, მარნეულში გაიმართა. მაშინ დავითმა 30-კილორგამიანი ზურგჩანთით ცერა თითებზე ზედიზედ 20 აზიდვის შესრულება მოახერხა და ამ შედეგით პირველი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. აგრეთვე, მეორე ადგილი დაიკავა მიმდინარე წლის 26 მარტს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გამართულ აზიდვების შეჯიბრზე.



ამ თემაზე:




loading...